უჯარმასოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.

სოფელი
უჯარმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი უჯარმა
კოორდინატები 41°47′18″ ჩ. გ. 45°09′50″ ა. გ. / 41.78833° ჩ. გ. 45.16389° ა. გ. / 41.78833; 45.16389
ცენტრის სიმაღლე 770
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 445[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
უჯარმა — საქართველო
უჯარმა
უჯარმა — კახეთის მხარე
უჯარმა
უჯარმა — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
უჯარმა

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს გარეკახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კმ, თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე იორს. სოფელი უჯარმა წარმოადგენს ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, უჯარმა ძვ. წ. III საუკუნეში, ფარნავაზ მეფის მემკვიდრის, საურმაგის მიერაა დაარსებული. მის გაქალაქებას „ქართლის ცხოვრება“ ქართლის მეფე ასფაგურ მირდატის ძეს მიაწერს.

უჯარმის გაქალაქება და მისი შემდგომი განვითარება განაპირობა, როგორც ივრის ხეობის ბუნებრივმა და ეკონომიკურმა პირობებმა, ისე თვით უჯარმის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. კახეთ-კუხეთ-ჰერეთის შესაყართან მდებარე უჯარმა კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ბართან დამაკავშირებელ გზას, რომლითაც მთიელებს საქონელი საზაფხულო საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე და პირუკუ გადაჰყავდათ. ამ მაგისტრალზე ქალაქის არსებობა მეფეს საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინა როგორც ბარი, ისე მთა და ორივეგან, თავისი პოლიტიკური ბატონობისათვის, მტკიცე საფუძველი შეუქმნა. მთის პოლიტიკური დამორჩილება და ეკონომიკური ათვისება კი, ქართლის მეფეების ტრადიციული პოლიტიკა იყო.

უჯარმის გაქალაქებას და მის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის განვითარებისათვის აქ არსებულმა, ხელსაყრელმა პირობებმა. უჯარმის საქალაქო მეურნეობისათვის სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა იმ საფუძველს, რომელზედაც იყო დამყარებული ქალაქის ეკონომიკა — ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა. გარე კახეთი წარმოადგენდა მთიან მხარეს, უხვი საძოვრებით, სადაც მესაქონლეობის, განსაკუთრებით კი მეცხვარეობის განვითარებისათვის შესანიშნავი პირობები იყო. ქართლის სამეფოსათვის, რომელსაც არ ჰქონდა ზამთრის საძოვრები, აუცილებელი იყო აღმოსავლეთით გაფართოება. უკვე ძვ. წ. II-I საუკუნეებიდან ქართლის სამეფო მმართველობის პოლიტიკა, აღმოსავლეთით მდებარე მხარეების პოლიტიკურ-კულტურული და ეკონომიკური შერწყმისაკენ იყო მიმართული. უჯარმა კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომელიც ახლო აღმოსავლეთს, შიდა კახეთის გზით, მტკვრის აუზთან, კერძოდ, თბილისსა და მცხეთასთან აკავშირებდა.

უჯარმის ნაქალაქარი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. ქალაქ უჯარმის ლოკალიზაციის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქალაქ უჯარმას წარმოადგენს სამეფო ციხე-დარბაზი და უძველესი ქალაქი განლაგებული უნდა ყოფილიყო ზედა ციხეში. სხვა მოსაზრების მიხედვით, ქალაქ უჯარმა განლაგებული უნდა ყოფილიყო ციხე-დარბაზის მახლობლად ან გარშემო, ანდა დღევანდელი სოფელი უჯარმის ტერიტორიაზე. კ. მელითაური ვარაუდობს, რომ ქალაქის ძირითადი ნაწილი უჯარმის ციხის ქვედა ციხე უნდა იყოს. სხვა მოსაზრებით ნაქალაქარი უნდა მდებარეობდეს კაწარეთის სამების ტაძრის მიდამოებში, რომელსაც მოსახლეობა ნაქალაქარს უწოდებს.

ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, უჯარმა, როგორც ქალაქი, უკვე ახ. წ. III საუკუნის I ნახევრიდან არსებობდა. IV საუკუნიდან უჯარმა კახეთის საერისთავოს ცენტრი და ქართლის სამეფოში, მცხეთის შემდეგ, მეორე ქალაქია. ლეონტი მროველის მიხედვით, მირიან მეფემ თავის ძეს რევსა და მის ცოლს სალომეს, საუფლისწულოდ მისცა კახეთი და კუხეთი და დასვა ისინი უჯარმაში.

ქართლში ქრიტიანობის დამკვიდრების დროს, წმ. ნინოს მითითებით აღმართული სამი ჯვრიდან, ერთ-ერთი უჯარმაში აღმართეს.

IV-V საუკუნეებში, გარდა ეკონომიკურისა, აღმოსავლეთ პროვინციების შემოერთებას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დროს ირანის ექსპანსიის მოგერიება ქართლის მეფეთა „აღმოსავლური პოლიტიკის“ ძირითადი მიზანი გახდა. ამ პოლიტიკის განხორციელების ცენტრად უჯარმა იქცა, ამიტომ ვახტანგ გორგასალმა უჯარმა „ნაშენებითა უზომოთა“ გაამაგრა, ააშენა ციხე და დროებით აქ გადმოიტანა სამეფო რეზიდენცია. 502 წელს ბრძოლაში დაჭრილი მეფე აქვე გარდაიცვალა. უჯარმა ერთხანს დარჩა სამეფო რეზიდენციად, მაგრამ მალე, დაჩი ვახტანგის ძემ, მამის ანდერძის თანახმად, რეზიდენცია თბილისში გადაიტანა.

ერისმთავრობის ხანაში უჯარმას განაგებდნენ დაჩი ვახტანგის ძის ნათესავები, რომლებიც ქართლის ერისმთავრებს ემორჩილებოდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მკვიდრდება ფეოდალური სახელმწიფოებრიობა. ამ დროს კახეთის საერისთავოში კახეთი, კუხეთი და ჰერეთი შედის. რეზიდენცია კი უჯარმაშია.

VII საუკუნის შუა ხანებში ქართლს არაბები შემოესივნენ. პირველ ხანებში ამას არ გამოუწვევია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დაქვეითება. VIII საუკუნის II ნახევარში მდგომარეობა შეიცვალა. 735 წელს ქვეყანა ააოხრა არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ. არჩილ მეფე იძულებული გახდა სახელმწიფო საგანძური უჯარმის მახლობლად გადაემალა.

ფეოდალური ურთიერთობის განვითარების პარალელურად და მასთან კავშირში დაიწყო ქალაქ უჯარმის მნიშვნელობის დაქვეითება და IX საუკუნის ბოლოსათვის უჯარმამ უკვე დაკარგა უწინდელი მნიშვნელობა.

უჯარმის მნიშვნელობის დაქვეითება განაპირობა მრავალმა მიზეზმა: ჰერეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, საზამთროს საძოვრების დიდი ნაწილი მის ფარგლებში მოექცა. ქართული სამთავროების განუწყვეტელი ურთიერთ დაპირისპირებისა და არაბთა შემოსევების პირობებში, გაძნელდა მათი გამოყენება. IX საუკუნეში ძველმა, სავაჭრო გზებმა ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა. მოიშალა უჯარმის ეკონომიკის ფუნქცია. ამასთან, უჯარმა თბილისის საამიროს პირისპირ აღმოჩნდა და ხშირი ბრძოლების გამო საჭირო გახდა ცენტრის გადატანა ჯერ ბოჭორმაში, მოგვიანებით კი თიანეთსა და თელავში. X საუკუნეში უჯარმა მცირე ციხედღა მოიხსენიება. X საუკუნეში არაბებმა უკანასკნელად სცადეს საქართველოს დამორჩილება. 914 წელს უჯარმის ციხე, რომელშიც 300 მეციხოვნე იყო გამაგრებული, ბრძოლით აიღო და დაანგრია არაბმა სარდალმა აბუ ლ-კასიმმა.

საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებული ბრძოლების დროს უჯარმა ხან გაერთიანებული საქართველოს მეფეების, ხან კახეთის ქორეპისკოპოსთა გამგებლობაში იყო. კახეთის კორეპისკოპოსის კვირიკე II-ის ძმამ — შურტამ უჯარმა გადასცა აფხაზთა მეფე გიორგი II-ს. ბაგრატ IV-მ განძის ამირა ფალდონის გადაცემის სანაცვლოდ, კახეთის მეფე აღსართან I-ს უჯარმა უბოძა.

XVIII საუკუნის ანონიმური ქართული წყაროს „პარიზის ქრონიკის“ მიხედვით, შაჰ-აბასს, 1614 წელს კახეთში ლაშქრობისას, უჯარმაც აუოხრებია.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVII-XVIII საუკუნეებში უჯარმა დაბაა და აქ მამულების მნიშვნელოვან ნაწილს კახეთის ფეოდალები ჩოლოყაშვილები ფლობენ.

ერეკლე ბატონიშვილი (მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი), რომელიც კახეთში გამეფებას ცდილობდა, ებრძოდა ვახტანგ V-ს და მის ვაჟს არჩილს. 1664 წელს მათ შორის, უჯარმასთან, მოხდა შეტაკება, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა.

მეფე ერეკლე II-ეს უჯარმის აღორძინება ქვეყნისათვის სასარგებლო მიუჩნევია და მისი აღდგენა დაუწყია.

გერმანელი მოგზაურის და მეცნიერის ედუარდ აიხვალდის ცნობით, სოფელ უჯარმასთან არსებული წყაროებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები მარილს მოიპოვებდნენ.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 445 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 457 200 257
2014[1]   445 206 239

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
უჯარმის, ანუ „ჯვარპატიოსნის“ ციხე

სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიმაღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. . ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. .

მეცნიერები დღესაც ვერ არკვევნ, თუ კონკრეტულად უჯარმის შემოგარენის რა ნაწილებში განთავსდა ამდენი ხალხი. სავარაუდო ადგილად მიჩნეულია სოფლის განაპირა „ქვრივის ტყე“ და ვრცელი ველი, ე.წ. „ლამუანი“ (იგივე „ბაკი“, ანუ „ლამოვანი“), აგრეთვე ივრის განიერი, ხუთასი-რვაასი მეტრის სიგანის და დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის ჭალა დღევანდელი უჯარმიდან ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც სეზონური მდინარე „ლაფიანთხევი“ უერთდება იორს და სადაც მოგვიანებით „მარიამის“, ანუ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იქნა აშენებული. ციხე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კახელ თავადებსა თუ წარჩინებულებს ეკუთვნოდათ.

საინტერესო ცნობები

რედაქტირება

საინტერესოა ორი ისტორია თუ თქმულება, რომელთაგან ერთი უკავშირდება გორგასლის სიკვდილის ვერსიას, ხოლო მეორე — ჯვარპატიოსნის საგანძურის გატანას. უჯარმაში ამბობენ, რომ ასეც მოხდა. დღესაც ამ ვერსიის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ვახტანგი ბრძოლაში უკვე დაჭრილი გავიდა. ჯვარპატიოსნობა, როგორც სახალხო დღესასწაული და დღეობა აღინიშნება ახალი სტილით 20 მაისს.

მეორე თქმულება უკავშირდება ჯვარპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი ბოქაულს შეატყობინა.

პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოა, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ლ-კასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით ერეკლე I-ის დროს დასახლდა.

თბილისში არსებობს უჯარმის ქუჩა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II