თუშებიქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. თუშების თავდაპირველი განსხლების არეალი იყო თუშეთიკავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, პირიქითა და გომეწრის ალაზნის სათავეებში. მოგვიანებით მოხდა მათი ბარში ჩამოსახლება, კერძოდ კახეთშიახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. წოვათუშების სასაუბრო ენას წარმოადგენს ბაცბური ენა, ხოლო ჩაღმა თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე.

თუში

წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებები, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, არიან მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი.

ქართლის სამეფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III ს. მიჯნა) თუშეთი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. IV ს-ში იგი გაქრისტიანების გამო შევიწროვებული ფხოველების თავშესაფარი გახდა. თუშები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოში შემოსული მტრების წინააღმდეგ, მათ ძირითად ფუნქციას ქვეყნის ჩრდ. საზღვრების დაცვა შეადგენდა. ისევე, როგორც აღმ. საქართველოს მთიანეთის სხვა მკვიდრნი, თ-ც ტერიტორიული თემების/ საზოგადოებების პრინციპით ცხოვრობდნენ. უშუალოდ ემორჩილებოდნენ სამეფო სახლს. მათ შორის სოციალური დიფერენციაცია არ ყოფილა, თუშეთში არ იყვნენ თავადაზნაურები, სახელმწიფოს აქ თავისი მოხელე - მოურავი ჰყავდა.

თუშური მოსახლეობა ისტორიულად ორ ჯგუფად იყოფა: წოვათუშებად და ჩაღმათუშებად. ეს ორი ჯგუფი ეთნოგრაფიული, ყოფითი და კულტურული ტრადიციების მიხედვით თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. სხვაობა მათ შორის ენობრივია: ჩაღმათუშები ერთენოვანნი არიან და მეტყველებენ ქართული ენის თუშურ (ჩაღმათუშურ) დიალექტზე, რ-იც ლინგვისტურად ფშაურ, ხევსურულ და მოხევურ დიალექტებთან ერთად ქართულ კილოთა ე. წ. ფხოვურ ჯგუფში ერთიანდება; წოვათუშები ორენოვანნი არიან. მათი საშინაო სალაპარაკო ენაა ნახური ჯგუფის ენათა თავისებური განშტოება - წოვათუშური ენა, ხოლო გარე ურთიერთობებში, განათლებისა და კულტურის სფეროში ისინი ქართულენოვანნი არიან.

თუშები მეურნეობის დარგებიდან ძირითადად მეცხვარეობას მისდევდნენ. კახეთის ბარში, საზამთრო საძოვრებზე ცხვარი მათ საუკუნეების განმავლობაში ჩამოჰყავდათ. ეს საძოვრები კახეთში თ-ს ისტორიულად ეკუთვნოდათ – ისინი მეფეთა მიერ ჰქონდათ ბოძებული.

იმის გამო, რომ მაღალ განვითარებას მიაღწია გადარეკვითმა, მთაბარულმა მეცხვარეობამ, თ-მა საუკუნეთა განმავლობაში ამ პირობებს შეგუებული ცხვრის განსაკუთრებული ჯიში – თუშური ცხვარი გამოიყვანეს (იხ. აგრეთვე თუშური ცხენი). საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმულია თუში მეცხვარეების მიერ დამზადებული თუშური ყველი. XIX ს-ში თუშური ყველი არა მარტო თბილისის ბაზარზე, არამედ რუსეთის მრავალ ქალაქშიც იყიდებოდა.

თუშურ მეცხვარეობასთან იყო დაკავშირებული მცნობის ინსტიტუტი. მცნობი არის ბატკნისა და მისი დედის (ნერბის) ცნობის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული მწყემსი.

მეცხვარეობის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, თუშები ტრადიციულად მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ. ისინი თესავდნენ ჭვავს, ხოლო საგაზაფხულოდ – ქერსა და შვრიას. ქერი თ-ის ძირითადი საკვები იყო, ხოლო შვრიას საქონლის საკვებად და არყის გამოსახდელად იყენებდნენ. იმის გამო, რომ მამაკაცების უმეტესობა ძირითადად დაკავებული იყო მეცხვარეობით, სამიწათმოქმედო სამუშაოებს ხშირად ქალები ასრულებდნენ (მთელ საქართველოში მხოლოდ თუში ქალი ხმარობდა ცელს).

ორიგინ. იყო თუშური საცხოვრებელი სახლი, რ-იც მშრალი წყობით იყო აგებული. თუშები, ჩვეულებრივ, სახლებს პირმზითში აშენებდნენ, შემაღლებულ ადგილებზე, რათა თოვლის ზვავისაგან დაცული ყოფილიყვნენ. თ-ის საგვარეულო და სასოფლო ხუთ-ექვს სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტრის თავდასხმის დროს. პირველი სართული ტყვეების დასამწყვდევ დილეგს წარმოადგენდა. კოშკები იყო როგორც პირამიდულსახურავიანი („წვერიანი ციხე“), ისე ერთქანობიანი („სიპით დახურული ციხე“); გადახურული იყო ფიქალის ქვებით. პირველი მათგანი მხოლოდ პირიქითის ხეობაში ყოფილა გავრცელებული დართლოდან მოყოლებული სოფ. ჭონთიომდე. კოშკებს თუშები აგებდნენ როგორც დუღაბით, ისე უდუღაბოდ. გადმოცემით, მშვიდობიანობის დროს კოშკის თავზე ჯვარს აღმართავდნენ, ომის დროს კი – „ბაირახს“.

ყველა კოშკს ზედა სართულებში ჰქონდა ჩარდახები, სამზირები, შუკუმები. პირველ სართულს კარი არ ჰქონდა. მას შესასვლელი მეორე თვალის (სართულის) ბანის ერდოდან ჰქონდა. კოშკში მეორე სართულზე კიბით ადიოდნენ. აქ ქალები და ბავშვები თავსდებოდნენ, ხოლო უფრო ზემოთ – მეომარი ხალხი. ყველა სოფელს თავისი სალოცავი, ხოლო ზოგან ორ სოფელს საერთო სალოცავი ჰქონდა. სალოცავი ორი ტიპისა იყო: „კოშკი“ და „დარბაზი“. აქ ინახავდნენ ხატის დროშას და ჭურჭელს. სალოცავ-ნაგებობებებთან ახლოს მისვლა ქალებს ეკრძალებოდათ.

სასოფლო სალოცავებს „ჯვარი“ ეწოდებოდა. ასეთი „ჯვრები“ ქრისტ. წმინდანების სახელწოდებისაც (სამება, წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი, მიქელგაბრიელი) იყო და წინარექრისტიანულისაც (კოპალე, იახსარი, ბატონ ბიჭეხელი, ფიწალე, წასნეს ჯვარი, ლაღი ბიჭეხელი, ლაშარის ჯვარი).

თუშები გამოირჩევიან ტილოების, ფარდაგების, წინდების ქსოვის მაღალი ტექნოლოგიით, აგრეთვე ჩითების (ნაქსოვი ფეხსამოსი), ქუდების დამზადებით (იხ. თუშური ქუდი). შინამრეწველობის ამ დარგების განვითარებას, ბუნებრივია, მატყლის სიუხვე განაპირობებს. დადგენილია, რომ თუშური ცხვრის მატყლი უმაღლესი ხარისხის, რბილი, ნაზი და მბზინავია. აქ მატყლს ქალები ამუშავებდნენ. გოგონები ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად ქსოვდნენ წინდებს, ხოლო ცხრა-ათი წლისანი – ჩითებს. ცამეტი-თხუთმეტი წლის ქალიშვილები უკვე ფარდაგებისა და შალის დახელოვნებული მქსოველები იყვნენ.

ისტორიულად თუშეთში ჩვეულებითი სამართალი მოქმედებდა. სოფ. დართლოში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი უხუცესთა თორმეტი ქვის სავარძელი. ოჯახის უფროსი მამაკაცი იწოდებოდა „ბერად“, ქალი – „ბერდედად“.

თ-მა ხატობებში ფანდურზე დამღერება იცოდნენ. ფანდურის თანხლებით ასრულებდნენ ორსართულიან საკულტო ფერხულს – „ქორბეღელასაც“.

თუშეთში XX ს. 20–30-იანი წლებისათვის ფაქტობრივად თუშები აღარ დარჩნენ – ისინი კახეთში ჩამოსახლდნენ (ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, ლალისყური, ფშაველი). მთაში ასვლა-ჩამოსვლა ძირითადად დაკავშირებული იყო მეცხვარეობასა და მესაქონლეობასთან, მდიდარი საზაფხულო საძოვრების გამოყენებასთან. ბოლო პერიოდში თუშეთის მთა ერთგვარად გამოცოცხლდა, რაც განპირობებულია ტურიზმის განვითარებით.

ქართული გვარები თუშეთში ბოლოვდება -ურ (-ულ), -ძე და -შვილი სუფიქსებით: იჭირაული, ბუხაჩაური, რაინაული, სისვაური, ჩხერაული; ჩუნთაიძე, ბექურაიძე, გულუხაიძე, ხაჩიძე, იმედიძე, ჭვრიტიძე, ოშორიძე, ჭოლიკიძე, მოზაიძე, მურთაზაშვილი, ცისკარიშვილი, ბუქურაული, მაჩაბლიშვილი, შავხელიშვილი, ლაგაზიძე, დურმიშხანიძე, ბონდურიშვილი, ბობღიაშვილი, გარსევანიძე და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თოფჩიშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 136-138.
  • აზიკური ნ., მგოსანნი გლოვისანი, თბ., 1986;
  • აზიკური ნ., თუშური ფარდაგი, თბ., 1999;
  • ბოჭორიძე გ., თუშები, თბ., 1993;
  • ბრეგაძე ნ., მეცხვარეობის ისტორიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის», VII, თბ., 1979;
  • თოფჩიშვილი რ., წოვა-თუშები, თბ., 2009;
  • ქალდანია. კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოს მთიანეთში, წგ.: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი, საქართველოს მთური საცხოვრებელი ნაგებობები, თბ., 1986.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება