აფხაზეთის ომი (1992-1993)

(გადამისამართდა გვერდიდან აფხაზეთის კონფლიქტი)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 20 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
აფხაზეთის ომი
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ნაწილი
თარიღი 14 აგვისტო, 1992 - 30 სექტემბერი, 1993
მდებარეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
შედეგი

სეპარატისტული აფხაზეთის გამარჯვება

ტერიტორიული
ცვლილებები
სეპარატისტულმა და რუსულმა ძალებმა დაიკავეს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია კოდორის ხეობის გამოკლებით
მხარეები
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა

რუსეთი

კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია
დნესტრისპირელი მოხალისეები

საქართველოს დროშა საქართველო

უნა-უნსოს არგოს ბატალიონი

მეთაურები
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა ვლადისლავ არძინბა
შამილ ბასაევი
ვლადიმერ არშბა
სერგეი დბარი
მუსა შანიბოვი
სულთან სოსნალიევი
საქართველოს დროშა ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს დროშა თენგიზ კიტოვანი
საქართველოს დროშა ჯაბა იოსელიანი
საქართველოს დროშა გიორგი ყარყარაშვილი
საქართველოს დროშა გუჯარ ყურაშვილი
საქართველოს დროშა ლოთი ქობალია
გენო ადამია 
დავით თევზაძე

ვალერი ბობროვიჩი

ძალები
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის ეროვნული გვარდია: 4000-5000 აფხაზი[1][2] ბაგრამიანის ბატალიონი: 1500 სომეხი[3]

კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია

60-90 დნესტრისპირელი[6]

საქართველოს დროშა~5000 ჯარისკაცი,
55 თვითმფრინავი,
120 ტანკი,
180 ჯტრ და ქსმ[7][8]

~300 უკრაინელი

დანაკარგები
4040 დაღუპული
(2220 ჯარისკაცი,
1820 მშვიდობიანი მოსახლე),
~8000 დაჭრილი,
122 დაკარგული[9]
დაახლოებით 9000-მდე დაღუპული
(ჯარისკაცები
და მშვიდობიანი მოსახლეები),
~10 000 დაჭრილი,
1500-ზე მეტი დაკარგული[9]
აფხაზეთის ომი ვიკისაწყობში

აფხაზეთის ომი1992-1993 წლების ომი ერთი მხრივ, საქართველოს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზ სეპარატისტებს, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონს, ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრებსა და ადგილობრივი სომხების ბაგრამიანის სახელობის ბატალიონს შორის. ომის დროს სეპარატისტებს აქტიურად ეხმარებოდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებიც, რაც გამოიხატა რუსული ავიაციის მიერ ქართული სამხედრო პოზიციებისა და დასახლებების დაბომბვაში.[10][11]

ომის პარალელურად მიდიოდა სამოქალაქო ომი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ედუარდ შევარდნაძის მთავრობას შორის, რაც ხელს უშლიდა ქართული მხარის გაერთიანებას. თუმცა, იყო შემთხვევებიც, როდესაც ქართული ძალები ერთობლივად იბრძოდნენ მტრების წინააღმდეგ - აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ტამიშის ბრძოლა, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართული შენაერთები გაერთიანდნენ და მტრის დესანტზე გამარჯვება მოიპოვეს.

ომს წინ უსწრებდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა 1989 წლის ივლისში ანტიქართული არეულობები სოხუმში და 1991 წლის მარტში აფხაზეთის მიერ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება, საქართველოს მიერ ამაზე უარის თქმის მიუხედავად. უშუალოდ ომის მაპროვოცირებელი გახდა 1992 წლის 23 ივლისს აფხაზი სეპარატისტების მიერ 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის აღდგენით სუვერენიტეტის გამოცხადება და 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზური ეროვნული გვარდიის მიერ საქართველოს ძალების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა.

ომის საწყისს ეტაპზე, ქართულმა ძალებმა დაიკავეს სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე და გალი, ხოლო სეპარატისტები გუდაუთაში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონის ნაწილში გამაგრდნენ. ომის მიმდინარეობისას სეპარასტისტებმა არაერთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, მათ შორის აღსანიშნავია 1992 წლის ოქტომბერში გაგრაზე მიტანილი იერიში, რასაც გაგრის დაცემა და ქართული მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები მოჰყვა, ასევე 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე შეტევა, რის შედეგადაც სოხუმი დაეცა 27 სექტემბერს და ქართულმა ძალებმა ვეღარ შეძლეს მათ კონტროლქვეშ არსებული დანარჩენი ტერიტორიის შენარჩუნება.

ომი დასრულდა საქართველოს დამარცხებით და აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვით. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო 300 ათასზე მეტ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი საკუთარი სახლიდან სეპარატისტებმა განდევნეს. მათგან ათეულობით ათასს აფხაზეთის დატოვება მოუხდა ფეხით კოდორის ხეობის გავლით, რა დროსაც მძიმე პირობების გამო ასობით ადამიანმა სვანეთის მთებში განუტევა სული. პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

წინაისტორია

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ში ანტიქართული განწყობა 1950-იან წლებამდეც არსებობდა.

1956 წელს მოხდა აფხაზ სეპარატისტთა პირველი გამოსვლა. აფხაზეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა ჩაშალეს თბილისში იმის ნაცვლად, რომ გადამჭრელი ზომები მიეღოთ სეპარატისტების წინააღმდეგ. მრავალი დაჟინებული თხოვნის შემდეგ აფხაზური დეკადა თბილისში 1958 წელს ჩატარდა.

1967 წელს მოხდა აფხაზ სეპარატისტთა მეორე გამოსვლა, რომელიც 1956 წლისგან განსხვავებით უფრო ორგანიზებული და შემტევი იყო. დემონსტრანტებმა ქალაქ სოხუმის ფილარმონიის საზაფხულო შენობის დარბაზი დაიკავეს, მიკროფონ-რეპროდუქტორები გამართეს და საჯაროდ გაჰყვიროდნენ ანტიქართულ ლოზუნგებს. ამას ისიც დაემატა, რომ გამომცემლობა „ალაშარას“ ახლად აღდგენილი ქართული რედაქციის საგამომცემლო გეგმიდან თითქმის ყველა ქართული წიგნი ამოიღეს. აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში დაწვეს და გაანადგურეს ქართული უნიკალური ხელნაწერები, წიგნები და გაზეთები.

1977-1978 წლების აფხაზური სეპარატისტული გამოსვლები კიდევ უფრო აქტიური იყო წინა გამოსვლებთან შედარებით. ვანდალებმა დაიწყეს ქართული კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების ხელყოფა და ქართული წარწერების წაშლა-განადგურება. ხელყვეს რუსთაველისა და აკაკი წერეთლის ძეგლები და ბიუსტები სოხუმსა და გაგრაში. თეატრის შენობიდან ჩამოხსნილ იქნა ქართული დრამატული დასის აბრა, ხოლო ქართველი მსახიობები გამოძევებულ იქნენ შენობიდან.

1980 წელს აჩიგვარის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიიდან გაქრა ვეფხვისა და ბოკვერების ორიგინალური კომპლექსი.[12]

„აიდგილარა“

რედაქტირება

1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ (დამტკიცდა 1989 წლის აგვისტოში), რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ-ში აღნიშნული პროექტის აქტიური განხილვა გახდა იმის მიზეზი, რომ 1988 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთის აო-ში „ადამონ ნიხასი“, ხოლო აფხაზეთში — „აიდგილარა“.

აიდგილარას პირველი (სადამფუძნებლო) კრება შედგა 1988 წლის 13 დეკემბერს, აფხაზეთის ფილარმონიის სახელმწიფო თეატრის შენობაში, სადაც მწერალი ალექსი გოგუა არჩეულ იქნა მის პირველ თავმჯდომარედ.[13]

ლიხნის მიმართვა

რედაქტირება

1989 წლის 18 მარტს, აფხაზმა ნაციონალისტებმა „აიდგილარას“ ორგანიზებით ლიხნის კრებაზე აფხაზეთისთვის, ლენინის დროინდელი 1921 წლის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს, რაც გულისხმობდა აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფასა და მისთვის რესპუბლიკის სტატუსის დაბრუნებას. აღსანიშნავია ის, რომ სეპარატისტულ დოკუმენტს აფხაზეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივანი ბ. ადლეიბა აწერდა ხელს.

24 მარტს ლიხნის მიმართვა ერთროულად გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის „სოვეტსკაია აბხაზიაში“. სწორედ ამ დღიდან იწყება საპროტესტო გამოსვლები ჯერ აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო შემდეგ — თბილისში.[14]

25 მარტს, სოხუმში ლიხნის მიმართვის საპირწონედ ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა მოაწყვეს მრავალათასიანი მიტინგი, რითაც უჩვენეს აფხაზ სეპარატისტებს ერთობის ძალა. ეს მიტინგი, ქართველ პატრიოტთა მიერ, უშუალოდ კი მერაბ კოსტავას ინიციატივით დაიგეგმა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ: ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, ვოვა ვეკუა, სოსო ადამია და ა.შ.[15] იმავე დღეს, სოხუმის პარალელურად გალში ჩატარდა 12 ათასიანი მიტინგი.[16]

28 მარტს გაგრაში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც შემდგომ „ერთაშორის ნიადაგზე მომხდარ შეტაკებაში“ გადაიზარდა.

