მთავარი მენიუს გახსნა
თუშეთი
კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი
კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი

თუშეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და რამდენიმე სოფელს მოიცავს. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]

გეოგრაფიარედაქტირება

 
ხედი ომალოდან
 
კოშკები
 
ხახაბო
 
ხედი კესელოს ციხიდან, ზემო ომალო

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით:

 
„ხოლო თუშნი და დიდონი უკჱთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი[2].“
 
„ხოლო თუშეთი არს ლოპოტისა, თორღისა და პანკისის აღმოსავლით, კავკასიის მთის ჩრდილოთ კერძოთა შინა, და არს ორსჴევად, და მდებარებს ჩრდილო დასავლეთის შუადამ აღმოსავლეთა სამჴრეთს შორის, და უდის შორის მდინარე თჳსი, და მიერთვის სონა მდინარეს, რომელი განვლის ჩაჩანს და მიერთვის ბორაღანს თერგის მდინარეს. ხოლო პანკისის გორდასწორ კავკასს იქით არს წოვა, წოვას ქვეით გომეწარი და მას ქვეით ჩაღმა. და ჩაღმიდამ გარდავალს გზა თორღას და ლოპოტის ჴევზედ. და არიან დაბნები ესენი უმჯობესნი, და სხვანი დაბნები არიან ლზ. ამის ჩრდილოთ არს ფარსმანის თუშეთის ჴევი, რომელთა უძეს შორის კავკასივე. და არს ფარსმანის-თუშეთს დაბანი ლვ და განჰყოფს ფარსმანსა და წოვა-გომეწარ-ჩაღმართის ჴევთა ქისტ-ღლიღვიდამ წამოსული კავკასი, აღმოსავლეთ-ჩდილოთ შუა მდებარე. და მზღურის ორსავ თუშეთს: აღმოსავლით კავკასი ჰავარსა, ჩაჩანსა და ამას შორისი; სამჴრით კავკასი ამას და დიდოეთს შორისი; ჩდილოთ კავკასი ამასა და ღლიღვ-ქისტს შორის. არამედ არს ქვეყანა ესე ყოვლითავე, ვიტარცა აღვსწერეთ ოსეთი, სიმაგრით, მოსავლით, პირუტყვით, ნაყოფიერებით და ჴელოვნებით[3].“

თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის მუნიციპალიტეტში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.

თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგო–აწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ე. წ. ვადაეთის ქედი. თუშეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ). თუშეთის ქედის პერპენდიკულარულად სამხრეთ მიმართულებით გამოიყოფა შემდეგი ქედები: ძველციხეთანის, ჭეროს, ცირბევის, დანოს, ლაროვანის, სანარის ქედი-სანარისა და აკაზმის ქედები.

მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3578 მ), დიდგვერდი (3334 მ) და პატარა ბორბალო (3180 მ). მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამოიყოფა უამრავი პერპენდიკულარული ქედები, რომელთა შორის აღსანიშნავია საჯინჭვლის, ნახიდურის, ალატოვანის, ოთხწყაროს, ენჭოს, ლაისა და სხვა.

თუშეთის რელიეფი და მისი ძირითადი ტიპები ჩამოყალიბებულია მეოთხეული პერიოდის ვერტიკალური მოძრაობებით, გამყინვარებით, მდინარეული ეროზიითა და მექანიკური გამოფიტვით. ვაკეებიდან გამოირჩევა ომალო-დიკლოს ვაკე, რომელიც ალაზნის კანიონით გაყოფილია ორ ნაწილად. აქვეა ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე. აღსანიშნავია აგრეთვე თურსიეხის, ქვახიდის, წოვათის, ალაზნის თავის და სხვა პატარ-პატარა ვაკეები.

ისტორიულად თუშეთი იყოფოდა რვა თემად: ჭანჭახოვანი, ჩაღმა, ხეცურთა, გომეწარი, პირიქითი (აღმა), სამციხი, ივანაურთა და წოვათა.[4]

კლიმატირედაქტირება

თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, იანვარ-თებერვალში ჰაერის საშუალო ტემპერატურე — 13-15 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის, თოვლის საფარის ხანგრძლივობა 5-6 თვეა, ხოლო ივლის-აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14-15 გრადუსია.

ნალექების რაოდენობა მერყეობს 450-900 მმ-ს შორის საშუალო მრავალწლიური კი 770 მმ-ია. აქედან ნალექების 69% მოდის თბილ პერიოდში აპრილიდან-სექტემბრის ჩათვლით, 31% კი — დანარჩენ ექვს თვეში მყარი სახით. თოვლის საფარის მაქსიმალური სისქე 2 მ-ს აღწევს, მინიმალური 0.3 მ-ს.

თუშეთის ჰავა კონტინენტურია. ღრუბლიან დღეთა რაოდენობა, საშუალოდ, თვეში 5.5-ია. სეტყვა იშვიათი მოვლენაა, რაც შეეხება ხორხოშელას, იგი უფრო ხშირადაა მოსალოდნელი. აქ საშუალო სიჩქარის ქარები (7-14 მ/წმ) წელიწადში 10%-ს აღწევს. თუშეთში, ძირითადად, სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.

ჰიდრორესურსებირედაქტირება

 
პირიქითი ალაზანი

თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება ანდის ყოისუს სახელწოდებით. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითი ალაზანი აწუნთა-ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).

გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.

პირიქითის ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი — ლაროვანის წყალი.

თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინება.

თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია.

ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.

თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც, რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული. ისინი გავრცელებულია როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში, ისე სოფლების მიდამოებში. სოფლების: შენაქოს, ომალოს, დიკლოს, თურსიეხისა და ხახაბოს ჭაობების არსებობაზე დიდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა.

თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. „ჩიღოს წყალი“ ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლართან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.

ფლორარედაქტირება

თუშეთის ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, რაც ერთი მხრივ, განპირობებულია ტერიტორიის სიდიდითა და გეოგრაფიული მდებარეობით, მიუხედავად ვერტიკალური სარტყელების მცირე დიაპაზონისა. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 32000 ჰა-ს. ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით (სოსნოვსკის ფიჭვი) და არყნარით (ლიტვინოვისა და რადეს არყი). მათ ხშირად ეთავსება ისეთი სახეობები, როგორიცაა ცირცელი, მდგნალი, მურყნარი და სხვა. თუშეთის ტყეებში და მათ გარეთაც მრავლადაა კენკროვანი და ტყის ხილის მცენარეულობა.

თუშეთის ტყეებში გამოიყოფა ტყის ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. თუშეთის ფიჭვნარებს, ოროგრაფიული იზოლირების წყალობით, ჯიშობრივი ცვლილება არ განუცდია. თითქმის ორი მილიონი წლის კარჩაკეტილი ევოლუციის შედეგია აქ მცენარეთა ტიპურებიდან განსხვავებული ფორმების არსებობა, ასეთებია: სოსნოვსკის ფიჭვი, მაჯაღვერი, ტირიფები, თელა და ა. შ.

ფაუნარედაქტირება

მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მტაცებელთა და წყვილჩლიქოსანთა რიგების წარმომადგენლები. ასეთი სახეობებია: ნიამორი, რომლის არეალიც შემოიფარგლება გომეწრისა და პირიქითის ვიწრო კლდოვანი ხეობებით და დიკლოს ხორხის მიდამოებით; არჩვი — მისი რიცხოვნობა ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების გამო (ძოვება, ბრაკონიერობა) მკვეთრად შემცირებულია; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის პოპულაცია ძალიან მცირერიცხოვანია; შველი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

მტაცებლებიდან პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს წინააზიური ლეოპარდი (ჯიქი), რომელიც მთელ კავკასიაში ერთეული ინდივიდების სახით არის შემორჩენილი პირიქითის ქედის სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებში. იგი აღმოჩენილ იქნა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალშიც. ეს ცხოველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ წიგნშია შეტანილი.

თუშეთში ასევე გავრცელებულია მგელი, ფოცხვერი, დათვი და ა.შ.

ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია, შევარდენი, შურთხი (მთის ინდაური). ყველა ეს სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ წიგნში.

დაცული ტერიტორიებირედაქტირება

 
დიკლოს მთა

თუშეთის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი) მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, თუშეთის ქვაბულში 900-4800 მ-ზე ზღვის დონიდან, თბილისიდან 280 კმ-ის დაშორებით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის დაარსების თარიღად 1981 წელი ითვლება. დღეს მისი ფართობი 10694 ჰა-ია. ეროვნული პარკი (83453 ჰა) და დაცული ლანდშაფტი (27903 ჰა) დაარსდა 2003 წლის 22 აპრილს.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.) დიდებული მწვერვალებით.

თუშეთის ტყეების დიდი ნაწილი პრაქტიკულად პირველქმნილია. აქ გავრცელებულ ცხოველთაგან ზოგიერთი წარმოადგენს კავკასიის ენდემებს ქვესახეობის დონეზე (მგელი, ფოცხვერი, არჩვი), ზოგ შემთხვევაში კი სახეობის დონეზეც (აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიამორი. სავარაუდოა წინააზიური ჯიქის არსებობაც. ფრინველთაგან გვხვდება კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, კავკასიის ენდემური სახეობა — კავკასიური როჭო, შურთხი, ხოხობი და სხვა.

თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

ისტორიარედაქტირება

 
შუა საუკუნეების საბრძოლო კოშკი თუშეთში

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.

ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში. IV ს-ის პირველ ნახევარში თუშეთი იყო გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი მთიელების თავშესაფარი. ასე მოხდა ფხოველების მიგრაცია თუშეთში. V საუკუნიდან გახდა იბერიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი. VIII საუკუნეში ხუნძახის თემთან ერთად შედიოდა ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები. VIII-IX საუკუნეებში, კახეთის სამთავროს შემადგენლობაში ყოფნის დროს, შედიოდა პანკისის საერისთავოში, მოგვიანებით კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის დროს — კახეთის საერისთავოში.

XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ მოექცა კახეთის სამეფოში, როგორც თუშეთის სამოურავო. სასულიერო თვალსაზრისით ექვემდებარებოდა ალავერდის ეპარქიას. მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.

XVII საუკუნის II ნახევარში თუშეთი წარმოადგენდა მეფე ერეკლე I-ის საყრდენს ტახტისთვის ბრძოლაში. 1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას. თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონებულ იქნა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით. XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს. XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო თუშების ჩასახლება კახეთში, ალვანის ველზე.

 
თუში მეომარი, 1898 წ.


დემოგრაფიარედაქტირება

 
სასტუმრო კესელოს ციხის ფონზე.

XIX-XX საუკუნეებში თუშეთში ჩატარებული მოსახლეობის კამერალური აღწერები თუშეთის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე დაკვირვებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა.

1801 წელს ჩატარებული აღრიცხვით თუშეთში აღირიცხა 1019 კომლი, 1860 წელს — 786, 1931 წელს — 379, 1963 წელს — 110 და 1975 წელს 70 [5]. სტატისტიკური მონაცემები თვალნათლივ ასახავს თუშეთიდან ბარისკენ დაწყებული მიგრაციული პროცესების დინამიკას. ბარისკენ მოსახლეობის ლტოლვა სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული, როგორიცაა გვაროვნულ-თემობრივი ინსტიტუტების რღვევა და სახელმწიფოებრივი ფორმების დამკვიდრება, ნატურალური მეურნეობის რღვევა და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარება, მკაცრი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები და შეზღუდული საარსებო სივრცე. ბოლოს, 1959 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებებით გააუქმა კოლექტივები თუშეთში და მოსახლეობა იძულებით ჩამოასახლა ბარში.

XX საუკუნის II ნახევარში, ზემოხსენებული პროცესების შედეგად, ძირეულად შეიცვალა თუშების ცხოვრებისა და განსახლების გეოსოციალური სურათი. თუშების ძირითადმა საცხოვრისმა თუშეთიდან გადაინაცვლა ბარის სოფლებში — ზემო ალვანში, ქვემო ალვანსა და ლალისყურში, ხოლო თუშეთმა და შირაქმა საზაფხულო და საზამთრო საძოვრებისა და სეზონური საცხოვრისის ფუნქცია შეიძინა. ამჟამად თუშეთში მუდმივად 25 ოჯახი ცხოვრობს [6]

ტრადიცია და კულტურარედაქტირება

 
შენაქოს სამების ეკლესია დიკლოს მთის ფონზე.
 
ტრადიციული ფიქლით ნაგები სახლი შენაქოში.
 
თუშური თექა

თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა.

თუშეთის ტრადიციული განსახლების სისტემა, ეკოლოგიურ-ესთეტიკური და თავდაცვით-სამეურნეო თვალსაზრისით, ბუნებრივი და ანთროპოგენური გარემოს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხე-კოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად მაღალი ხარისხის ლანდშაფტურ ღირებულებებს ქმნის.

მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ, თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ, დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.

რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.

მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი „გუდის ყველის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, „გუდაში“ ხდება.

საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და ქეჩები.

მუსიკარედაქტირება

თუშური სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაულების განუყოფელი ელემენტია მუსიკა, გარმონზე შესრულებული ქართული მელოდიები. თუშური სიმღერების სევდიან ტონალობასა და მგზნებარე ქორეოგრაფიულ პლასტიკაში აღბეჭდილია ისტორიის მძიმე ქარტეხილებში გამოვლილი ხალხის სულიერი დრამა და ცხოვრების სიძნელეებისადმი შეუპოვრობა.

არქიტექტურარედაქტირება

მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან თუშეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი ფორტიფიკაციული არქიტექტურა.

სოფლების განაშენიანებისათვის, როგორც შენაქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი დასახლების ნაშთები მოწმობს, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ. თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან.

საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა, რაც პასუხობდა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://whc.unesco.org/en/tentativelists/5228/
  2. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 168
  3. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 171
  4. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  5. გ. კურდღელაიძე „თუშეთი“
  6. კახეთის საინფორმაციო ცენტრი