რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (დ. 28 სექტემბერი, 1880, სოჩხეთი ― გ. 1965, პარიზი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

რაჟდენ არსენიძე
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1880(1880-09-28)
დაბადების ადგილი სოჩხეთი
გარდაცვალების თარიღი 24 მაისი, 1965(1965-05-24) (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება დერპტის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 6-7 წლისამ დაიწყო საშინაო განათლების მიღება. ორი წლის განმავლობაში სოფლის სამრევლო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, მასწავლებლის რჩევით, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლიდან სტიპენდიით განაგრძო სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის დროს დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატიულ წრეებს. სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წელს, სწავლის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და გარიცხეს სასწავლებლიდან. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაინტერესდა სოციალ-დემოკრატიული იდეებით.

1902 წელს გადასახლდა თბილისში და მუშაობდა რსდმპ-ის თბილისის ორგანიზაციასა და გაზეთ „კვალის“ რედაქციაში. ერთი წლის შემდეგ გამოუცხადეს ადმინისტრაციული გადასახლება ტაშკენტში. არსენიძე დაიმალა ბათუმში და იატაკქვეშ ცხოვრობდა სხვადასხვა გვარით. 1904 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1905 წელს არსენიძე იყო რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე. 1906 და 1910 წლებში ორჯერ გაასამართლეს. გასამართლებებს შორის 1908-1912 წლებში მოახერხა იურიდიული ფაკულტეტის დასრულება. სწავლის დასრულების შემდეგ ჩაეწერა ქუთაისის ვექილთა სასამართლოს თანაშემწედ. 1913 წლის 29 აპრილს დააპატიმრეს. ჯერ სანქტ-პეტერბურგის ციხეში იჯდა, ხოლო შემდეგ 5 წლით გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს წევრი. 1917 წლის ნოემბერში გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, პარტიული გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებაში. 1919 წლიდან არჩეული იყო დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იყო საკონსტიტუციო და იურიდიული კომისიების თავმჯდომარე. 1919 წლიდან ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში.

საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში, ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1921-1923 წლებში ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც იყო ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ რედაქტორი. 1923 წლიდან გადასახლდა საფრანგეთში. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] 1925 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალებს „ბრძოლას“ და „სოციალისტურ აზრს“. 1949 წელს თანამშრომლობდა ჟურნალ „ჩვენს დროშასთან“, 1951 წლიდან „მებრძოლ საქართველოსთან“. 1953-1962 წლებში იყო რადიო „თავისუფლების“ ქართული სექციის რედაქტორი. ემიგრაციაში იკვლევდა ქართული სამართლის ისტორიას. 1963 წელს პარიზში გამოსცა ნაშრომი „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 586.
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ. I გვ. 203 - თბილისი, 2018
  • დაუშვილი რ., კალანდაძე გ., კობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ., „ქართველები უცხოეთში“ წ. 1 გვ. 21-23 - თბილისი, 2012
  • შარაძე გ., „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“. ტ. 7. გვ. 348–355 – თბილისი, 2005

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება