იაკობ ზუბალაშვილი

ქართველი მრეწველი, კომერსანტი, ნოვატორი, მშენებელი, მეცენატი

იაკობ ზუბალაშვილი (დ. 1792, თბილისი — გ. 1864, თბილისი) — ქართველი მრეწველი, კომერსანტი, ნოვატორი, მშენებელი, მეცენატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

დაწყებითი განათლება თბილისის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ სკოლაში მიიღო. დაეუფლა ფრანგულ და ლათინურ ენებს, შემდეგ შეისწავლა რუსული, სომხური და თურქული ენებიც. 1803 წელს იაკობი თბილისში გახსნილ კეთილშობილთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა (1830 წ.). მთავარმართებელ პავლე ციციანოვის გეგმით, სასწავლებლის კურსდამთავრებულები უმაღლესი განათლების მისაღებად, სახელმწიფოს ხარჯზე, მოსკოვის უნივერსიტეტში უნდა გაეგზავნათ, მაგრამ ეს გეგმა არ განხორციელებულა. იაკობს უნივერსიტეტში აღარსად უსწავლია, თუმცა ევროპაში ყოფნისას შეძლო ზოგადი განათლების ამაღლება და ცოდნა უცხო ენებშიც გაიღრმავა.

სამრეწველო და კომერციული საქმიანობა

რედაქტირება

იაკობ ზუბალაშვილის სამრეწველო კარიერა ქუთაისში დაიწყო, სადაც არყის ქარხანა გახსნა. აქ იგი გლეხებისაგან ყურძნის ჭაჭას იძენდა, მისგან არაყს ამზადებდა და სასმელს რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებს აწვდიდა. ჯარისათვის „ვოდკა“ მანამდე რუსეთიდან შემოჰქონდათ, კავკასიის ადმინისტრაციას ადგილობრივ დამზადებული სასმელის შეძენა გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, ამიტომ იაკობმა ნებართვა ადვილად მოიპოვა და თავის ძმასთან გიორგი ზუბალაშვილთან ერთად წარმოებას შეუდგა. ეს ქარხანა სპირტიანი სასმელის პირველი ოფიციალური საწარმო იყო, რომელშიც წლიურად 8000 სათლი არაყი მზადდებოდა გასაყიდად. ცხადია, მეწარმე მოგებას იღებდა, მაგრამ მოგებული დარჩა იმერეთის გლეხობაც, რომელიც მანამდე ჭაჭას ნაკლებად იყენებდა, ახლა კი ზუბალაშვილის ქარხნის მაგალითზე, არყის საოჯახო (შინაწარმოება) განავითარა და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინა. იაკობ ზუბალაშვილის შემდეგ არყის ცნობილი მწარმოებელი გახდნენ: გიორგი ბოლქვაძე იმერეთში, ფორაქიშვილები, მირზაშვილები ქართლში და ბოლოს დავით სარაჯიშვილი, რომელმაც ეს საქმიანობა დახვეწა და უფრო მასშტაბურიც გახადა. იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველოში არყის წარმოება გაფართოვდა, იაკობ ზუბალაშვილმა ქუთაისის ქარხანა დახურა, მაგრამ ამ ბიზნესზე საერთოდ ხელი არ აუღია. მეწარმემ თბილისში გადმოინაცვლა და 1838 წელს ახალი პარტნიორის, ვატმანის თანამონაწილეობით, დიდუბეში, გერმანელთა დასახლების მახლობლად, მოზრდილი ქარხანა დააფუძნა. პარალელურად, იაკობმა თბილისში ჩამოაყალიბა სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა, რომელიც ერთ-ერთი პირველი და სამაგალითო ყოფილა მთელ საქართველოში.იაკობის კომპანიონები იყვნენ ვაჭრები ენიბეკოვი, თამამშევი, ტერ-გუკასოვი, ლორის-მელიქოვი და სხვები. იაკობ ზუბალაშვილმა სათავე დაუდო ადგილობრივ მცხოვრებთაგან ხორბლისა და ფქვილის შესყიდვას, რამაც ქართლისა და კახეთის გლეხობას მოტივაცია გაუჩინა, შეძლებისდაგვარად, გაეფართოებინათ ხორბლის, ქერისა თუ შვრიის ნათესები. ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესი იყო, რადგან მასში იაკობის გარდა, მისი მამა და ერთი ძმაც მონაწილეობდა. ზუბალაშვილებმა ავლაბარში პურის ორი მაღაზია გახსნეს, მაგრამ უფრო არსებითი და შემოსავლიანი გამოდგა საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილების პურით მომარაგების იჯარა, რომელიც იაკობს კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მიანდო. ამ საქმემ დიდი მოგება მოიტანა.

ნოვაციები

რედაქტირება

იაკობ ზუბალაშვილის სახელს უკავშირდება მრავალი სიახლე საქართველოში. კერძოდ: წურბლების ჭერა და სამედიცინო დანიშნულებით მათი გამოყენების დაწყება. იაკობ, ანდრია და ივანე ზუბალაშვილებმა იჯარით აიღეს ბაზალეთის ტბა, სადაც წურბელას იჭერდნენ და მთავრობას აძლევდნენ, როგორც გამოსადეგ საჭიროებას მკურნალობისათვის. ნოვაცია იყო შაქრის წარმოების დაწყება ჩვენს ქვეყანაში. 1837 წლის დამდეგს ქართველმა მეწარმემ, ნებართვის მისაღებად, მთავარმართებელ ევგენი გოლოვინს მიმართა. გოლოვინმა საიმპერიო მთავრობასთან იშუამდგომლა, რის შედეგადაც, 1837 წლის ივლისში, ამხანაგობას კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებზე 500 დესეტინა სახაზინო მიწა გამოეყო შაქრის ლერწმის გასაშენებლად. მეწარმეემს ნება მიეცათ აეშენებინათ ქარხანა, რომელიც დასაწყისში რაფინირებულ შაქარს იმპორტირებული, ხოლო შემდეგ ადგილობრივი ნედლეულით დაამზადებდა. მოგვიანებით წარმოება გადმოიტანებს თბილისში. ქარხანა ვერაზე აიგო (შენობა დღემდეა შემორჩენილი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომელშიც ახლა ღვინის ქარხანაა გათავსებული), მაგრამ შემდეგ კუკიაზე ახალ შენობაში გადაიტანეს. ქარხანა პირველი იყო მთელ სამხრეთ კავკასიაში და მაღალი წარმადობითაც გამოირჩეოდა 40 ათასი ფუთი (640 ტონა) შაქარი წელიწადში. პროდუქცია, რომელსაც „ქართული შაქარი“ ერქვა, მყიდველს პაკეტებში დაფასოებული მიეწოდებოდა. 11 კაციანი პერსონალის გარდა (ოსტატი, ზედამხედველები და სხვა), ქარხანაში 50-მდე დაქირავებული მუშა საქმიანობდა. მიჩნეულია, რომ ზუბალაშვილის და კომპანიის შაქრის ქარხანა ადგილობრივი სავაჭრო კაპიტალის მრეწველობაში დაბანდების წარმატებული მაგალითი იყო.ქარხანამ 1840-იანი წლების შუა ხანებამდე იარსება და შემდეგ მუშაობა შეწყვიტა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციის გამო. ქარხნის დახურვა არ ყოფილა მრეწველთა მარკეტინგულ გათვლებში დაშვებული შეცდომის ბრალი. ეს უფრო იმპერიულ ეკონომიკურ პოლიტიკას უნდა მიეწეროს: მეფის მთავრობა მფარველობდა მეტროპოლიის ბურჟუაზიას, ხოლო განაპირა, კოლონიური მხარეების სამრეწველო წარმოება და თავად მწარმოებლები ნაკლებად აღელვებდა.

მშენებლობები

რედაქტირება

იაკობ ზუბალაშვილი აქტირუად ჩაერთო სასტუმროს ბიზნესში. ეს საქმე იმხანად საქართველოში სრულიად ახალი იყო და მას ძირითადად უცხოელები უძღვებოდნენ. მის სახელს უკავშირდება თბილისის ბევრა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა: 1825 წელს იაკობმა აზნაურ თურქესტანიშვილისაგან დღევანდელი თავისუფლების მოედნისა და პუშკინის ქუჩის მიმდებარედ ადგილი შეიძინა, სადაც იტალიური წარმოშობის შვეიცარიელი ხუროთმოძღვრის ჯუზეპე (იოსებ) ბერნარდარცის პროექტით სასტუმრო ააგო (დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი). ამ სასტუმროს მახლობლად (დღევანდელი მშენებარე სასტუმროს ადგილზე) მდგარა იაკობ ზუბალაშვილის მშვენიერი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლიც, რომელიც ევროპულ ყაიდაზე, დახვეწილი გემოვნებით ყოფილა გამართული. 1842 წელს იაკობ ზუბალაშვილმა თბილისში ქარვასლა ააგო, რომელიც 10 სავაჭრო ობიექტს, საწყობებს, ღვინის სარდაფებსა და 71 სასტუმრო ნომერს აერთიანებდა.

მეცენატობა

რედაქტირება

პურით ვაჭრობამ იაკობს დიდი მოგება მოუტანა, მაგრამ ზუბალაშვილები არ ივიწყებდნენ თვით მარცვლეულის მწარმოებელ გლეხებს, რომელთაგან ნედლეულს კარგ ფასად იძენდნენ, ასწავლიდნენ მათ მიწის დამუშავებისა და მეურნეობის სწორად გაძღოლას. ხშირად ღარიბ მშრომელებს ურმებსა და ხარ-კამეჩსაც ჩუქნიდნენ, რომ მათ შეძლებოდათ მოსავლის მოყვანა.

XIX საუკუნეში თბილისსა თუ გორში მცხოვრებ ზუბალაშვილების ოჯახებს საქართველოში ჩამოსული არაერთი უცხოელი სტუმრობდა, მათ შორის ცნობილი შვეიცარიელი მოგზაური და სიძველეთა მკვლევარი დიუბუა დე მონპერე, სახელოვანი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა და სხვა. ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში „კავკასია“ იხსენებს ერთ-ერთ ზუბალაშვილს, რომელმაც თბილისში ჩინებულად უმასპინძლა მას და მის ორ თანამგზავრს:

 
„მიგვიყვანეს საუცხოო ბინაში თეატრის მოედანზე, სადაც მოგვცეს ორი ოთახი და ერთი დარბაზი მდიდარი ქართველის ბ-ნ ივანე ზუბალაშვილის სახლში. მუანემ და კალინომ ერთი ოთახი დაიკავეს, მე კი მეორე. ...ჩვენი მასპინძელი დიდი მოკოხტავე კაცია და ქუდების მთელი კოლექცია აქვს.“

როდესაც საქართველოში მყოფი ფრანგი მწერალი ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციამ მიიპატიჟა და სუფრა გაუშალა, მასპინძელთა შორის ზუბალაშვილებიც იყვნენ.

ზაქარია ჭიჭინაძე ამ ფაქტს ირიბად ადასტურებს

 
„XIX საუკუნის შემდეგ, ნამეტურ გორსა და თბილისს ისე ვინმე უცხო მოგზაური და მწერალი არ მოვიდოდა, რომ მას ზუბალაშვილები არ გაეცნო, მათ სახლში არ ესადგურა და მასპინძლობაც არ მიეღო.“

გარდაცვალება

რედაქტირება

იაკობ ზუბალაშვილი 1864 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში კათოლიკეთა სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე წარწერილია: „განსვენება საუკუნე მიანიჭე უფალო იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილს 72 წლისა, გარდაიცვალა 1864 წელს“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
  • პაპა - გიორგი ზუბალაშვილი (1696-1771) - შეძლებული ვაჭარი, მეცენატი, დაახლოებული პირი ერეკლე II-ის, სოლომონ II-ის დადიანისა და გურიელის კარზე.
  • მამა- ივანე ზუბალაშვილი (1747-1817) - კომერსანტი, ქველმოქმედი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
  • მეუღლე - ანა
  • შვილები - ლევანი, ალექსანდრე, კონსტანტინე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ო. ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი...“ თბ., 2020