იორი

მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში
(გადამისამართდა გვერდიდან ივრის ხეობა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იორი (მრავალმნიშვნელოვანი).

იორი (აზერ. Qabırlı; ისტ. სახელწოდებები: კამბისი, ქაბრი, ღანუხი, მცირე ალაზანი[1]) — მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლეზე. ზემოწელში მიედინება ხეობაში, შუაწელზე კვეთს სამგორის ქვაბულს და ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს. წარსულში იორი უერთდებოდა მდინარე ალაზანს მარჯვენა მხრიდან. ივრის სიგრძეა 320 კმ, აუზის ფართობი — 4650 კმ². საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლებით. ივრის მარცხენა შენაკადებია: საგამი, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი; მარჯვენა — ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა და სხვა. ქვემო დინებაში აქვს დროებითი შენაკადები. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 43 კმ-ში 12 მ³/წმ.[2]

იორი

მდინარე იორი უჯარმის ციხესთან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები თიანეთის მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები ხაჩრულა, ქუსნო, აძეძი, გორანა
მარცხენა შენაკადები საგამი, გომბორი, ორვილი, ლაფიანხევი
სათავე ანწუხელიძე
42°20′40″ ჩ. გ. 45°14′36″ ა. გ. / 42.34444° ჩ. გ. 45.24333° ა. გ. / 42.34444; 45.24333
სათავის მდებარეობა თიანეთის მუნიციპალიტეტი
სათავის სიმაღლე 2600 მ
შესართავი მინგეჩაურის წყალსაცავი
41°02′03″ ჩ. გ. 46°30′11″ ა. გ. / 41.03417° ჩ. გ. 46.50306° ა. გ. / 41.03417; 46.50306
შესართავის მდებარეობა აზერბაიჯანი
სიგრძე 320 კმ
აუზის ფართობი 4650 კმ²
მდინარის სისტემა მინგეჩაურის წყალსაცავიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 12 მ³/წმ
იორი — საქართველო
იორი
იორი
იორი — კახეთის მხარე
იორი
იორი
— სათავე, — შესართავი
იორი ვიკისაწყობში

იორი სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებისაა. ივრის ხეობას დასაწყისში აქვს ვიწრო და ღრმა მთის ხეობის ფორმა, შემდგომ იგი გადადის თიანეთის ვაკეში, მასში ჩამდინარე ორი შენაკადით — ქუსნოთი და საგამით, მთავრდება სიონის ხეობით, სადაც სიონის წყალსაცავია შექმნილი. მდინარე იორი ივრის ზეგანს ორ: იორი-ალაზნის და იორი-მტკვრის ნაწილად ყოფს. ივრის მარცხენა ნაპირზე გავრცელებულია ნეშომპალა-სულფატური და დამარილიანებული მიწები.[3]

იორზე აგებულია მარეგულირებელი სიონის წყალსაცავი. ივრის წყლით შეიქმნა თბილისის ზღვა. მდინარე ივრის ქვემო დინებაში გაშენებულია დალის მთის წყალსაცავი, რომლის წყლის მოცულობა უდრის 140,0 კმ³-ს.[4] ივრის წყლით ირწყვის 90 ათ. ჰა-ზე მეტი ფართობი ივრის ზეგანზე. მდინარეზე აგებულია რამდენიმე სარწყავი სისტემა, რომელთაგან მთავარია სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები.[2]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

იორი ძველ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა სახელით არის აღნიშნული. ვახუშტი ბაგრატიონი მას მცირე ალაზნად მოიხსენიებს და ამის საფუძველზე სახელწოდების ეტიმოლოგიურ ახსნასაც იძლევა: „ხოლო არს ქვეყანასა ამას შინა უდიდესნი მდინარენი ალაზანი და მცირე ალაზანი ანუ იორი, რომელთა მოიგეს სახელნი ალონის გამო, არამედ იორი გაორებისათჳს, ვინაიდგან აქუთ სახელი ერთი — იორა ამ მდინარემ“.