30 მარტს სოხუმში ჩავიდნენ ჯ. პატიაშვილი, გ. ანჩაბაძე, ბ. ნიკოლსკი, ნ. ფოფხაძე და ო. ჩერქეზია.[17]

31 მარტს სოხუმში თბილისიდან საქართველოს შს მინისტრის შ. გორგოძეს ორგანიზებით გადაყვანილ იქნა თბილისის მილიციის 200 კაციანი ბატალიონი და თბილისის სასწავლო პოლკი — 400 კაცის ოდენობით.[18]

პირველი დარბევა დაბა ლესელიძეში

რედაქტირება

1989 წლის 1 აპრილს დაბა ლესელიძეში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ აქტივისტებმა ლიხნის კრების საპროტესტოდ ჩაატარეს ანტიიმპერიალისტური მიტინგი, რომლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი — მგზავრებით დატვირთული ორი სამგზავრო ავტობუსი დარბეულ იქნა აფხაზთა ეგზალტირებული მასის მიერ ბზიფსა და ახალ ათონთან, იყვნენ დაჭრილებიც — დაშავდა 10 ადამიანი. პროტესტის ნიშნად სოხუმის ქართველი სტუდენტობა მომხდარის გამო 3 აპრილის ლექციებზე არ გამოცხადდა.[19] 1 აპრილს სოხუმში ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, რომელიც შეხვდა აფხაზ ინტელიგენციას, სტუდენტებსა და უხუცესებს. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებების გზით შესძლო სოხუმში ვითარების სტაბილიზაცია. დასასრულ აფხაზეთში დატოვა საქართველოს შსს მინისტრი შოთა გორგოძე და ქართული მილიციის თითქმის მთელი შემადგენლობა, ხოლო ხელმძღვანელობა დაბრუნდა უკან თბილისში.[20]

2 აპრილს სოხუმში გაიმართა ქართული მოსახლეობის მიტინგები და მანიფესტაციები, რამაც შექმნა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და გარკვეულწილად მისი უმართაობის საფრთხე.[21]

5 აპრილს სოხუმში ჩატარდა პარტიულ-სამეურნეო აქტივის თათბირი, რმელზედაც გადაწყდა „მტკიცე“ ორგანიზაციული ღონისძიებებისა და იდეოლოგიურ-განმარტებითი მუშაობის გაძლიერებით აღედგინათ ჯანსაღი ურთიერთობანი ქართველებსა და აფხაზებს შორის[22].

6 აპრილს სოხუმში თბილისიდან დილით ჩაფრინდა ჯ. პატიაშვილი, სადაც მოწვეულ იქნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი. ბიუროს სხდომაზე დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია. ადლეიბას გარდა მისი ბედი გაიზიარა რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც.[23]

აფხაზეთის გარდა საპროტესტო გამოსვლები საქართველოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდა. ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მიზანშეწონილად მიიჩნია საპროტესტო აქციების აფხაზეთიდან დედაქალაქში გადატანა. ასე დაიწყო თბილისის 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია. იგი აფხაზეთის კრიზისზე სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი რეაქციის დაფიქსირებით დაიწყო, მალე გადაიზარდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის მოთხოვნის მქონე საპროტესტო მოძრაობად. რამოდენიმე დღეში დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია, რომელსაც ემსხვერპლა 21 მოქალაქე და მრავალმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და მხუთავი აირით სასუნთქი გზების დამწვრობა.

მეორე დარბევა სოხუმში

რედაქტირება

ლიხნის მიმართვის ხელმომწერთა რიცხვში სოხუმის უნივერსისტეტის რექტორიც იყო. უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართულმა სტუდენტობამ ამ ფაქტს საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა. თუმცა ეს დემონსტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და საბოლოოდ აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში შეტაკებების გამომწვევი მიზეზი გახდა სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 500-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.

გუდაუთის რაიონის დაბა ფსირცხის მიდამოებში აფხაზებმა აყარეს 20 მეტრი რკინიგზის ლიანდაგი. მუშებმა უარი განაცხადეს აღედგინათ ლიანდაგი. გაფიცულები იყვნენ სალოკოტივო დეპოს ბრიგადებიც. ამის შედეგად თბილისისა და სოხუმის სადგურებში გაჩერებული იყო 18 სამგზავრი და 49 სატვირთო მატარებელი. 17 ივლისს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა ძალებით აღდგენილ იქნა რკინიგზის დაშლილი მონაკვეთი.

