სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ ოსეთის აო)

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სამხრეთ ოსეთის აო (რუს. Юго-Осетинская автономная область, Юго-Осетинская ао; 1922-1990 წლებში) — ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ცხინვალი.

სამხრეთ ოსეთის აო
რუს. Юго-Осетинская ао
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ადმ. ცენტრი ცხინვალი
შიდა დაყოფა ზნაურის რაიონი, ლენინგორის რაიონი, ცხინვალის რაიონი და ჯავის რაიონი
კოორდინატები 42°20′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 42.33333° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. / 42.33333; 44.00000
დაარსდა 20 აპრილი, 1922
ფართობი 3900 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 99 102 (1989)[1]
გაუქმდა 11 დეკემბერი, 1990

ოლქის სამართლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტია კანონი სამხრეთ ოსეთის აო-ს შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით 1980 წელს.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობდა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმოსავლეთით – ალევის ქედი, დასავლეთით საზღვარი კვეთდა ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულის, ყვირილის, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო–ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის არ, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრეთით — კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დასავლეთით — საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტები.

ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4 %). მოსახლეობა 97,4 ათასი კაცი (1981). ცენტრი – ქ. ცხინვალი (სტალინირი — 1936-1961 წწ.). სამხრეთ ოსეთში იყო 4 ადმინისტრაციული რაიონი: ზნაურის რაიონი, ლენინგორის რაიონი, ცხინვალის რაიონი და ჯავის რაიონი; ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი); ოთხი დაბა (ზნაური, კვაისა, ახალგორი, ჯავა).

1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს მიერთების შემდეგ დაიწყო აღნიშნული ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფა. ყოფილი სამეფოს ადგილას წარმოიქმნა საქართველოს გუბერნია, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი გადიოდა ისტორიული დვალეთის ჩრდილოეთით და შემდეგ აღმოსავლეთით მიუყვებოდა კავკასიონის მთავარ ქედს, უვლიდა ჩრდილოეთიდან ისტორიულ ხევს, არხოტს, შატილსა და თუშეთს. საქართველოს, საქართველო-იმერეთისა და ტფილისის გუბერნიებს ჰქონდათ თავისი შიდა დაყოფა. ერთ-ერთი ასეთი ერთეული იყო გორის მაზრა.

1842 წელს გორის მაზრას გამოეყო მთიელი ოსებით დასახლებული სოფლები და მათგან საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შეიქმნა დამოუკიდებელი ერთეული — ოსეთის ოკრუგი (შედგებოდა ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის უბნებისაგან). 1859 წლის 19 ივნისს ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის ნარის უბანი (დვალეთი) გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას, „ოსეთის ოკრუგი“ გაუქმდა და ნარჩენი ნაწილი მიერთებული იქნა გორის მაზრაზე ოსეთის უბნის სახელით.[2] 1860 წლის დასაწყისისათვის გორის მაზრა იყოფოდა ოთხ საპოლიციო უბნად: გორის, ოსეთის, სურამის, ხიდისთავის. 1867 წლის 9 დეკემბრის დებულებით გაუქმდა გორის მაზრის უბნებად დაყოფა, ხოლო 1888 წელს კვლავ აღდგა, ოღონდ ხუთ (ახალქალაქის, ბორჯომის, სურამის, ტყვიავისა და ცხინვალის) საპოლიციო უბნად.

1920 წლის 8 ივნისს საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცხინვალს ალყა შემოარტყა და ქალაქიდან განდევნა აჯანყებული ბოლშევიკები[3]. 1920 წელს ბოლშევიკები უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მესამეჯერ აჯანყდნენ „სამხრეთ ოსეთში“, მათ გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და ისწრაფვოდნენ ოსი ხალხის ეროვნული თვითგამორკვევისკენ.[4]

1921 წლის საქართველოს რევკომის 13 მარტის სხდომაზე დადგენილ იქნა „სამხრეთ ოსეთის“ აღსადგენად გამოყოფილიყო 1 მილიარდი მანეთი.[5] უკვე 1921 წლის 25 მარტიდან დაიწყო საქართველოში მცხოვრები მცირე ერების თვითგამორკვევაზე საუბარი, რომლის ფარგლებშიც „სამხრეთ ოსეთი“ მნიშვნელოვანი განხილვის საგანს წარმოადგენდა: „გადადებულია თანხა და ზომებია მიღებული დანგრეულ ოსეთის აღსადგენად. საერთოდ ერთა უფლებები სულ მოკლე დროში იქნება სათანადო კონკრეტულ ფორმებში ჩამოყალიბებული და ცხოვრებაში გატარებული“.[6]

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 22 აპრილს, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტი №2-ით.[7]

დეკრეტი მიღებულია:

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო იყო — სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრეთ ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით.

1980-1990-იან წლებში საქართველოში ეროვნული მოძრაობის პარალელურად გააქტიურდნენ სეპარატისტული ძალებიც, რომლებიც ცდილობენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნით მოახდინათ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელეყოთ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოეშორებინათ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.

მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტრიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველები მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავისი ისტორიულ ტერიტორიაზე – ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას ყოველთვის ჰქონდა კულტურული ავტონომიის ყველა უფლება.

1926 წლის 8 ივნისს სამხრეთ ოსეთში საბჭოთა წყობილების დამყარების 6 წლისთავი იზეიმეს.[8][9]

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრია სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმდა 1990 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით (გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, 12, 31/12/1990), დოკუმენტის ნომერი №63-ით.[10]

კანონი ითვალისწინებდა შემდეგს: გაუქმებულიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი; გაუქმებულიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო – აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები; ძალადაკარგულად ჩაითვალა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“ და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“; ცნობილი იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წარმოედგინა წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ[11].

კანონი მიღებულია:

მოსახლეობა

რედაქტირება

1979 წლის აღწერით სამხრ. ოსეთში მუდმივი მცხოვრები იყო 98 000 კაცი. ცხინვალში ცხოვრობდნენ: ოსები – 65 000 (66,4 %), ქართველები – 28 000 (28,8 %), რუსები – 2 000 (2,1 %), სომხები – 1 000 (1 %), სხვა ეროვნებანი – 2 000-მდე (1,7 %). სამხრ. ოსეთის აო მოსახლეობის ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1,9 %-ს შეადგენდა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ზრდა შემდეგი იყო: 1926 წ. ოლქში ცხოვრობდა 87 700 კაცი, 1939 წ. – 106 100 კაცი, 1959 წ. – 96 800 კაცი, 1970 წ. – 99 400 კაცი, 1979 წ. – 97 400 კაცი.

მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა (რაც უმთავრესად სიკვდილიანობის შემცირებით აიხსნება) არ იყო დაბალი, იგი საერთო რესპუბლიკურ შესაბამის მაჩვენებელს უტოლდებოდა. ოსები ძირითადად ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, 70-იან წლებში მათმა რაოდენობამ სამხრეთშიც მოიმატა (უმთავრესად მოსახლეობის მექანიკური ზრდის შედეგად). ქართველები უმეტესად სამხრეთ ნაწილში სახლობდნენ. საქალაქო ცენტრებში ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, ქართველი ებრაელები. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოლქში ვითარდებოდა მრეწველობა, რამაც განაპირობა რუსი და უკრაინელი მოსახლეობის გაჩენა. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე იყო 1 კმ²-ზე 25 კაცი, მაშინ როცა სიმჭიდროვე დამუშავებული ფართობის 1 კმ²-ზე 280 კაცს აღწევდა. ოქლის სხვადასხვა ნაწილში მოსახლეობის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. შედარებით უფრო დასახლებული და მეურნეობრივადაც უფრო ათვისებული სამხრეთ ნაწილი იყო (1 კმ²-ზე 70-80 კაცი). ნაკლებად იყო დასახლებული ჩრდილოეთ ნაწილი (ჯავის რაიონში საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 7 კაცს არ აღემატებოდა).

მოსახლეობის 54,7 % სოფლად ცხოვრობდა და უმთავრესად მეურნეობას მისდევდა. ქალქის მოსახლეობის ხვედრითი წილი ოლქის მთლიან მოსახლეობაში წლების მიხედვით შემდეგნაირად იზრდებოდა: 1926 წ. – 6,6 %, 1939 წ. – 13,0 %, 1959 წ. –29,8 %, 1970 წ. – 37,0 %, 1979 წ. – 42,3 %. ოლქის სამხრეთ და საშუალმთიან ზონაში თავმოყრილია მოსახლეობის 90%-ზე მეტი. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე განლაგებული სხვა რაიონების მსგავსად, სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობდა მაღალმთის მოსახლეობის ბარად ჩამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც ზოგიერთი სოფელი მთლიანად დაცარიელდა. ოლქის სოფლების უმეტესობა 50-100 მცხოვრებისაგან შედგებოდა, დიდი სოფლები (2000-ზე მეტი მცხოვრებით) არ იყო. ოლქის მრეწველობასა და მშენებლობაში ჩაბმული მოსახლეობის დაახლოებით 35 % ქ. ცხინვალზე მოდიოდა, სადაც თავმოყრილი იყო ოლქის მრეწველობის ძირითადი ნაწილი.

მმართველობა

რედაქტირება

ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, რომელიც 140 დეპუტატისაგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების ორგანოთა ვადა ორ-ნახევარი წელი იყო. არჩენების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წლის 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პროკურორს ნიშნავდა სსრკ-ს გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქს სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით.

მასმედია

რედაქტირება

პირველი წიგნი ოსურ ენაზე 1798 წელს დაისტამბა. XX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ეროვნული გაზეთები: „ირიონ გაზეთი“ („ოსური გაზეთი“, დაარსდა 1906), „ნოგ ცარდი“ („ახალი ცხოვრება“, 1907), ჟურნალები: „ზონდი“ („გონება“, 1907), „აფსირი“ („თავთავი“, 1910) და სხვა.

სამხრეთ ოსეთის აოვტომიური ოლქის შექმნის შემდეგ გამოდიოდა საოლქო გაზეთები:

რაიონული გაზეთები: ქართულ და ოსურ ენებზე:

ჟურნალები:

  • „ფიდიუაგი“ („მაცნე“, 1927 წლიდან, ტირაჟი 13,7 ათ. ც.) — საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების ორგანო.

გამომცემლობა „ირისთონი“ („ოსეთი“, 1930 წლიდან) ყოველწლიურად გამოსცემდა 45 დასახელების წიგნს 170 ათ. ც. საერთო ტირაჟით, ლიტერატურა გამოდიოდა ოსურ და რუსულ ენებზე.

რადიომაუწყებლობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში მუშაობდა 1939 წლის სექტემბრიდან. ოლქი იღებდა ცენტრალური და რესპუბლიკური ტელევიზიათა გადაცემების პირველ პროგრამებს. 1962 წელს ცხინვალში დაიდგა ტელეტრანსლიატორი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება