სოხუმის მუნიციპალიტეტი
სოხუმის მუნიციპალიტეტი (აფხ. Аҟәа амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. დღევანდელი საზღვრებით დაარსდა 1966 წელს, როგორც სოხუმის რაიონი.
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
სოხუმის მუნიციპალიტეტი აფხ. Аҟәа амуниципалитет | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | სოხუმი |
ფართობი | 15232 კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (442) |
საფოსტო ინდექსი | 6600–6699 |
ბუნება
რედაქტირებარელიეფი
რედაქტირებასოხუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უზარმაზარი ამფითეატრივით მაღლდება ჩრდილოეთისაკენ. ზღვისპირა დაბლობის ვიწრო ზოლი ჩრდილოეთით გადადის დაბალ გორაკ-ბორცვებში, შემდეგ 700—800 მეტრი სიმაღლის ანტიკლინური ქედებია. უფრო ჩრდილოეთით აღმართულია ბზიფის ქედი (მწვერვალი კაპიშისტრა, 3033 მ). ამფითეატრს აგვირგვინებს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის თხემი, რომლის საშუალო სიმაღლე 3000 მეტრს აღემატება. ზღვისპირა ზოლი აგებულია მეოთხეული ასაკის ალუვიური ნალექებით, გორაკ-ბორცვები — მიო-პლიოცენური კონგლომერატებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. მდინარე გუმისთის აუზის მნიშვნელოვანი ნაწილი აგებულია ცარცული და ზედაიურული კირქვებით, ბზიფის ქედის თხემი — შუაიურული (ბაიოსური) პორფირიტებით, მუნიციპალიტეტის სამხრეთით და ჩრდილოეთით გავრცელებულია ქვედაიურული (ლიასის) თიხაფიქლები. მთა ჩუმკუზბასა და აღმოსავლეთის გუმისთის ხეობაში ვხვდებით გრანიტების გამოსავლებს. აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის აგებულებაში შედის კამბრიულისწინა პალეოზოური გრანიტები და კრისტალური ფიქლები. სოხუმის მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ხუთი გეომორფოლოგიური ზონა:
- ზღვისპირა აკუმულაციური დაბლობი;
- ეროზიით ძლიერ დანაწევრებული ნეოგენური ქანებით აგებული გორაკ-ბორცვები;
- კირქვიან-კარსტული ზონა;
- ბზიფის პორფირიტული ქედი ალპური ფორმების სიჭარბით;
- აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედი მაღალმთიანი ალპური რელიეფით, თანამედროვე და ძველი მყინვარული ფორმებით.
ჰავა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა. ზღვისპირა ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13.5-15 °C, იანვრის 5-6 °C, ივლისის 22-24 °C, აბსოლუტური მინიმუმი −14 °C (იშვიათად), აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექები 1480 მმ წელიწადში. უფრო მაღლა, 1500—1600 მეტრ სიმაღლეზე, ნოტიო ჰავააა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით, უხვი ატმოსფერული ნალექებით (1800—2000 მმ წელიწადში). 1800—2000 მეტრზე ნოტიო ჰავაა ცივი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით, უფრო ზემოთ დამახასიათებელია მაღალ მთის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო ჰავა. მუნიციპალიტეტში ადგილ-ადგილ ნივალური ჰავაა, სადაც ნალექები უხვად მოდის (2500—2800 მმ).
შიგა წყლები
რედაქტირებაბევრია მთის წყალუხვი მდინარე, ტბა, მიწისქვეშა წყალი, ჭაობი. არის პატარა თანამედროვე მყინვარებიც. მუნიციპალიტეტის ძირითადი მდინარეებია: დასავლეთის გუმისთა, აღმოსავლეთის გუმისთა, ბესლეთი, ბზიფი (ზემო დინება). აღმოსავლეთის საზღვართან ჩამოუდის მდინარე კელასური. მდინარეები საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მდინარე ბზიფი მყინვარული წყლითაც. მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, მდინარე ბზიფი ზაფხულშიც დიდდება. ბზიფის ქედისა და აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის თხემურ ზოლში პატარა მყინვარული ტბებია. მდინარე ბზიფის აუზის ყველაზე მაღალ ადგილებში მცირე ზომის მყინვარებია.
ნიადაგები
რედაქტირებაისინი მრავალგვარია და სიმაღლებრივ ზონებს ქმნის. სოხუმის დასავლეთით, მცირე ფართობზე, არის ჭაობის ტორფიანი ნიადაგი (ლეჩქოფის ჭაობები). ვაკეზე გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერი ნიადაგი, კალთების ქვედა ზონაში — ტყის ყომრალი ნიადაგია, რომელიც ზემოთ გაეწრებული ყომრალი ნიადაგით იცვლება. კირქვებისა და მერგელების გავრცელების არეებში უმთავრესად კორდიან კარბონატული ნიადაგია. მაღალმთიან ზონაში განვითარებულია მთის მდელოს ნიადაგები.
მცენარეული საფარი
რედაქტირებამცენარეული საფარი მრავალფეროვანია. ზღვისპირას და გორაკ-ბორცვიან ზონაში 700 მეტრ სიმაღლეზე კოლხური ტყეებია, კოლხური ტყეები ყველაზე უკეთ მთის შუა და ნაწილობრივ ზედა სარტყელშია გავრცელებული. ტყის ზედა სარტყლისათვის დამახასიათებელია წიფლის ტყეები. ჩუმკუზბის მთის სამხრეთ კალთაზე შემორჩენილია წიფლნარ-წაბლნარი. ტყის ზედა სარტყელში წიწვოვანი ტყეებია; ჭარბობს სოჭი. ზღვის დონიდან 2000 მეტრს ზემოთ ჯერ სუბალპური ტანბრეცილი ტყეებია, მაღალი ბალახეულობა და ბუჩქნარებია, შემდეგ (2400 მეტრს ზემოთ) ალპური მდელოები და ხალები.
ცხოველთა სამყარო
რედაქტირებაზღვისპირა ზოლში გარეული ცხოველები თითქმის მთლიანად განადგურებულია. მთის ტყეთა ზონაში გავრცელებულია შველი, გარეული ღორი, ტურა, მაჩვი, მგელი და სხვა. მაღალმთიან ზონაში ჯერ კიდევ ბევრია ჯიხვი და არჩვი. ფრინველებიდან გავრცელებულია: შაშვი, ჩხართვი, სკვინჩა, კოდალა, ჭკა, მთის არწივი, სვავი და სხვა. მდინარე აღმოსავლეთის გუმისთის ხეობაში არის გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც დაცულია ფლორისა და ფაუნის ძვირფასი სახეობები.
ძირითადი ლანდშაფტები
რედაქტირებაგამოიყოფა ლანდშაფტების შემდეგი სიმაღლებრივი ზონები:
- ტერასულ-გორაკ-ბორცვიანი ტენიანი კოლხური სუბტროპიკული ტყეების ზონა, ყვითელმიწა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით;
- დაბალმთიან კარსტული რელიეფის კორდიან-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებული რცხილნარ-წიფლნარი ტყეების ზონა;
- საშუალმთის ტიპური და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული წიფლნარისა და წიფლნარ-სოჭნარის ზონა;
- სუბალპური ტყე-მდელოს ზონა;
- მაღლმთის ზონა ალპური მდელოებითა და ხალებით;
- სუბნივალური ზონა.
ეკოლოგიური გენოციდი
რედაქტირებააფხაზეთის კონფლიქტმა დიდი ზიანი მიაყენა რეგიონის ტყეებს. მარტო სოხუმის მუნიციპალიტეტში გაიჩეხა ათასობით ჰექტარი უნიკალური ტყეები, აუნაზღაურებელი ზარალი მიადგა ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალს, სერიოზულად დაზიანდა მთელ ევროპაში ცნობილი სოხუმის დენდროლოგიური პარკი. უხეშად დაირღვა ეკოლოგიური წონასწორობა.
ისტორია და საზღვრები
რედაქტირება1917 წლამდე ახლენდელი სოხუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ქუთაისის გუბერნიაში, სოხუმის ოლქში შედიოდა, 1921 წლიდან გუმისთის მაზრაა, 1924 წლის 20 ოქტომბერს აფხაზეთის ცაკის დადგენილებით გუმისთის მაზრის ტერიტორიაზე წარმოიქმნა სოხუმის მაზრა, ცენტრით ქალაქი სოხუმი[1]. 1930 წელს ეწოდა სოხუმის რაიონი. 1963–64 წლებში შედიოდა ოჩამჩირის რაიონში, 1965 წელს გამოეყო მას, 1966 წლიდან (გაიყო სოხუმისა და გულრიფშის მუნიციპალიტეტებად) არსებობს დღევანდელი საზღვრებით. აფხაზეთში განვითარებული კონფიქლიტის გამო 1993 წლის სექტემბრიდან მუნიციპალიტეტზე ისევე, როგორც დანარჩენი აფხაზეთის ტერიტორიაზე, აღარ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.
სოხუმის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ყარაჩაი–ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, აღმოსავლეთით გულრიფშის, ხოლო დასავლეთით გუდაუთის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. მუნიციპალიტეტის ფართობია 1523,2 კმ². რაიონული ცენტრი – ქალაქი სოხუმი. სოხუმის მუნიციპალიტეტში არის 11 სასოფლო საბჭო – ახალსოფელი, ახალშენი, ბესლეთი (ცენტრი აბჟაყვა), გუმისთა (ცენტრი აჩადარა), ეშერა, ზემო ეშერა, თავისუფლება, კელასური, ოდიში, შრომა, ფსხუ; 60 სოფელი.
მოსახლეობა
რედაქტირება39 516 ადამიანი (1989 წელი). უმეტესი ნაწილი ცხოვრობდა ვაკე-დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში, ძირითადად ქალაქ სოხუმის (მოსახლეობა 118 400 (1992 წ.)) შემოგარენში, მცირე ნაწილი — მთიან ზონაში. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდებოდა ზღვის დონიდან 400 მეტრამდე. მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობა ცხოვრობდა სოფლად. მცხოვრებთა მეტი ნაწილი ქართველები და აფხაზები იყვნენ. ცხოვრობდნენ აგრეთვე სომხები, რუსები, ბერძნები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. საშუალო სიმჭიდროვე დაბალი იყო (25 კაცი/1 კმ²), რაც იმით აიხსნებოდა, რომ მუნიციპალიტეტში ძირითადად მთიანი ლანდშაფტია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მცირეა. რაიონში მდებარე 60 სოფლიდან ქართველები უმრავლესობას შეადგენდნენ 15 სოფელში, სომხები 11 სოფელში, რუსები 5 სოფელში, ბერძნები 4 სოფელში, აფხაზები 1 სოფელში, დანარჩენ სოფლებში მოსახლეობა მეტ-ნაკლებად თანაბრად იყო განაწილებული. 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ მდგომარეობა დიამეტრალურად შეიცვალა, ქართული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გამოდევნილი იქნა თავისი საცხოვრებლიდან.
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. |
---|---|---|---|---|---|---|
სოხუმის | 84 351 | 36 552 | 38 636 | 39 765 | 37 200 | ოკ. რუს. ფ. |
მმართველობა
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირებასაბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სოხუმის მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად ჩამორჩენილი იყო. მოსახლეობის უმეტესობა სიმინდისა და თამბაქოს მოყვანას მისდევდა, მხოლოდ მეთამბაქოეობას ჰქონდა გარკვეული სასაქონლო ხასიათი. სოციალისტური რეჟიმის დამყარების პირველსავე წლებში ფართოდ განვითარდა სუბტროპიკული მეურნეობა, საფუძველი ჩაეყარა მეციტრუსეობასა და მეჩაიეობას, მნიშვნელოვნად განვითარდა მრეწველობა. კომუნისტურ პერიოდში, სოხუმის მუნიციპალიტეტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი მოწინავე სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო რაიონი იყო.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაძირითად დარგს წარმოადგენდა მემცენარეობა. მასზე მოდიოდა კოლმეურნეობების ფულადი შემოსავლის 92 %, ხოლო საბჭოთა მეურნეობების — 80.4 %. რაიონში 14 კოლმეურნეობა, 3 საბჭოთა მეურნეობა (აფსნის, ეშერისა და ზემო ეშერის მეციტრუსეობის)და 2 სანერგე მეურნეობა (მეციტრუსეობის სოფ. ზემო ბირცხაში და მეყვავილეობის სოფ. ოდიშში) იყო განლაგებული. რაიონში სასოფლო სამეურნეო სავარგული შეადგენდა 19 858 ჰა-ს, აქედან სახნავ-სათესი იყო 3291 ჰა (უმთავრესად თამბაქო, სიმინდი, ბოსტნეული და საკვები კულტურები), მრავალწლიანი ნარგავების ფართობი 2325 ჰა-ს აღემატებოდა (ძირითადად ციტრუსების, ხეხილის, ჩაისა და ვენახის პლანტაციები). მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მეცხოველეობა უმნიშვნელო როლს თამაშობდა (მსხვილი რქოსანი საქონელი 12 600 სული; 1984 წ), შედარებით კარგად იყო განვითარებული მეფუტკრეობა (6700 ფუტკრის ოჯახი; 1983 წ).რაიონში ფუნქციონირებდა მრავალი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დაწესებულება — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სასწავლო-საცდელი მეურნეობა „ეშერა“ (სოფ. გუმისთა), ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის ექსპერიმენტული მეურნეობა „გვანდრა“ (სოფ. გვანდრა), თამბაქოს, საქართველოში ერთადერთი, საცდელი ექსპერიმენტული სადგური (სოფ. ქვემო იაშთხვა), დედაფუტკრის გამოსაყვანი სადგური (სოფ. აბჟაყვა), მეფრინველეობის საინკუბატორო, ჯიშთსაშენი და ვეტერინარული სადგურები (სოფ. ქვემო ბირცხა), ბროილერის ფაბრიკა (სოფ. კამანი), აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სარაიონთაშორისო ბაზა (სოფ. ეშერა).
მრეწველობა
რედაქტირებასოხუმის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდნენ შემდეგი მრეწველობის საწარმოები: წისქვილ-კომბინატი, აირგამანაწილებელი სადგური და ნავთობის პროდუქტების სოხუმის ბაზა სოფელ ეშერაში, მარმალილოს კარიერი სოფელ კამანში, ავტოპროფილაქტორიუმი სოფელ აჩადარაში. იყო აგრეთვე კირისა (სოფ. თავისუფლება და შრომა) და აგურის (სოფ. ბესლეთი) ქარხნები; მდინარე გუმისთაზე მდებარეობს სოხუმჰესი.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი და საერთაშორისო მნიშვნელობის შავიზღვისპირა გზატკეცილი. ადგილობრივი გზების სიგრძეა 115 კმ.
მდგომარეობა კონფლიქტის შემდეგ
რედაქტირება1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად სოხუმის მუნიციპალიტეტში დაიწვა და დაინგრა 6 ფაბრიკა-ქარხანა, 17 ფერმა, 16 მაღაზია, 8 კვების ობიექტი,სამშენებლო ორგანიზაციების 6 ობიექტი, 2 მეფრინველეობის ფაბრიკა, 20-მდე საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი, 2500 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი 100 %-ით, ხოლო კიდევ 2500 70-80 %-ით. არსებული კონფლიქტის შემდეგ სოხუმის მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც მთელი ავტონომიური რესპუბლიკის, ეკონომიკა განადგურებულია, გადარჩენილი საწარმოები პარალიზებულია.
კულტურა
რედაქტირება1984 წლისათვის მუნიციპალიტეტში იყო 33 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მათ შორის 17 საშუალო, 1 საღამოს დასწრებულ-დაუსწრებელი სკოლა), 5300 მოსწავლე და 900 მასწავლებელი, 6 საბავშვო ბაგა-ბაღი, 6 კულტსახლი, 24 კლუბი. სოფელ აბჟაყვაში ომამდე იყო რაიონული ცენტრალური ბიბლიოთეკა, მას გააჩნდა 36 ფილიალი. სოფელ ეშერაში იყო საკავშირო მნიშვნელობის სპორტული ბაზა, აქვე იყო საკოლმეორნეობათაშორისო საცხენოსნო სპორტული სკოლა.
მდგომარეობა კონფლიქტის შემდეგ
რედაქტირებაკონფლიქტის შედეგად სოხუმის მუნიციპალიტეტში განადგურებულ იქნა 16 სკოლა, 15 საბავშვო ბაღი, 30-მდე სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი.
ჯანმრთელობის დაცვა
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა რაიონული პოლიკნინიკა, 2 დასასვენებელი სახლი („გუმისთა“, „მიმოზის ხეივანი“), სოხუმის ბალნეოლოგიური სამკურნალო („ბესლეთი“) სოფ. ქვემო ბირცხაში, 11 ამბულატორია, 10 საფერშლო-სამეანო პუნქტი, 33 ექიმი და 105 საშუალო მედმუშაკი. სოფელ აჩადარაში იყო კემპინგი, ხოლო სოფელ კამანში — მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატი. კონფლიქტის შედეგად განადგურებულია 11 სამედიცინო ამბულატორია.
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებასოხუმის მუნიციპალიტეტში მდებარეობს შემდეგი კულტურული ძეგლები: XI—XII სს. ბესლეთის ხიდი მდინარე ბესლეთზე, XII—XIII სს. ეკლესია ზემო ეშერის მახლობლად, განვითარებული შუა საუკუნეების ბაგრატის ციხე-კოშკი და ეკლესიის (XI—XII სს.) ნანგრევები სოხუმის მახლობლად, ადრინდელი შუა საუკენეების აკლდამა — „ნართ სასრუყვა“ ამზარის მახლობლად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ газ. «Трудовая Абхазия», №238 (974), 23 октабрь, 1924
- ↑ Georgia division