კახეთის სამთავრო — ფეოდალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, ჩამოყალიბდა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით 787 წელს იგი გამოეყო ქართლის საერისმთავროს.

კახეთის სამთავრო
 

7871010  


ქართული სამეფო-სამთავროები X საუკუნეში
დედაქალაქი უჯარმა
თიანეთი
თელავი
ენა ქართული
რელიგია აღმოსავლეთ ქრისტიანობა
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია ბაგრატიონები (787–827)
ქვაბულიძეები (827–839)
დონაურები (839–881)
არევმანელები (881–1010)
ქორეპისკოპოსი
 - 787–827 გრიგოლი (პირველი)
 - 1014–1020 კვირიკე III (ბოლო)

კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება

რედაქტირება

კახეთი შედიოდა ქართლის სამეფოს, ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, ქართლის საერისმთავროს შემადგენლობაში. VII ს-ში და VIII ს-ის პირველ ნახევარში ქართლი მოიცავდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს და ის არაბთა სახალიფოს ქვეშევრდომი იყო, მაგრამ VIII ს-ის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ საქართველოში, არაბული წყაროები ცალკ-ცალკე ასახელებენ ქართლსა (ჯურზან) და სანარიას, რაც ამ დროს კახეთს გულისხმობს. კახეთის სამთავროს წარმოშობა უშუალოდ უკავშირდება წანარების, წანარეთის ხევის ისტორიას. წანარეთისა და წანარების შესახებ ცნობები მოგვეპოვება ქართულ, არაბულ და სომხურ საისტორიო წყაროებში. ქართული წყაროების „წანარეთი“, არაბული წყაროების „სანარია“ და სომხური წყაროების „წანარქ“ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ეთნო-ადმინისტრაციული ერთეულია. წანარეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დარიალის კარის, მდინარე არაგვის სათავეებში მდებარეობდა და მოიცავდა ჯვრის უღელტეხილსა და მისი მიმდგომი მხარის მიწა-წყალს (თანამედროვე ყაზბეგის რაიონს). ეს მხარე მდიდარია IX-X საუკუნეების საკულტო ძეგლებით. XVI-XVII საუკუნეების რუსულ წყაროებში არაგვის საერისთავოს სიონის (სონის) საერისთავო ეწოდება, რაც მიუთითებს სიონის მნიშვნელობაზე არაგვის ხეობაში, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წანარეთის ადმინისტრაციული ცენტრი სიონ-გარბანში იყო. საისტორიო წყაროებში ის აგრეთვე მოიხსენიება როგორც „წანარეთის ხევი“. დროთა განმავლობაში „წანარეთი“ ჩამოშორდა და დარჩა „ხევი“. ამ „ხევის“ ფარგლებში იყო კავკასიონის ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი, დარიალის ხეობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაში. მას ჰქონდა როგორც სავაჭრო ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა (ამ გზით ქართველები და უცხოელი დამპყრობლებიც ქირაობდნენ სამხედრო რაზმებს), გარდა ამისა, აქედან სამხრეთ კავკასიაში და წინა აზიაში იჭრებოდნენ ჩრდილოკავკასიელი მომთაბარეები, ამიტომ დარიალის ჩაკეტვით დაინტერესებულნი იყვნენ როგორც ქართველი ხელისუფლები, ისე წინა აზიაში გაბატონებული დამპყრობლები და რადგანაც დარიალი და არაგვის ხეობა კახეთთან იყო დაკავშირებული, წანარების ისტორია ორგანულად უკავშირდება კახეთისას.

VII საუკუნის შუა წლებში წანარები, სხვა ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად, არაბთა მფლობელობაში მოექცნენ. მართალია, არაერთგზის ჰქონდა ადგილი დამპყრობთათვის დაუმორჩილებლობასა და ხარკის გადახდაზე უარის თქმას, მაგრამ არაბთა სახალიფოს დამსჯელი ექსპედიციები ახერხებდნენ ძველი მდგომარეობის აღდგენას. VIII საუკუნის შუა წლებიდან კი წანართა ურჩობამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. ჩანს ამავე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან იწყება მათი ბრძოლის გააქტიურება. ამასთანავე წანარები სათავეში უდგებიან კახეთის გაერთიანებისა და ერთიანი სამთავროს ჩამოყალიბების პროცესს. ბრძოლა დაძაბულია, გამოგზავნილი სამხედრო ძალები უმრავლეს შემთხვევაში მარცხდებიან. სავარაუდოა, რომ VIII საუკუნის 60-70-იან წლებში უკვე არსებობს წანართა მოთავეობით არაბთა წინააღმდეგ საერთო ძალით ბრძოლის კავშირი, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზმად ყალიბდება, რომელსაც არაბები სანარიას უწოდებენ, ქართველები კი კახეთს. ნიშანდობლივია, რომ იგივე წყაროები VIII ს-ის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისის მოვლენებში ჯურზანს (საკუთრივ ქართლს) და სანარიას (კახეთს) ერთმანეთს უპირისპირებენ. იმდროინდელი არაბული წყაროების სანარია უკვე ქართლიდან გამოყოფილი კახეთის სამთავროა, სადაც წამყვან ძალას წანარები წარმოადგენენ. კახეთის პირველი მთავრები, ჩანს, წანართა დინასტიიდან იყვნენ. VIII ს-ის 80-იან წლებში კახეთის გაერთიანება, სამთავროს შექმნა წანართა მოთავეობით მომხდარი ფაქტია.

იმყოფებოდნენ რა არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში და საფუძველს უყრიდნენ კახეთის ქვეყნების გაერთიანებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, წანარები ენით ქართველები, სარწმუნოებით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და კახეთის სამთავროს ქართული სახელმწიფოს შექმნას ემსახურებოდნენ.

ქორეპისკოპოსობა და ქორეპისკოპოსები

რედაქტირება

არსებობს მოსაზრება, რომ წანართა ქორეპისკოპოსები, კერძოდ პირველი ქორეპისკოპოსი გრიგოლი (787-827 წწ.) ბაგრატიონი იყო. გრიგოლის შემდეგ ქორეპისკოპოსები გარდაბნელი დონაურები ხდებიან (837-881 წწ.), ხოლო მათი შემდგომი ქორეპისკოპოსები არევმანელები იყვნენ (881-1037 წწ.). არსებობს მოსაზრება, რომ ფადლა არევმანელი პირველი ქორეპისკოპოსის, გრიგოლის შთამომავალი ე.ი. ისიც ბაგრატიონი იყო. 1037 წლიდან კახეთის გამგებლები კვირიკიანები ხდებიან, კვირიკე III-ის (1010-1037 წწ.) შემდეგ კახეთის მეფეა მისი დისწული, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავით ბაგრატიონის ვაჟი - გაგიკი. ეს დინასტია აღსართან II-ით სრულდება, რომლის შემდეგ კახეთ-ჰერეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედის. უკანასკნელად ქორეპისკოპოსის ტიტულს დავითი ატარებდა. მისი მომდევნო ხელისუფალნი უკვე „კახთა და რანთა (ჰერთა) მეფედ“ იწოდებოდნენ. ქორეპისკოპოსები წერილობით წყაროებში ზოგჯერ მეფეებად იწოდებიან, ისევე, როგორც ქართლის ერისმთავრები და ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები.

ქორეპისკოპოსი სასულიერო ტიტულია. ის აერთიანებს საერო და სასულიერო ხელისუფლებას. კახეთის მთავრები კი საერო პირები იყვნენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რადგან კახეთის გაერთიანების საქმეში წამყვან ძალას წანარები წარმოადგენდნენ, პირველი მთავრებიც მათი ქორეპისკოპოსები იყვნენ, ხოლო კახეთის ერთიანი სამთავროს შექმნის შემდეგ ხდება ქორეპისკოპოსის საერო ხელისუფლად, მთავრად ტრანსფორმაცია. საერო და საულიერო ხელისუფლების ერთი პირის ხელში გაერთიანების ტრადიცია კი საქართველოს მთიანეთისათვის უცხო არ არის. XI საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მთავრები „მეფის“ ტიტულს იღებენ და იწოდებიან „კახთა და რანთა“ ე.ი. კახეთისა და ჰერეთის მეფეებად. კახეთის ქორეპისკოპოსებმა რომ ნამდვილად დაიმკვიდრეს საერო მმართველის სტატუსი, ამის დადასტურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკვე IX ს-ში ისინი კახეთის სამთავროს უზენაესი სამოქალაქო ხელისუფალნი არიან, ასეთ როლში გამოდიან ისინი საერთაშორისო არენაზე, სადაც ოფიციალური ბიზანტიური ხელისუფლება მათ წანართა არქონტს უწოდებს.

კახეთის სამთავროს ტერიტორია

რედაქტირება

ტერიტორიულად კახეთის სამთავრო არ ემთხვეოდა მთლიანად იმ რეგიონს, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა კახეთის სამეფოს და რომელსაც კახეთი ეწოდება. კახეთის სამთავრო მოიცავდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანს და IX საუკუნეში საზღვარი კახეთსა და ჰერეთს შორის დაახლოებით ხუნანის სამხრეთით იწყებოდა და თურდოს, სამებისა და შტორის ხევებს მიუყვებოდა.

XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ისტორიული საქართველოს ეთნო-პოლიტიკური კონცეფციით, ქართველთა ეთნარქს, ქართლოსს ხუთი შვილი ჰყავდა, მათ შორის კახოსი, კუხოსი და გარდაბოსი. მათ წილხვდომილ ქვეყნებს კი - კახეთი, კუხეთი და გარდაბანი ეწოდებოდათ. კახეთს საზღვრავდა: კავკასიონი, კახეთის მთები, მდინარე არაგვი და ჰერეთი და მისი ცენტრი იყო ქალაქი ჩელეთი (იგივე ჟალეთი); კუხეთს საზღვრავდა მდინარე არაგვი და ჰერეთი და მისი ცენტრი იყო ქალაქი რუსთავი; გარდაბანს საზღვრავდა მდინარე მტკვარი, მდინარე ბერდუჯი (დებედა), გაჩიანი (ქვემო ქართლში), ცენტრი იყო ქალაქი ხუნანი. სამივე ეს თემი, თავისი ქართული მოსახლეობით ერთმანეთს ესაზღვრებოდა, რამაც შეუწყო ხელი მათ გაერთიანებას ერთ - კახეთის სამთავროდ. ეს სამივე გაერთიანება მოქცეული იყო ქართლს, ალბანეთსა და კავკასიონს შორის. XI საუკუნის დასაწყისში განხორციელდა კახეთისა და ჰერეთის გაერთიანება.

 
ქართული სამეფო-სამთავროები X ს-ში

ჯერ კახეთი და კუხეთი გაერთიანდა და მისი ცენტრი უჯარმა იყო, მაგრამ შემდეგ კახეთ-კუხეთ-გარდაბნის ცენტრი თიანეთი გახდა. თიანეთი ივრის ზემო წელზე მდებარეობდა. ცენტრის გადატანა მისმა მდებარეობამ განაპირობა - ის სამივე მხარის გასაყარზე მდებარეობდა, ამასთანავე, როდესაც კახეთის სამთავროს მეფე ბაგრატ III უტევდა, თიანეთი უფრო შორსაც იყო და უკეთაც იყო დაცული. XI საუკუნეში, როდესაც კახეთის სამთავრომ ჰერეთი შეიერთა, დედაქალაქმა თელავში გადაინაცვლა რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო თელავის რეგიონის მეურნეობრივი დაწინაურებით, მაშინ როცა თიანეთი შედარებით მწირი მთიანი ზოლია, თელავი ნაყოფიერი მიწის ზოლშია, სადაც უძველესი დროიდან იყო განვითარებული სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგები, მევენახეობა-მებაღეობა, ამასთანავე ის უკეთ იყო დაცული. თელავში ცენტრის გადატანა, ალბათ, იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ ის კახეთ-ჰერეთის სამეფოს ორი ძირითადი ეთნოსის - კახთა და ჰერთა განსახლების გზაგასაყარზე მდებარეობდა. ამ არჩევანმა გაამართლა, თელავი, ყველა ისტორიულ ვითარებაში და დღესაც, კახეთის ცენტრია.

ისევე როგორც „ქართლს“, „აფხაზეთს“, სახელწოდება „კახეთსაც“ აქვს თავისი ვიწრო და ფართო მნიშვნელობა. ვიწრო მნიშვნელობით ის მოიცავს საკუთრივ კახეთის საერისთავოს, VIII საუკუნის მეორე ნახევარში, კახეთის სამთავროს შექმნის შემდეგ კახეთად იწოდებოდა საკუთრივ კახეთი (წანარეთიანად), კუხეთი და გარდაბანი, ხოლო კახთა ქორეპისკოპოსების მიერ ჰერეთის შემოერთების შემდეგ, ჰერეთსაც კახეთი ეწოდება. მართალია, XV საუკუნემდე კიდევ არსებობს ცნება ჰერეთი საკუთრივ ჰერეთის მიმართ, მაგრამ შემდეგ „ჰერეთი“ წერილობით წყაროებში აღარ გვხვდება. ამგვარად ცნება „კახეთის “ გაფართოება ხდება ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.

ეკონომიკა

რედაქტირება

კახეთის სამთავრო ეკონომიკურად დაწინაურებული მხარე იყო. აქ შერწყმული იყო მთისა და ბარის მეურნეობის დარგები: ინტენსიური მიწათმოქმედება, მევენახეობა, მებაღეობა და სახნავი მიწათმოქმედება ბარისა და ალპურ მესაქონლეობასთან, რის საფუძველსაც საზაფხულო და საზამთრო საძოვრების სიუხვე ქმნიდა. მდინარეები იორი და ალაზანი კარგად იყო გამოყენებული ფართო სარწყავი სისტემის შესაქმნელად, რაც ქმნიდა პირობას მიწის ფართო მასშტაბით გამოსაყენებლად სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარებისათვის. მდინარეების - ივრისა და ალაზნის ზემო წელზე, მთიან ზოლში წამყვანი დარგი მესაქონლეობა იყო. დიდი რაოდენობით ცხენებისა და ცხვრის არსებობაზე საინტერესო მითითებას იძლევა X საუკუნის არაბი ისტორიკოსი იაკუთი. 828/30 წ. არაბთა წინააღმდეგ დამარცხებული სანარები (კახეთის სამთავრო) 3 000 ცხენითა და 20 000 ცხვრით იხდიან კონტრიბუციას, ესაა მათი მეურნეობის ძირითადი და საუკეთესო ნაყოფი. ალბათ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ განთქმული ცხენის ჯიშის მფლობელ არაბთათვის 3 000 კახურ ცხენს მნიშვნელოვანი ფასი ჰქონდა. კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების მოსახლეობა, მათ შორის თუშები, მეჯოგე ტომები იყვნენ, რომელთაც კავკასიონზე ალპური საძოვრები ჰქონდათ, ხოლო ივრისა და ალაზნის ველებს, აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროს საზამთრო საძოვრებად იყენებდნენ. ამდენად, კავკასიონის მთელი მოსახლეობა ეკონომიკურად კახათთან იყო დაკავშირებული, რაც განაპირობებდა კახეთისადმი პოლიტიკურ დაქვემდებარებას.

სტრატეგიული ობიექტები და კულტურა

რედაქტირება
 
უჯარმის ნანგრევები
 
კვეტერა
 
ბოჭორმის ცილინდრული კოშკი
 
ნეკრესი

კახეთის ეკონომიკური აღმავლობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთზე გამავალ სავაჭრო მაგისტრალის არსებობას, რომელზედაც აღმოცენდნენ კახეთის უძველესი ქალაქები: უჯარმა, ბოჭორმა; მნიშვნელოვანი ქალაქები იყო აგრეთვე ჩელეთი, ნეკრესი, რუსთავი, თიანეთი; ციხე-ქალაქები: ვერონა, კვეტერა, რომელიც იცავდა ივრის ხეობიდან გომბორის უღელტეხილით ალაზნის ველზე გამავალ გზას, ზედაზენი — ქალაქური ტიპის დასახლება არაგვის ნაპირზე, VIII საუკუნის ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკით, თავის დროზე ერთ-ერთი სირიელი მამის მიერ დაარსებული მონასტრის ადგილას, უჯარმა — საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, კახეთის სამეფოს ცენტრი ხდება, როდესაც კახეთი გამოეყო ქართლის საერისმთავროს. კახეთის სამთავრო მდიდარია საკულტო ძეგლებით, საეპისკოპოსოებით, კახეთში დამკვიდრდა რამდენიმე ცამეტ ასურელ მამათაგანი, რომელთაც აქ თავიანთი მონასტრები დააარსეს, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე აგრძელებდნენ არსებობას, მნიშვნელოვან კულტურულ კერებს წარმოადგენდნენ და გავლენას ახდენდნენ ქვეყნის სულიერ ცხოვრებაზე. მაგ.: დავით გარეჯელის ერთ-ერთი მოწაფის, დოდოს მიერ დაარსებული დოდორქის მონასტერი, რომლის კონქშიც შემორჩენილია VIII-IX საუკუნის დოდოს ფრესკა, მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია საქართველოში - ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით, მარცხენა გადაშლილი წიგნით, ქართული წარწერის შემორჩენილი კვალით, ნეკრესის, შუამთის, გიშის საეპისკოპოსოები, იყალთოს VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია, თავის დროზე სირიელი მამის დაარსებული მონასტრის ადგილას და მრავალი სხვა. დონაურების დროს (837-881) აქ მოღვაწეობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ტომით კახელი, ილარიონ ქართველი, რომელმაც დააარსა დედათა მონასტერი, სოფელ აკურას „მამადავითის“ ეკლესია და სხვა მონასტრები. IX-X საუკუნეთა მიჯნაზე ხევში აგებულია გარბანის ეკლესია, უაღრესად საინტერესო ბარელიეფით, სამშენებლო სამუშაოებს რომ ასახავს.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

ურთიერთობა არაბებთან

რედაქტირება

IX საუკუნის დასაწყისიდან ქართლის ამირები ცდილობენ მოიპოვონ დამოუკიდებლობა სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან და დაამკვიდრონ საქართველოში თავიანთი დამოუკიდებელი საამიროს არსებობა. ეს, ბუნებრივია, იწვევდა სათანადო რეაქციას სახალიფოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან, იგზავნებოდა დამსჯელი ექსპედიციები. ამ ვითარებამ ქართველ მეფე-მთავართა ინტერესების შესაბამისად მებრძოლი მხარეების გარშემო დაჯგუფება გამოიწვია. კახეთის მთავრები შექმნილი მდგომარეობის თავიანთი მიზნებისათვის გამოყენებას ცდილობდნენ, რათა აეცდინათ სახალიფოს მხრიდან სამთავროზე ხელისუფლების აღდგენის მცდელობა. ხალიფას სარდლებსა და ამირებს შორის ბრძოლაში ისინი ამირას უჭერდნენ მხარს, რადგან ქართლის საამირო კახეთს საშიშროებას არ უქმნიდა.

IX საუკუნის დასაწყისში კახეთის მთავარი ეხმარება ხალიფას ხელისუფლებისაგან გათავისუფლებისათვის მებრძოლ ამირას. კახეთის სამთავროს მჭიდრო კავშირი აქვს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ცნობილ ამირასთან ისჰაკ იბნ-ისმაილთან (ქართული წყაროებით საჰაკი). ზოგი მიღწევის შემდეგ საჰაკ ამირა დამარცხდა 853 წელს ბუღა თურქთან ბრძოლაში და სიკვდილით დაისაჯა. კახეთის სამთავროს ლაშქარი არაბებს საზღვართან დახვდა და დაამარცხა, რის შემდეგაც ბუღა თურქმა კახეთზე ჩრდილოეთიდან სცადა თავდასხმა, მაგრამ ისევ დამარცხდა.

იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც IX-X საუკუნეებში ამიერკავკასიაში შეიქმნა, კახეთის სამთავრო ცდილობს დაიცვას თავი არაბთა აგრესიისაგან და გააფართოვოს თავისი საზღვრები.

ურთიერთობა ქართულ სამეფო-სამთავროებთან

რედაქტირება

კახეთის სამთავრო აქტიურად მონაწილეობდა იმ ბრძოლაში, ამ დროს მიმდინარეობდა შიდა ქართლისათვის და რომელსაც ქართული საისტორიო თხზულება უწოდებს ბრძოლას „ქართლსა ზედა“. ეს „ქართლი“ საქართველოსა და ამიერკავკასიის ცენტრალური რეგიონია და უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო და არის ახლაც.

კახეთის სამთავრო საზღვრების გაფართოებას თავისი მეზობელი ჰერეთის ხარჯზეც ცდილობდა. ბრძოლა ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. X საუკუნის დასაწყისში უპირატესობა კახეთის მხარეს იყო, მაგრამ შემდეგ ქორეპისკოპოსმა კვირიკე I-მა (893-918 წწ.) ვერ გაბედა ჰერეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გამოსვლა და კავშირი შეკრა აფხაზთა სამეფოსთან. ჰერეთის მეფე ადარნასე პატრიკმა (IX საუკუნის ბოლო - X საუკუნის 40-იანი წლები) ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა და ზავის მისაღწევად კვირიკე ქორეპისკოპოსსა და კონსტანტინე III-ს გადასცა ჰერეთის ციხეები: არიში, გავაზნი და ორჭობი. მალე ვითარება ჰერეთის სასარგებლოდ იცვლება. 936 წელს კახეთი დაარბია აზერბაიჯანის მმართველმა „მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უხმობდეს საჯობით და მოტყუენეს კახეთი“, მოგვითხრობს ქართველი მემატიანე. ამის შემდეგ ჰერთა მეფემ შეძლო თავისი ციხეების დაბრუნება.

 
ბაგრატ III

კახეთის მთავრები, ასევე, ცდილობდნენ ესარგებლათ დასავლეთ საქართველოში მდგომარეობის გართულებით და ქორეპისკოპოსი მხარს უჭერს „აფხაზთა მეფე“ დემეტრეს წინააღმდეგ მებრძოლ მის ძმას, თეოდოსის. როგორც კი დასავლურქართული სახელმწიფო ანარქიამ მოიცვა , კახთა მთავარმა განაგრძო ბრძოლა შიდა ქართლისათვის „მოადგეს კახნი და მოადგეს უფლის ციხესა“, მაგრამ ბედმა არ გაუღიმათ. ახლა უკვე ის დროა (X საუკუნის 70-იანი წლები), როცა ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების საქმე რეალურ საფუძველზე დადგა. კახთა წინააღმდეგ ტაოს მეფე დავით კურაპალატი გამოემართა და როგორც კი ეს გაიგეს „კახთა წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი“.

X საუკუნის ბილოსა და XI საუკუნის დასაწყისში დავითი ქორეპისკოპოსი (970-1009 წწ.) იბრძვის უკვე ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის წინააღმდეგ. მათი ინტერესები ჰერეთში დაუპირისპირდა ერთმანეთს. ბაგრატმა დაიკავა ჰერეთი და იქ თავისი მოხელეები დანიშნა, თუმცა ისინი დავითს მიემხრნენ. დავით ქორეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ III-მ ისევ დაიკავა ჰერეთი, შეიპყრო დავითის ძე, კვირიკე III და 1010-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ბაგრატ მეფის გარდაცვალების შემდეგ, კვირიკემ შეძლო კახეთისა და ჰერეთის დაბრუნება და იწოდა „მეფედ კახთა და ჰერთა“ და „დიდად“. ამის შემდეგ კახეთ-ჰერეთის სამეფო XII საუკუნის დასაწყისამდე, მეფე დავით IV აღმაშენებლის მიერ მის დაპყრობამდე, ერთიანი საქართველოს მეფეთაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა ეს უკანასკნელნი მის შემოერთებას აქტიურად ცდილობდნენ.

კახეთის სამთავროს ადმინისტრაციული სტრუქტურა

რედაქტირება

გაერთიანებული კახეთის სამთავრო ადმინისტრაციულად საერისთავოებად იყო დაყოფილი. ესენია, ორი საერისთავო საკუთრივ კახეთში, ცენტრებით კვეტერასა და პანკისში, ხოლო კუხეთი ერთ საერისთავოდ იყო წარმოდგენილი, ცენტრით რუსთავში. კვირიკე III-მ ჰერეთის შემოერთების შემდეგ იქ ოთხი ერისთავი დასვა. როგორც ჩანს, კახეთისათვის ჰერეთის შემოერთების შემდეგ მეფემ გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კვირიკეს მიერ დამტკიცებული საერისთავოები უძველესი დროიდან არსებულ ეთნო-ადმინისტრაციულ ერთეულთა ფარგლებს ემთხვეოდა, მაგრამ მის მიერ „დასმული“ ერისთავები მეფის ადმინისტრაციის მოხელეები იყვნენ, რაც ხელისუფლების ცენტრალიზაციას ისახავდა მიზნად, თუმცა ამ სამეფოს დამოუკიდებლად არსებობის დღეები უკვე დათვლილი იყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი - საქართველოს ისტორია, ტ. 2 - საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, 2012

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება