გაგრა
გაგრა[3][4] (აფხ. Гагра[5] [გაგრა]) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გაგრა აფხ. Гагра | |||
გაგრის სანაპირო | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 43°17′00″ ჩ. გ. 40°16′00″ ა. გ. / 43.28333° ჩ. გ. 40.26667° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | 1308 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1932 | ||
ოფიციალური ენა | ქართული, აფხაზური | ||
მოსახლეობა | 11 959 კაცი (2021) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +995 443[1] | ||
საფოსტო ინდექსი | 6700[2] | ||
ოფიციალური საიტი | http://gagra-city.com | ||
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე, გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 7-50 მეტრზე, სოხუმიდან 80 კმ.
გაგრა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,1 °C, იანვრისა – 6,2 °C, აგვისტოსი – 23 °C. ნალექები 1340 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1830 სთ წელიწადში. ზღვის წყლის ტემპერატურა ზაფხულში 22-26 °C.
სამკურნალო ფაქტორებია სუბტროპიკული ჰავა, ზღვა და პლაჟი. მკურნალობის ძირითადი მეთოდია ბალნეო და კლიმატოთერაპია.
ისტორია
რედაქტირებაგაგრის ტერიტორიაზ ადამიანი ცხოვრობდა ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში. გვიანანტიკურ ხანაში ააგეს ციხე, რომელიც ბევრჯერ იქნა გადაკეთებული. გაგრაში იყო ბერძნული კოლონია სახელად ტრიგლიტი (Triglite) და მასში ბერძნები და კოლხები სახლობდნენ. ძვ. წ. I საუკუნეში ის პონტოს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა, სანამ მას რომის იმპერია დაიქვემდებარებდა. ამ უკანასკნელმა ქალაქს ნიტიკა (Nitica) დაარქვა. მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო რომაელებმა ქალაქს ფორტიფიკაციები აუშენეს, რომელსაც გამუდმებით თავს ესხმოდნენ გოთები და სხვა მთიელი ხალხები. რომის დაცემის შემდეგ, მისი მემკვიდრე, ბიზანტიის იმპერია, იღებს ქალაქის მართვის სადავეებს. IX საუკუნიდან გაგრა აფხაზთა სამეფომ შეიერთა.
პირველად იხსენიება 1308 წლის რუკაზე „გაგარის“ ფორმით, რაც ძველ ქართულში „ხეობაში ვიწრო გასასვლელს“ ნიშნავდა. იტალიელი პიეტრო ვისკონტის ეს რუკა ამჟამად ვენეციის სან-მარკოს ბიბლიოთეკაში ინახება. ძველად აქ, ზღვის პირას, გზა გადიოდა, რომელიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს საქართველოსთან და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებდა. XIV-XV სს. იტალიურ და კატალონიურ რუკებზე აღნიშნულია Cacary//Chachari//Cacar//Chatari ფორმით. შუა საუკუნეების წყაროებში გაგრა მოხსენიებულია სხვა სახელწოდებებითაც — ვენეციური „კონტეზი“ (ნავსადგური), სპარსული „დერბენტი“ (ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის რკინის კარიბჭე). ამ პერიოდში ის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ხდება და აქ გენუელი და ვენეციელი ვაჭრები მძლავრობენ. ქალაქის მთავარი ექსპორტი შალი, თაფლი, ცვილი და მონები იყო. გენუელებმა ადგილას, სადაც ამჟამად სოფელი ალახაძეა, დააარსეს ფაქტორია „სანტა-სოფია“, ხოლო ბიჭვინთის კონცხზე — „პიცუნდო“. XIV საუკუნეში გაგრაში გაძლიერდა ებრაული თემი. ამ დროს გაგრაში ცხოვრობდა სწავლული ფილოლოგი რაბინი იეჰუდა ბენ იაკობი, რომელიც იყო გადამწერი ებრაული გრამატიკისა, რომელსაც ყარაიმული გრამატიკული სკოლის გავლენა ეტყობა.[6]
XVI საუკუნეში გენუელები და ვენეციელები შავი ზღვის სანაპიროდან ოსმალეთის იმპერიამ განდევნა. გენუელების ციხე-ქალაქები ოსმალებმა დაიკავეს. გაგრაში მონებით ვაჭრობა კვლავინდებურად ყვაოდა. 1641 წელს აქ იმგზავრა ევლია ჩელებმა, რომელიც გაგრას „კა-კურის“ ნავსადგურს უწოდებს, იქ კი, სადაც ამჟამად ახალი გაგრაა, მისი სიტყვებით სოფელი „ჰაკე“ იყო (სოფელი გაგრიფში). XVIII საუკუნეში გაგრა დაკნინებას იწყებს. ნავსადგური ვაჭრებმა დატოვეს და მათი ადგილი მეკობრეებმა დაიკავეს. ხშირი იყო შეტაკებები აბაზგებისა და საძების ტომებს შორის.
რუსეთის იმპერიაში
რედაქტირება1801 წელს აფხაზეთის მთავრის თხოვნით სოხუმის ციხესიმაგრე რუსულმა ფლოტმა დაიკავა. დიდი აფხაზეთი (ენგურიდან ბზიფამდე) ოფიციალურად რუსეთის ნაწილი გახდა. მის მთავრად საფარ-ბეი შერვაშიძე (ჩაჩბა) დაინიშნა, თუმცა მცირე აფხაზეთმა (ბზიფიდან ხოსტამდე), რომლის ნაწილი გაგრაც იყო, საფარ-ბეი არ აღიარა და ის კიდევ 20 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი რჩებოდა. 1830 წელს გაგრა დაიკავა რუსეთის იმპერიამ, აღადგინა ციხე და იქ გარნიზონი ჩააყენა.
ამ პერიოდში გაგრა კლიმატურად არასახარბიელი პირობებში იყო. ციხე-ქალაქს გარს ჭაობი ერტყა, რომელიც მალარიის წყარო იყო. ციებ-ცხელების გამო აქ დაბანაკებული 650 კაციანი რუსული გარნიზონიდან სამ წელიწადში მხოლოდ 100 კაცი იყო ცოცხალი. გენერალი ნ. მურავიოვის თაოსნობით გაგრის გარშემო ჭაობის დაშრობა და ტყის გაჩეხვა დაიწყეს (1841). თუმცა ყირიმის ომის პერიოდში გარნიზონს ფრანგული ესკადრონი დაემუქრა და 1855 წლის გაზაფხულზე გარნიზონმა ციხესიმაგრე ააფეთქა.
ყირიმის ომის დასრულების შემდეგ რუსები ისევ დაბრუნდნენ და ციხესიმაგრე აღადგინეს. აქ აშენდა სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ავადმყოფები ფოთიდან, ბიჭვინთიდან და სოხუმიდან მოჰყავდათ.
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან გაშენდა და გამწვანდა ბულვარი, მის გარშემო გაჩნდა სოფლები, თუმცა მოსახლეობა ჯერ არ იყო მრავალრიცხოვანი. 1866 წლის მონაცემებით აქ 336 მამაკაცი და 280 ქალი ცხოვრობდა.
1869 წლიდან დაინიშნა ყოველდღიური რეისი თბომავლით სოხუმიდან ადლერში გაგრის გავლით. გაგრაში ჩამოდიან ვაჭრები, საქმოსნები და ტურისტები კავკასიის სხვა რეგიონებიდან, რუსეთიდან და დასავლეთ ევროპიდან.
1877-78 წლების ომის პერიოდში გაგრა ოსმალებმა დაიკავეს. ქალაქი ააოხრეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა თურქეთში გადაასახლეს. შედეგად, 80-იანი წლებისთვის ის, როგორც უმნიშვნელო დასახლება მოიხსენიება.
XIX საუკუნის ბოლოს ეს ადგილი მოინახულა რუსეთის მეფის ნათესავმა პრინცმა ოლდენბურგმა. ადგილობრივმა მეტყევე ა. როდიჩევმა ის დაარწმუნა აქ კურორტის გაშენების მიზანშეწონილობაში. პრინცს ამ წამოწყებაში გენერალი შერვაშიძე (ჩაჩბა) ეხმარება. მეფის თანხმობისა და ფულადი სახსრების გამოყოფბის შემდეგ მშენებლობა დაიწყო. სახსრების დიდი ნაწილი პრინცის სასახლის აშენებაზე დაიხარჯა. საათიანი სასტუმრო (ამჟამად „გაგრიფში“) დაშლილი სახით ნორვეგიიდან ჩამოიტანეს, რესტორანი კი — ვენიდან. სანაპიროზე პარკი გაშენდა, სადაც მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხე დარგეს.
1901 წელს გაიხსნა გაგრის კლიმატოლოგიური სადგური. ამით დაიწყო გაგრის, როგორს კურორტის განვითარება. გაგრას დამსვენებელთა დიდი ტალღა XX საუკუნის დასაწყისიდან მოაწყდა. 1911 წელს მას უკვე ელიტარული კურორტის სტატუსი ჰქონდა და აქ უკვე გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ.
1904 წლის 25 დეკემბერს პრინც ა. ოლდენბურგის მოთხოვნით გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში გადავიდა[7], რის შედეგადაც სოჭისა და სოხუმის ოკრუგებს შორის საზღვარმა ბზიფის აღმოსავლეთ წყალგამყოფ ქედზე გადაინაცვლა.
საბჭოთა წყობილება
რედაქტირება1921 წლის 21 თებერვალს გაგრა დაიკავა წითელმა არმიამ. ლენინის სპეციალური დეკრეტით გაგრა საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამკურნალო ცენტრი გახდა. ქალაქში გაიხსნა მალარიის საწინააღმდეგო ცენტრი. 1932 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. 1930-იანი წლებიდან გაგრა მთელი წლის კურორტი გახდა. აშენდა მეტეოროლოგიური სადგური. დაიწყო სანატორიუმების აგება, ქუჩების კეთილმოწყობა. 1921-41 წლებში აფხაზეთის კურორტების კეთილმოწყობაზე სულ 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგრა ფრონტისპირა ქალაქი გახდა და ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა. ომის შემდეგ კურორტის სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა. 1970-იან წლებში აშენდა ერთ-ერთ უდიდესი სანატორიუმი „კავკასიონი“ აშენებით. ამ პერიოდში ახალ გაგრაში თერმულ-მინერალური წყალი აღმოაჩინეს და ბალნეოლოგიური კომპლექსი გახსნეს. მოქმედებდა ხორცის, ღვინის, რძის, უალკოჰოლო სასმელების, თევზის ქარხნები. მოქმედებდა 10 სანატორიუმი, 14 პანსიონატი, საავადმყოფო და პოლიკლინიკა. გაშენდა ზღვისპირა პლაჟი 14 კმ²-ზე.
პოსტსაბჭოთა პერიოდი
რედაქტირება1992 წლის 2 ოქტომბრიდან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 24 061 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926 [8] | 3 659 | ||
1939 [8] | 9 808 | ||
1959 [8] | 14 023 | ||
1970 [8] | 23 025 | ||
1979 [8] | 24 409 | ||
1989 წ. აღწ. | 26 636 | -- | -- |
2003 [8] | 10 717 | ||
2021 [8] | 11 959 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებაგაგრაში შემორჩენილი იყო ადრინდელი ფეოდალური ქალაქის ციხის ზღუდე, გეგმით სწორკუთხედი. ზღუდე რეკონსტრუირებულ იყო XIX საუკუნეში. ძველი ზღუდის ფრაგმენტები და ჭიშკარი მოქცეული იყო გვიანდელ გადაკეთებათა ქვეშ. ციხის ტერიტორიაზე დგას გაგრის ეკლესია. ტესაა ლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით ნაგები VI-VII საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, აღდგენილი XIX საუკუნეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაშხია შ., უშვერიძე გ., ბერაძე თ., ზაქარაია პ., ბაგრატიონი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 528-529.
- ლაშხია შ., უშვერიძე გ., ბერაძე თ., რჩეულიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 612.
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ „საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, გვ. 28, თბ. 1987
- ↑ „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, გვ. 41, თბ. 2009
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 174-175
- ↑ „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 99, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIV, ბრძ. 25568, გვ. 1233-1234
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org