გულრიფშის რაიონის მცხოვრებთა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ავტოსაინსპექციო საგუშაგო სოფელ მაჭარაში, რომლის დროსაც მილიციელებისათვის ართმეულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. დაბა აგუძერას ქუჩებში იდგნენ შეიარაღებულ პირთა პიკეტები.

მოქალაქეებმა მოიმოქმედეს რამდენიმე ცდა, შეჭრილიყვნენ გულრიფშის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით, მაგრამ რაიგანყოფილების თანამშრომელტა ძალებით ყველა მცდელობა მოგიერებულ იქნა.

მკვეთრად გამწვავდა ვითარება გალის რაიონში. აქ მოეწყო მიტინგი 10 ათასზე მეტი კაცის მონაწილეობით. მიტინგზე გამოცხადებულმა პროვოკაციულმა ცნობებმა ქართველის მოსახლეობის ვითომდა მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ ააფორიაქა ხალხი, რამაც გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ჩაამსხვრიეს საქართველოს კომპარტიის გალის რაიკომის შენობის მინები, შეამტვრიეს რაიოკომის კარი.

ოჩამჩირის რაიონში ეროვნებათშორის ნიადაგზე მიმდინარე მრავალრიცხოვანი შეტაკებები გადაიზარდა სროლაში, რომელიც სოფლებში მერკურასა და ჯალში ატყდა. იყვნენ დაჭრილებიც. კვლავ მწვავე ვითარება იყო სოხუმში, სადაც გრძელდებოდა მცირერიცხოვანი შეტაკებები. შეიარაღებულმა მოპიკეტეებმა ქუჩებში აღმართეს დაბრკოლებები, იყო მიმავალი მანქანებისათვის ცეცხლის დაშენის შემთხვევები. 16 ივლისს სოხუმის სოხუმის აეროპორტის სადგურის მოედანზე შეტაკების თავიდან აცილებისას მილიციის თანამშრომლებმა სატაბელო იარაღის შემთხვევითი გასროლით მუცლის არეში დაჭრეს მოქალაქე.

17 ივლისს პირთა ჯგუფმა სცადა გაეჩერებინა ენგურჰესის აგრეგატი, რის შედეგადაც შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება რესპუბლიკის მთელი რიგი რაიონებისათვის, სამართალდამცველმა ორგანოებმა დროულად აღადგინეს წესრიგი. მიღებულ იქნა ზომები ჰიდროელექტროსადგურის დაცვის გასაძლიერებლად.

ზუგდიდის საგამომძიებლო იზოლატორიდან ადრე გაქცეული მსჯავრდებურებიდან 18 ივლისს დაბრუნებულ იქნა 29 კაცი.

17 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებმა მოქალაქეებს ჩამოართვეს 218 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

ავტონომიურ რესპუბლიკაში საზოგადოებრივი წსრიგის დაცვას ანხორციელებდნენ სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების 4500 სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა საქალაქო და რაიონული ორგანოების ორი ათასამდე თანამშრომელი.[24]

1989 წლის 25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ. სოხუმს — კონფედერაციის დედაქალაქად.

აფხაზეთის ასსრ-თვის სტატუსის შეცვლის მცდელობა

რედაქტირება

1990 წლის 3 აპრილის — სსრკ კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებით. ანუ მოკავშირე რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიას შეეძლო გასულიყო ამ რესპუბლიკიდან ან ამ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში[25]. აღნიშნული კანონის საფუძველზე, რესპუბლიკიდან გამსვლელ ავტონომიურ ერთეულს მის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რომელიც მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 1/10 ნაწილის ხელმოწერით.

28 აპრილს მოწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესია, მაგრამ დეპუტატების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო აღნიშნულ განხილვაში და ქვორუმი არ შედგა.

28 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 58 კაციანმა აფხაზურმა დეპუტაციამ (ქართული მხარის მოთხოვნა, წარმოდგენილიყო ყველა აღნიშნული დეპუტატი სახელით და გვარებით უშედეგოდ დარჩა) გააკეთა სპეციალური „მიმართვა აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქისადმი“[26].

18 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის 13 კაციანმა დეპუტაციამ (ვ. ყოლბაია, რ. სალუქვაძე, ვ. ბერულავა, ა. არზუმანიანი, გ. ქავთარაძე, კონსტანტინე სიჭინავა, პავლე ქვაჩახია, ოთარ ყვავაძე, ვრეჟ ზებელიანი, გიორგი ცობეხია, გალაქტიონ ნაჭყებია, გალინა პრაცკო და იამზე ნაყოფია) გააკეთა სპეციალური გაცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მანამდე 58 დეპუტატის მიერ გაკეთებული „მიმართვა აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქისადმი“. განცხადებაში გამოხატული იყო ღრმა წუხილი, რომ „მიმართვა“ წარმოადგენდა ცლმხრივად შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც იგნორირებული იყო არააფხაზური მოსახლეობის ნებასურვილი. აქედან გამომდინარე რეკომენდირებული არ იყო 25 აგვისტოს დაგეგმილი აფხაზეთის ასსრ-ის X სესიის რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რადგანაც ის გამოიწვევდა მოსახლეობაში მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვას და ხელს შეუწყობდა რესპუბლიკაში უკონტროლო ნეგატიური პროცესების დაწყებას[27].

23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ[28]. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.

25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის X სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო[29]. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.

31 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიამ ქვორუმით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ გაუქმდა, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. არ იქნა მიღებული აგრეთვე გამოცხადებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, როგორც უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. მიღებული დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, საქართველოსა და რსფსრ-ის უზენაეს საბჭოებს.

1991 წლის საკავშირო რეფერენდუმი

რედაქტირება

1991 წლის 17 მარტს აფხაზეთის ასსრ-ში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის ამკრძალავი დადგენილების მიუხედავად ჩატარდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი. ეს იყო მორიგი დემარში აფხაზეთის სეპარატისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

1991 წელს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა და საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ორეროვან აფხაზურ რესპუბლიკაზე შეთანხმდნენ, სადაც წამყვან თანამდებობებს ეთნიკური კვოტებით დაიკავებდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორივე ეთნოსის დეპუტატთა მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო.[30] 1991 წლის ბოლოდან საქართველო სამოქალაქო ომში გაეხვია. აფხაზეთის მმართველებმა არ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა და დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყეს. 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კონტროლი დაამყარა სამხედრო შენაერთებზე. 1992 წლის მარტიდან დაწესდა ადგილობრივი სამხედრო გაწვევა, ახლად შექმნილმა აფხაზურმა გვარდიამ დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და მინისტრად ქართველის ნაცვლად აფხაზი მინისტრი დაინიშნა. 23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველმა წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოს სხდომებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 23 ივლისის გადაწყვეტილება.

ომის დასაწყისი

რედაქტირება

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ. ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი[31]. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზეთის დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.[32]

საბრძოლო მოქმედებები 1992 წელს

რედაქტირება
 
ქართველებმა რუსეთის საზღვართან საქართველოს დროშა ააფრიალეს

აფხაზები მარტო არ იბრძოდნენ. მათ შეუერთდნენ კაზაკები, თურქეთსა და სირიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია და რუსი დაქირავებული მებრძოლები.

საბრძოლო მოქმედებები აგვისტოში

რედაქტირება

15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის „მხედრიონის“ მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქ. ტყვარჩელის ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობნენ აფხაზები.

20 აგვისტოს არმავირში გაიმართა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, დონის როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. ბ. ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული“ რეაქციის გამო.

20 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის (ე.ი. აფხაზური მხარე) რაიონულ საავადმყოფოს. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ა. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან.

 
მდგომარეობა აფხაზეთში 1992 წლის აგვისტო-ოქტომბერში.

22 აგვისტოს აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ. გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო. იმავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას და მოწინააღმდეგე გააფრთხილა [33].

წინააღმდეგობის გასაწევად აფხაზებს არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბაზა გააჩნდათ. 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზთა გვარდია ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა. მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ სამ ერთეულ ჯავშანტექნიკას შეადგენდა.

იარაღთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობდა სეპარატისტების ცოცხალი ძალით მომარაგება. რუსეთის მსხვილ ქალაქებში დაქირავებულთა მოსაზიდად სპეციალური პუნქტები მუშაობდნენ. 21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღედან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან.

აგვისტოს ბოლოს გაგრის რაიონში ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა. მდინარე ბზიფზე გასვლის შემთხვევაში იკეტებოდა ყველა გზა, მათ შორის მამზიშკის მთიდან ჩამოსასვლელი ბილიკებიც. ამის შემდეგ გაგრის ზონა პრაქტიკულად შეუვალი ხდებოდა. შეტევა 28 აგვისტოს დაიწყო.

შეტევა ბზიფზე და ეშერაზე

რედაქტირება

დამრტყმელ ძალას ავტომაგისტრალზე მოძრავი ჯავშანტექნიკა წარმოადგენდა. ბრძოლა კოლხიდიდან ნახევარ კილომეტრში დაიწყო. დამრტყმელმა კოლონამ წინ წაიწია, თუმცა ფლანგებიდან შეტევა შეჩერდა. დამრტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს. შეტევა ვეღარ განვითარდა და გაგრიდან სამ კილომეტრში, წითელ ჯვართან შეჩერდა.

ქართული მხრიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დიდი დანაკარგის გამო შავნაბადას ბატალიონი 5 სექტემბერს გაგრიდან გამოვიდა.

ბზიფზე წარუმატებელი ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი აიღეს, მაგრამ იერიშის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყოთ.

3 სექტემბრის შეთანხმება

რედაქტირება

3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ედუარდ შევარდნაძის, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ 5 სექტემბრის 12 საათიდან აფხაზეთში ცეცხლი შეწყდებოდა. დოკუმენტი აფხაზეთიდან დაქირავებულთა რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლასაც ითვალისწინებდა.

შეთანხმების მიუხედავად, როგორც გუმისთის ხაზზე, ისე გაგრის მუნიციპალიტეტში პოზიციური ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა. 26 სექტემბერს, გაგრის მუნიციპალიტეტში, ქართულმა მხარემ ლოკალურ შეტაკებაში მოწინააღმდეგის ერთი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა. დაკითხვაზე გაირკვა, რომ აფხაზები უახლოეს დღეებში გაგრაზე ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებდნენ. ამ ინფორმაციას გაგრის დაჯგუფების ხელმძღვანელობამ სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა.

გაგრის დაცემა

რედაქტირება
 
უნა-უნსო-ს მებრძოლები საქართველოში.

1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კოორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.

გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.

1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია „ავაზას“ ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.

მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.

5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძის მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.

საბრძოლო მოქმედებები 1993 წელს

რედაქტირება

1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.

ფართომასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი, ბაგრამიანის ბატალიონი.

16 მარტის ბრძოლა

რედაქტირება

1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

აფხაზთა დესანტის გადმოსხმა ტამიშში

რედაქტირება

16 მარტის კატასტროფის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოსავალის ძიება დაიწყო. სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეორგანიზებული იყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე 23 მარტს არძინბამ დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიამრთა.

14 მაისს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება ძალაში 20 მაისიდან შედიოდა. აფხაზეთში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა. ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.

ქართული მხარესათვის აფხაზები მოულოდნელად გააქტიურდნენ. 2 ივლისს დილის 5.00 საათზე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ახორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაგერა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო.

2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.

საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში (2 - 5 ივლისი)

რედაქტირება

ოჩამჩირეში დესანტის გადასხმა რუსების მიერ დამუშავებული საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილი იყო. დესანტის მთავარ მიზანს სტრატეგიული სიმაღლეების, უპირველეს ყოვლისა კი ანუარხუს ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. თუ დესანტი საკუთარ ამოცანას შეასრულებდა, აფხაზები სოხუმის შტურმს დაიწყებდნენ. 16 მარტს მიღებული გამოცდილებით, სეპარატისტები მიხვდნენ, რომ ქალაქს პირდაპირი დარტყმით ვერ აიღებდნენ. ამიტომ ოჩამჩირეში დაწყებული ოპერაციის პარალერულად აფხაზებმა გუმისთის შემოვლა დაიწყეს. მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ისარგებლეს და სოხუმის ჩრდილოეთით შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს.

აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაისროლეს და სამი დღის განმავლობაში სოხუმ-ჰესი, სოფელი გუმა და ახალშენი აიღეს. მოწინააღმდეგე სტრატეგიულ დასახლებას კამანს მიუახლოვდა.

ჩრდილოეთით მოწინააღმდეგის გააქტიურება უმნიშვნელო ეპიზოდად ჩაითვალა. ქართულმა მხარემ მთავარ ამოცანად ტამიშში გადმოსხმული დესანტის ლიკვიდაცია მიიჩნია. 3 ივლისს სადესანტო ნაწილებმა სიმაღლე ანუაარხუს პირველად შეუტიეს. ბრძოლა დაზვერვით ხასიათს ატარებდა და იგი ნახევარ საათში დასრულდა. თუ სიმაღლეს აიღებდნენ, სეპარატისტები ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალზე სრულ კონტროლს დააწესებდნენ. ქართულმა მხარემ დესანტის ლიკვიდაციისათვის მზადება დაიწყო. მოლაპარაკების შედეგად დესანტის ლიკვიდაციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ფორმირებებმა.

5 ივლისს მოწინააღმდეგე შრომა-კამანის მიმართულებით კვლავ გააქტიურდა. გამთენიისას აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფელი დღის ბოლოს დაეცა. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ 12 კილომეტრი აშორებდათ.

კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაცი დაკარგა.

შეტევა ანუაარხუზე და შრომაზე

რედაქტირება

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დესანტმა ანუარხუს შტურმი დაიწყო. 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სიმაღლის აღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინთხში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა 150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად აფხაზებმა იერიში სოხუმიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეც მიიტანეს.

ვითარება საგანგაშო გახდა, აფხაზებმა სოფლის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიკავეს, თუმცა აფხაზთა პირველი შეტევა ლიკვიდირებულ იქნა.

შრომა სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში მოხვედრა მხოლოდ ხეობიდან ამოსასვლელი ერთადერთი გზით შეიძლება. ამის მიუხედავად აფხაზებმა შრომის აღება მაინც მოახერხეს. სეპარატისტთა პირველი იერიშის მოგერიების შემდეგ სოფელში პოლიციის ნაწილი დარჩა. ღამით აფხაზებმა პოლიციის მეთვალყურეები ამოხოცეს და შრომა უდანაკარგოთ დაიკავეს.

დესანტის განადგურება

რედაქტირება

ანუარხუზე წარუმატებელი იერიშის შემდეგ დესანტმა 10 ივლისს კინდღის მიმართულებით გაჭრა სცადა, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. სეპარატისტებს გზა ქართველებმა გადაუჭრა. დესანტმა წინ წაწევა ვერ შეძლო და გაიფანტა. აფხაზებმა ტყვარჩელისკენ პატარა ჯგუფებით გადასვლა დაიწყეს. 11 ივლისს ოჩამჩირიდან წამოსულმა დაჯგუფებამ დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა. სოხუმისკენ გზა გაიხსნა. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დესანტისგან მხოლოდ წარწერები დარჩა.

27 ივლისის შეთანხმება

რედაქტირება

14 ივლისს აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. სეპარატისტები აკონტროლებდნენ კამანს, შრომას, ახბიუქს, აპიანდას. 17 ივლისს ქართულმა მხარემ სიმაღლეების დასაბრუნებელი ოპერაცია დაიწყო. თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად ქართულმა მხარემ სიმაღლეების დაბრუნება ვერ მოახერხა. სოხუმზე შეტევისთვის აფხაზებმა შესანიშნავი პლაცდარმი აიღეს. შრომა-კამანიდან სოხუმზე პირდაპი გზა მიდიოდა. ახბიუქისა და აპიანდას სიმაღლეებიდან კი ქალაქის დაბომბვა პრობლემას არ წარმოადგენდა. სოხუმი ჩრდილოეთის მხრიდან ბლოკირებული იყო. აფხაზებმა გუმისთის ხაზს მოუარეს და ქართველთა პოზიციების ზურგში გამაგრდნენ. ასეთ ვითარებაში ქალაქის დაცვა უკიდურესად რთული საქმე ხდებოდა.

27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.

27 ივლისი ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო.

სოხუმის დაცემა

რედაქტირება

აფხაზთა სამხედრო გეგმები

რედაქტირება
 
სოხუმის დამცველები.

1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა.

27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზურმა მხარემ სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენა. ქალაქის შტურმისთვის სეპარატისტები საფუძვლიანად ემზადებოდნენ. შეტევის გეგმა რუსეთის გენშტაბში დამუშავდა. ივლისში შრომა-კამანის აღებით აფხაზებმა ქართული დაცვის ზურგში მნიშვნელოვანი პლაცდარმი მოიპოვეს. აფხაზებს ქალაქის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში დაუბრკოლებლად შეეძლოთ შეღწევა. სექტემბრისთვის სოხუმი ჩრდილოეთიდან და გუმისთის მხრიდან ბლოკირებული იყო. გეგმის ძირითად ამოცანას სოხუმის მთლიანად ალყაში მოქცევა წარმოადგენდა. რუსეთის გენშტაბის ვარაუდით ქალაქი შეტევის დაწყებიდან ოთხ დღეში დაეცემოდა.

დარტყმის ძირითადი აქცენტი ქალაქის ახალ მუნიციპალიტეტზე კეთდებოდა. ოპერაციის მხარდაჭერას შრომა-კამანის მუნიციპალიტეტში ბაზირებული აფხაზური შენაერთები განახორციელებდნენ. იმისთვის, რომ ქართულ მხარეს სოხუმში დამატებითი ძალები არ გადმოესროლა, გათვალისწინებული იყო ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა. გეგმის განსახორციელებლად, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირებები უნდა გააქტიურებულიყვნენ.

გეგმა ივლისში აპრობირებულ ოპერაციას იმეორებდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მარყუჟი სოხუმთან უფრო ახლოს იკვრებოდა. ტამიშის ნაცვლად, ქალაქთან მისასვლელი გზების ბლოკირება ახალდაბასთან უნდა მომხდარიყო. თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა, სოხუმში შესაღწევად მხოლოდ საჰაერო გზა რჩებოდა. რუსულმა გეგმამ ამაზეც იზრუნა. ბაბუშერას აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აფხაზთა კატარღა უნდა გაჩერებულიყო.

შეტევის დაწყება

რედაქტირება

16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

კონფლიქტის შედეგები

რედაქტირება

კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ. კამანი, სოფ. შრომა, სოფ. ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ. მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49 000-მდე შენობა, აქედან 43 000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10 000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15 000 შენობა.

კონფლიქტის შემდგომი განვითარება

რედაქტირება

ქართული ჯარის მიერ აფხაზეთის დატოვების შემდეგ, აფხაზეთში კიდევ რამდენიმე მცირე მასშტაბის შეიარაღებული კონფლიქტები მოხდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jane’s Information Group. 1999. Jane's Sentinel Security Assessment: Russia and the CIS: Georgia. London: Jane's Information Group Limited. 16 July.
  2. MacFarlane, S. Neil. 2000. Arms Control, Conflict and Peace Settlements: The Caucasus. Geneva Center for Security Police Occasional Paper Series No. 8, Arms Control and Disarmament Cluster, 1999–2000. Geneva: GCSP.
  3. Abkhazia Armenians: Holding a home in an unstable territory, AGBU, 1 November 2004
  4. 4.0 4.1 4.2 Sönmez, Metin (2009). Abkhazia: 1992-2022 Georgian-Abkhazian Conflict & War. Amazon Digital Services LLC. p. 55.
  5. Tarkhan-Mouravi, George (1996). The Georgian-Abkhazian conflict in a regional context. Institute for Policy Studies. p. 26.
  6. http://www.spekali.tsu.ge/index.php/en/article/viewArticle/12/126
  7. „Non-NATO Europe“. The Military Balance. 93: 66–92. 22 January 2009. doi:10.1080/04597229308460053.
  8. Julian Demmer, Johanna Speyer (15 October 2015). „Georgia (Abkhazia) 1992-1993“ (PDF). www.prif.org.
  9. 9.0 9.1 GEORGIA/ABKHAZIA: VIOLATIONS OF THE LAWS OF WAR AND RUSSIA'S ROLE IN THE CONFLICT
  10. Georgia's Air Defense in the War with South Ossetia
  11. აფხაზეთში 1993 წლის 19 მარტს სოხუმთან ჩამოგდებული რუსეთის Cy-27 ტიპის გამანადგურებელი თვითფრინავის დოკუმენტური ფოტო (ვიდეო) მასალა
  12. ჯანო ჯანელიძე, „გზა სიმართლისა და გზა სიცრუისა“, «ცისკარი», №12, 1989
  13. შამბა, სერგეი (17 December 2008). „Сергей Шамба о 20-летии движения "Аидгылара" и национально-освободительной борьбе народа Абхазии“. REGNUM News Agency. ციტირების თარიღი: 31 January 2013.
  14. газ. «Советская Абхазия», №58 (18205), 24 марта, 1989
  15. აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის სათავეებთან
  16. ყორანაშვილი გ., 9 აპრილი მითი და სინამდვილე, გვ. 32
  17. გაზ. „კომუნისტი“, 1 აპრილი, 1989
  18. სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი“, გვ. 248
  19. ყორანაშვილი გ., 9 აპრილი მითი და სინამდვილე, გვ. 32
  20. პატიაშვილი ჯ., „ოცდასამი წლის შემდეგ“, თბ., 2013
  21. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან : აფხაზეთი : უძველესი დროიდან დღემდე, თბ., 2007, გვ. 372, 978-9941-0-0410-0
  22. გაზ. „კომუნისტი“, 6 აპრილი, 1989
  23. გაზ. „კომუნისტი“, 7 აპრილი, 1989
  24. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 20 ივლისი, 1989
  25. Закон СССР от 3 апреля 1990 года № 1409-I «О порядке решения вопросов, связанных с выходом союзной республики из СССР»
  26. Обращение ко всем гражданам Абхазской АССР. 28 июля 1990 г.
  27. Газ. Советская Абхазия, №158 (18555), 18 августа, 1990
  28. Газ. Советская Абхазия, №161 (18558), 23 августа, 1990
  29. Декларация о государственном суверенитете Абхазской Советской Социалистической Республики
  30. ჯონსი, 2013, გვ. 132
  31. ლაცუზბაია დ. ყოლბაია ვ. გელანტია რ. ჭახრაკია თ. აფხაზეთის ლაბირინთი, გვ.124 – თბილისი, „არხატი“, 1999
  32. ჯონსი, 2013, გვ. 133
  33. აფხაზეთის ლაბირინთი დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. ,გვ.127