 
„ხოლო იორი გამოსდის ფშავისა და თიანეთის შორისს მთას და დის ჩდილოდამ სამჴრით უჯარმამდე, მერმე ჩდილოთ-დასავლეთიდამ აღმოსავალ-სამჴრით შუა, გარნა უფროს აღმოსავლით. არამედ იორს და მტკუარს შუა ასტყდების მცირე მთა ხორანთიდამვე, რომელსა ეწოდების გძელტბა და გარეჯა. ეს მთა აწ ჰყოფს ქართლსა და კახეთს: ხორაუგიდამ მწარე-წყლამდე და მტკუარამდე კახეთისა, ხოლო მწარე-წყალს იქით ნახევარი, აღმოსავლეთის კერძო კახეთისა, და ნახევარი, დასავლეთის კერძი, ქართლისა. ეს გარესჯის მთა მიადგების სათის-ჭალას კუხეთის მთას და მერეთ, ჩადივრის გორაებით, მიადგების ლილოს, და ლილოს მთა მიადგების ეგრეთვე კუხეთის მთას. მდებარეობს მთა ესე, ვითარცა მდინარე იორისა, და არს უტყეო, თჳნიერ ძეძუთა, და თუთუბოთა, და ეგეთთა სხუათა მრავალთა. არა სდის მდინარე და იშჳთ წყარო-ტბანი, არამედ თუ სადამე არს, მლაშენი და მწარენი. გარნა არს ბალახიანი ზამთარც, და გამოიზრდებიან სიმრავლე არვეთა, მროწლეთა, ჯოგთა, რემათა იმიერ და ამიერ. გარნა არს ზაფხულ ცხელი და გაუძლები. ხოლო მდინარის იორის კიდე იმიერი და ამიერი არს ფრიად ნაყოფიერი, ვინაჲთგან აღმოვლენან რუნი, და ირწყვიან ველნი, და სცენდებიან ყოველნი მარცვალნი და დასდევს იორს მცირე ჭალაცა და ლერწმოვან-ჩალიანი, და არიან ნადირნი და ფრინველნი მრავალნი და უმეტეს ჴოჴობნი. გარნა იყო ალაზნის შესართავადმდე და ვიდრე სამგორამდე შენობანი დიდ ფრიად, არამედ მოოჴრდა გამოსლვასა ბერქასსა და შემდგომად ლანგ თემურისაგან, რომელნი ჩანან დღესაც. შემდგომად დასხნეს ელნი ამათ ადგილთა აწინდელთა მეპატრონეთა, ვითარცა ბატონმან თეიმურაზ და ხანებმან, და სთესდენ ესენი ყოველსავე; და ესენიცა წარიყვანა შანადირ და დასხნა ხორასანს. ხოლო იორს არარაჲ ვითარი მდინარე ერთვის ანუ ჴევი საგარეჯომდე, და არს მუნამდე ალაზნიდამ ველი. და არს ადგილი ესე ზამთარ თბილი, ბალახიანი, მცირე-თოვლიანი, ნადირ-ფრინვლიანი, ჰავითა მშუენი, ხოლო ზაფხულის ცხელი, ხაშმიანი, გაუძლისი. იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას, აწინდელთა კახთა მეპატრონეთა, საზამთროდ ნადირობისათჳს, არჩილ ა̃ მეფისამდე, კეთილს ადგილს, შუენიერს, წყაროიანსა.“

ამდენად, ხალხის წარმოდგენით მდინარე ალაზანმა იორა, ესე იგი ორად გადაიქცა. ვახუშტის ეს აზრი იორის სახელწოდების წარმოშობის შესახებ, როგორც ვარაუდობენ, ინტერეს მოკლებული არ უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ მდინარე ალაზნის სახელი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადაღმა მდინარეებსაც ჰქვიათ: პირიქითის, გომეწრის, ხისოს ალაზანი (მსგავსად არაგვისა, როდესაც თერგსაც არაგვი ერქვა).

 
მტკვარი, ალაზანისა და იორის შესართავის ფრაგმენტი 1941 წლის ხუთვერსიანი რუკიდან

დიონ კასიუსი II საუკუნისათვის იორს კამბისის სახელით იხსენიებს, ე. ი. კამბეჩოვანის მდინარე. გარდა ამისა, კამბისის სახელით არის მოხსენიებული ეს მდინარე სტრაბონთან, ამიანე მარცელინუსთან, პომპონიუს მელასთან, 1826 წლის უცხოურ რუკაზე და სხვა. ქართულ წყაროებში იგი „მცირე ალაზნის“ ან „პატარა ალაზნის“ სახელით არის მოხსენიებული. თუმცა, გვხვდება „ღანუხიც“. იოანე ბაგრატიონთან, ზოგ ხელნაწერებში და სხვა გვიანი პერიოდის უცხოური წყაროები იორს „კაბურის“, „ყაბრის“ სახელით იხსენიებენ. ეს სახელი რბილად გამოთქმული ქაბრის სახეცვლაა, რომელიც ცნობილია თათრულ წყაროებში იორის ქვემო ნაწილი. იბრაჰიმ ფეჩევიც ქაბრს იხსენიებს.

სახელწოდება იორის წარმოშობის შესახებ თითქმის ყველა მკვლევარი ვახუშტი ბაგრატიონს ეთანხმება — ალაზანმა იორა, ე. ი. ორივე მდინარე დიდი მთა ბორბალოს კალთებიდან იღებს სათავეს, ორად გადაიქცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 80-82
  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-13. ციტირების თარიღი: 2017-06-16.
  2. 2.0 2.1 აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 332–333.
  3. საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი
  4. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი // წყლის რესურსები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იორი&oldid=4672044“-დან