თბილისის სასულიერო სემინარია

ეს სტატია რუსეთის იმპერიის დროინდელ დაწესებულებას ეხება. თანამედროვე სასწავლებლის შესახებ იხილეთ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია.

თბილისის სასულიერო სემინარია — სასულიერო სასწავლებელი თბილისში 1817-1917 წლებში.

თბილისის სასულიერო სემინარია, XIX ს ბოლო პერიოდი

სემინარია გაიხსნა 1817 წლის 1 ოქტომბერს, ახლანდელი ხელოვნების მუზეუმის შენობაში. შედგებოდა რიტორიკის ორი კლასისაგან; 1823 წელს მიემატა ფილოსოფია, ხოლო 1827 - ღვთისმეტყველების კლასები. რიტორიკის კლასებში სწავლობდნენ რუსულ ენასა და ლიტერატურას, რუსეთის და მსოფლიო ისტორიას, რიტორიკას; ფილოსოფიის კლასში - ფილოსოფიას, ლოგიკას, მათემატიკას, ფიზიკასა და ბუნებისმეტყველებას; ღვთისმეტყველების კლასში - ეკლესიის ისტორიას, ძველ სლავურ ენას. სწავლების ექვსივე წელს სწავლობდნენ ლათინურ, ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ ენებსა და პედაგოგიკას. კურსდამტავრებულებს შეეძლოთ ემუშავათ სოფლის სამრევლო და საერო სკოლების მასწავლებლად ან გაეგრძელებინათ სწავლა სასულიერო აკადემიასა და უნივერსიტეტში. თბილისის სასულიერო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ პ. იოსელიანი, გაბრიელ ქიქოძე, დ. ბაქრაძე, ვ. პეტრიაშვილი, თ. ჟორდანია, ი. გოგებაშვილი, დ. ჭონქაძე, ლ. არდაზიანი, ს. მგალობლიშვილი, მ. ჯანაშვილი და სხვა.

სემინარიაში სულისშემხუთავი, იეზუიტური რეჟიმი იყო დამკვიდრებული. ურთიერთდასმენა, ჯაშუშობა, დასჯის დამამცირებელი მეთოდები მოსწავლე ახალგაზრდობას არსებული წყობილების წინააღმდეგ განაწყობდა. 1886 წელს მოსწავლე ი. ლაღიაშვილმა ხანჯლით განგმირა რეაქციონერი რექტორი პავლე ჩუდეცკი, რომელსაც მანამდეც რამდენიმეჯერ სცემეს. მოსწავლეები უშვებდნენ საიდუმლო ხელნაწერ გაზეთს, პროკლამაციებს ა. შ. სემინარია საქართველოში ახალგაზრდობის რევოლუციური მოძრაობის ცენტრად იქცა.

1893 წლის დეკემბერში ლ. კეცხოველის, მ. ცხაკაიასდა და ა. წულუკიძის მეთაურობით მოეწყო სემინარიელთა დიდი საპროტესტო დემონსტრაცია. მოსწავლეები მოითხოვდნენ სემინარიაში გამეფებული რეჟიმის აღკვეთას, ქართული ენის სწავლების აღდგენას, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დაარსებას, კლასგარეშე ლიტერატურის თავისუფლად არცევის უფლებას, შოვინისტი და დესპოტი მასწავლებლების დათხოვნას და სხვა. ჟანდარმერიამ დემონსტრაცია დაშალა. სემინარია დროებით დახურეს, 67 მოსწავლე სასწავლებლიდან გარიცხეს. არაერთგზის დაისვა სემინარიის ჩრდილოეთ კავკასიაში (სტავროპოლი, ეკატერინოდარი) გადატანის საკითხი, მაგრამ 1917 წლამდე (დახურვამდე) იგი თბილისში დარჩა.

 

შენობა, რომელშიც სემინარია იყო განთავსებული 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ბერნარდოცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. თავდაპირველად შენობაში სასტუმრო იყო განთავსებული. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერო სემინარია განათავსა.

1905 წლამდე სემინარია ამ შენობაში მდებარეობდა შემდეგ სემინარია გადაიტანეს ვაკეში (შემდგომში მე-9 საავადმყოფოს შენობა). მიუხედავად ამისა, 1917 წლის რევოლუციამდე პუშკინის 4 ნომერში მდებარე შენობა რუსული სასულიერო უწყების განკარგულებაში რჩებოდა.

1921 წელს ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასი“ განთავსდა. 1950 წელს შენობაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც იქ ბინა დაიდო საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება