დესეტინა (რუს. десятина) — მიწის ფართობის საზომი ერთეული რუსეთში. ცნობილია XV საუკუნის ბოლოდან.

თავდაპირველად წარმოადგენდა ისეთი კვადრატის ფართობს, რომლის გვერდები 1/10 ვერსს უდრიდა (2500 კვ. საჟენი). 1753 წელს სამიჯნო ინსტრუქციით სახაზინო დესეტინა 2400 კვ. საჟენით (1,0925 ჰა) განისაზღვრა; სამეურნეო ანუ ირიბი დესეტინა 3200 კვ. საჟენი იყო, სამეურნეო წრიული — 3600 კვ. საჟენი, ასობითი დესეტინა — 10000 კვ. საჟენი და სხვ. XIX საუკუნიდან დესეტინა საქართველოშიც იხმარებოდა. ზომის მეტრულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რსფსრ სახკომსაბჭოს 1918 წლის 14 სექტემბრის დეკრეტით დესეტინის გამოყენების სფერო შეიზღუდა, 1927 წლის 1 სექტემბერს კი მთლიანად აიკრძალა.

ლიტერატურა

რედაქტირება