სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერგიანი.

მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი (დ. 23 ან 25 მარტი, 1932, მესტია — გ. 4 ივლისი, 1969, მწვერვალი ჩიმა-სუ-ალტო, იტალია) — ქართველი ალპინისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრ კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967). მეტსახელად „კლდის ვეფხვი“.

მიხეილ ხერგიანი
მშობლიური სახელი მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1932
მესტია
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1969 (37 წლის)
იტალია
დაკრძალულია მესტია
ეროვნება ქართველი
პროფესია ალპინისტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ხერგიანი 1932 წლის 23 (ზოგი წყაროთი 25) მარტს დაიბადა, სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის სახლში, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო.[1] ნათლობისას მას სახელი ჩხუმლიანი დაერქვა. თავად ხერგიანი კი საკუთარ სახელზე შემდეგს ამბობდა:

 
„...სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის პატივსაცემად დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი, ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელი რუსულია — მიხეილი. მიშა, მიხეილი — ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში, ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ.“

მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის ამბებს ისმენდა. დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ინსტრუქტორების საკავშირო სკოლას ამთავრებს. ერთი წლის შემდეგ პრიელბრუსიეში, ადირ-სუს ხეობაში მდებარე ალპინისტურ ბანაკ „მეტალურგში“ ინსტრუქტორად იწყებს მუშაობას. 1956 წლიდან მიხეილი — შხელდას ხეობაში ალპინისტური ბანაკ „სპარტაკის“ სამაშველო რაზმის უფროსია. 1952 წელს ქართველმა სპორტსმენმა ალპინიზმის მეორე თანრიგის ნორმები შეასრულა და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი გახდა, 1956 წელს ტიუტიუ-ბაშის ჩრდილოეთ კედლის პირველი დაპყრობისათვის სსრკ-ის სპორტის ოსტატის და ჩემპიონის წოდება დაიმსახურა.

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის. 1964 წელს ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ინგლისის დედოფალმა ელისაბედ II-მ „კლდის ვეფხვად“ მოიხსენია, რაც შემდგომში მთამსვლელს მეტსახელად დარჩა.[2]

1969 წლის ზაფხულში მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალების დასალაშქრად. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. იგი ჯგუფს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელი ქვების ცვენამ მისი თოკი გადაჭრა და მთასვლელი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა.

ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად:

  • 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი
  • 1971 წლიდან კლდეზე ცოცვაში დაწესებულია ხერგიანის პრიზი.
  • 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში)
  • ხერგიანის სახელი ეწოდა:
    • 1969 წელს პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს
    • მწვერვალს კავკასიონზე
    • ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში
    • კლდეს იაილის მასივზე ყირიმში
    • ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილს“
    • საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში
    • 1987 წელს მცირე პლანეტას (3234) ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე, მისი აღმომჩენის, საბჭოთა ასტრონომის ნიკოლაი ჩერნიხის წინადადებით[3]
  • მიხეილ ხერგიანს მიუძღვნეს ვლადიმერ ვისოცკიმ სიმღერა „მწვერვალისკენ“, ევგენი ევტუშენკომ და იური ვიზბორმა ლექსები
  • განთავსებულია მემორიალური დაფები ალპინისტურ ბანაკში „შხელდა“, იალტასთან ახლოს მთაზე, მთაზე სოფელ ნიკიტასთან (ყირიმი), სუ-ალტოს მწვერვალზე
  • 2011 წლის ოქტომბერში მესტიაში კლდეზე ცოცვაში მიხეილ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა[4]
  • სუ ალტოს კლდის ფონზე იტალიელმა ალპინისტებმა დადგეს მიხეილ ხერგიანის ძეგლი[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოზალიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 470.
  • მიხეილ ხერგიანი, თბ., 1973;
  • ბურლაკოვი ი., მთის რაინდი, თარგმ. რუსულიდან, თბ., 1981;
  • გოზალიშვილი დ., მიხეილ ხერგიანი, თბ., 1982;
  • დავითიშვილი ა., მთის ლეგენდა, თბ., 1969;
  • ხერგიანი მ., კლდის ვეფხვი, თბ., 1975;
  • Бурлаков Ю. Б., Восходитель, М., 1979;
  • Кузнецов А., Горы и люди, М., 1970;

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბესარიონ ხერგიანი // „ლელო“, 22 იანვარი, 1978, № 16 (6081), გვ. 4.
  2. დანელია, ვაჟა. რატომ უწოდა ინგლისის დედოფალმა მიხეილ ხერგიანს კლდის ვეფხვი ka. Lelo.Ge (2019-02-12). ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2024
  3. Named in memory of Mikhail Vissarionovich Hergiani (3234)
  4. 28-30 ოქტომბერს მესტია მიხეილ ხერგიანის მემორიალს მასპინძლობს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 19.10.2011.
  5. Приключения в Италии