ლევან ჯიქია (დ. 26 დეკემბერი, 1980, წალენჯიხის რაიონი, სოფელი ეწერი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი.

ლევან ჯიქია
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1980 (1980-12-26) (43 წლის)
წალენჯიხის რაიონი, სოფელი ეწერი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან ჯიქია დაიბადა 1980 წლის 26 დეკემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 2001-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში ისტორიის სპეციალობაზე; 2005-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით; 2009-2012 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით; 2012 წლის 8 ოქტომბერს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“.

2002-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის გაზეთ „ორიონის“ კორექტორად და კორესპონდენტად; 2009 წლიდან დღემდე მუშაობს ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსწორებლად ისტორიაში; 2012 წლიდან დღემდე მუშაობს მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდების გამსწორებლად ისტორიაში; 2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში; 2012 წლის სექტემბრიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნად; 2012 წლის სექტემბრიდან დღემდე მუშაობს ქართულ უნივერსიტეტში მოწვეულ სპეციალისტად (საგნებში: საქართველოს უახლესი ისტორია; საქართველო და გარე სამყარო); 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს საგანმანათლებლო პროგრამაზე: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შემსწავლელი ინტენსიური კურსები“, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი; 2016 წლის თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე, 2018 წლის 3 თებერვლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი.

შრომების ჩამონათვალი

რედაქტირება
  • 1924 წლის აჯანყება საქართველოს რეგიონებში (სამეგრელო). გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2009;
  • 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2011;
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012;
  • ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და ფერეიდანი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებში. დოკუმენტები და მასალები (1944-1951). გამოსაცემად მოამზადეს: პროფესორმა ვახტანგ გურულმა და დოქტორანტმა ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012.
  • ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხი 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში. გამომცემლობა ”მერიდიანი”, თბილისი, 2013
  • საქართველოს საზღვრები. 1917-1938. ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014.
  • 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში. ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები. გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, 2015
  • საქართველოს ისტორიული ტერიტორია რუსეთ-ოსმალეთის (თურქეთის) ომებსა და ზავებში (1695-1953). გამოსაცემად მოამზადეს: პროფესორმა ვახტანგ გურულმა და პროფესორმა ლევან ჯიქიამ. თბილისი 2015
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები. თბილისი, 2015 (თანაავტორები: სერგო ვარდოსანიძე, ვახტანგ გურული, კობა ხარაძე, მაკა კვარაცხელია)
  • 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება სენაკის მაზრაში. ნარკვევი, დოკუმენტები და მასალები. გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი 2017.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება