დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (ყოფ. დედოფლისწყაროს რაიონი, წითელწყაროს რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით და სამხრეთით — აზერბაიჯანი. ფართობი — 2529,2 კვ². 2014 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 21 221 კაცს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. დედოფლისწყარო.

ადმინისტრაციული ერთეული
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი დედოფლისწყარო
კოორდინატები 41°27′50″ ჩ. გ. 46°06′40″ ა. გ. / 41.46389° ჩ. გ. 46.11111° ა. გ. / 41.46389; 46.11111
საკრებულოს
თავმჯდომარე
ნუგზარ პაპიაშვილი
ფართობი 2529.2 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 21 221 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 8,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91,5 %
სომხები 4,3 %
რუსები 1,8 %
აზერბაიჯანელები 1,4 %
ბერძნები 0,3 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 93,68 %
მუსლიმები 3,63 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 356
საფოსტო ინდექსი 1600–1699
ოფიციალური საიტი dedoplistskaro.gov.ge
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — საქართველო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი — კახეთის მხარე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც ადასტურებს სხვადასხვა წლების არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი ქვის, ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკური და ადრინდელი ქრისტიანული პერიოდის მრავალი ძეგლი. მათ შორის განსაკუთრებული ყურედღების ღირსია დიდი ქალაქების (ხორნაბუჯის, ხორანთა) ნანგრევები.

სახელწოდება „დედოფლისწყარო“ ისტორიულ წყაროებში ცნობილია XI საუკუნიდან, როდესაც მეფემ დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდა კი, „დედოფლისწყაროს“ წარმომავლობას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. ამ ლეგენდის მიხედვით, თამარ მეფე დავით სოსლანთან ერთად კამბეჩოვანს ეწვია და ორი კვირა ხორნაბუჯში იცხოვრა. მთის წვერზე კამკამა წყარო მოჩუხჩუხებდა. დედოფალსწყალი ოქროს თასით დაულევია და ისე მოსწონებია, უბრძანებია, წყალი ციხესთან ისე გაეყვანათ, რომ პირვანდელი სათავე არ მოემალათ. იმავე წელს, ეს წყალი თიხის მილებით ხორნაბუჯის ციხის მახლობლად მიუვანიათ და სახელად დედოფლისწყარო უწოდებიათ. მოგვიანებით, ეს სახელი იქ გაშენებულ დაბაზეც გავრცელდა.[3]

დღევანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველესი დროიდანვე შედიოდა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის — კამბეჩოვანის შემადგენლობაში. იგი თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ქართული სახელმწიფობრიობის ისტორიას და ხან ჰერეთის და ხანაც კახეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ.) შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში მოექცა. ყარაღაჯ-დედოფლისწყაროს მიმართულებას („ლეკეთის საკორდონე ხაზს“) იმ პერიოდში დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დაღესტან-ლეკეთისა და ჭარ-ბელაქნის მხრიდან შემოსეულ მოთარეშე-მარბიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დედოფლისწყაროში მუდმივად იდგა მეფის რუსეთის ჯარის ნაწილები. სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგაც ოფიცერთა და ჯარისკაცთა უმეტესი ნაწილი აქ რჩებოდა მუდმივ საცხოვრებლად. 1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. საპასუხოდ მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რომლის ძალისხმევითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო. 1915 წელს ვაჟამ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ნიში ჩამოატანინა და მცირე ეკლესია ააშენა, აქ დღესაც აღნიშნავენ ლომისობას. XX საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ II-მ შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოასახლა ზაპოროჟიელი ურჩი კაზაკები, რომლებმაც ახალ დასახლებას სეჩენოვკა უწოდეს. 1921 წლის შემდეგ აქ ჩამოსახლდნენ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მაცხოვრებლები. ამ სოფელს გასაბჭოებულ საქართველოში რევოლუციონერ ა. ჯაფარიძის (ახლანდელი სამრეკლო) სახელი ეწოდა. 1918 წელს მუსავატელებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 36 სოფლის სომხური მოსახლეობა აყარეს და ბედის ანაბარა დატოვეს. ლტოლვილ სომეხთა დიდი ნაწილი 1922 წელს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს ჩამოსახლდა. დასახლებას მათ თავიანთი მშობლიური სახელი, საბათლო უწოდეს, ხოლო შემდეგ წითელი საბათლო დაარქვეს. 1924 წლიდან ზოგიერთი მირზაანელი გლეხი მუდმივ საცხოვრებლად სახლდებოდა უზუნდარის მთის კალთებზე. სოფელი თანდათანობით იზრდებოდა და დაერქვა სახელი უზუნდარა (დღევანდელი სოფ. გამარჯვება).

1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1928 წლიდან კახეთის მაზრაშია, 1921 წელს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფითახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია სიღნაღის მაზრას მიეკუთვნა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში შედიოდა. 1930-1937 წლებში სიღნაღის რაიონშია. 1938 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სიღნაღის რაიონს გამოეყო წითელწყაროს რაიონი შემდეგი სასოფლო-საბჭოების შემადგენლობით: წითელწყაროს (რაიონული ცენტრი), ქვემო-ქედის, ზემო-ქედის, წითელ საბათლოს, მირზაანის, არბაშოკის, ზემო მაჩხაანის და ძველი ანაგის[4]. 1963-1964 წლებში ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წელს კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[5]. სსიპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 228542413) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 18 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 იანვარი[6].

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი დედოფლისწყარო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[7] დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.

ადმინისტრაციული ერთეულები[8]

რედაქტირება

მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა 16 ადმინისტრაციულ ერთეულად:

  1. ქ. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. დედოფლისწყარო);
  2. არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი არბოშიკი);
  3. არხილოსკალოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი არხილოსკალო);
  4. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გამარჯვება);
  5. ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზემო მაჩხაანი);
  6. ზემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზემო ქედი);
  7. მირზაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მირზაანი);
  8. ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: თავწყარო, ოზაანი);
  9. საბათლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი საბათლო);
  10. სამთაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სამთაწყარო);
  11. სამრეკლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სამრეკლო);
  12. ფიროსმანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფიროსმანი);
  13. ქვემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ქვემო ქედი);
  14. ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭოეთი, ხორნაბუჯი).

გეოგრაფია

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი აზერბაიჯანი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტის ფართობია 2529,2 კმ², მხარის ტერიტორიის დაახლოებით 17 %-ია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს, რომელიც აქაური რელიეფის მთავარი ოროგრაფიული ერთეულია. ივრის ზეგანი უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადადის ელდარის დაბლობში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის ნახევარუდაბნოთა უშუალო გაგრძელებას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ორი ტიპის ჰავა. სამხრეთ ნაწილში ცხელიზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი — ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეებია ძლიერი ქარი, გვალვა და სეტყვა.[9]

სოფელი კასრისწყალი (ყოფ. ელდარი) ადმინისტრაციულად ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტს, თუმცა ტერიტორიულად მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ვიწრო ანტიკლინები, ფართო სინკლინები, შესაბამისი მშრალი სერებით, დეპრესიებითა და ტაფობებით.

ტერიტორიის დიდ ნაწილში იჭრება ივრის ზეგანი, რომელიც გვევლინება აქაური რელიეფის მთავარ ოროგრაფიულ ერთეულად. აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. სინკლინური ტაფობები ამოვსებულია მეოთხეული კონტინენტური ნაფენებით, თიხნარებითა და რიყნარებით. ამავე დროს ტექტოგენურ რელიეფზე დაშენებულია ეროზიული ხეობები, ხრამები, მდინარეული ტერასები, ბედლენდები და სხვ.

ივრის ზეგნის უდიდეს აკუმულაციურ ვაკეს წარმოადგენს დიდი შირაქის ვაკე (35X19 კმ), რომელიც გაშლილია ალაზან-ივრის შუამდინარეთში. ზედაპირი 560-700 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებარეობს. ვაკე შემოსაზღვრულია ქოჩების, ნაზარლების, შუანამთისა და არხილოსკალო-ყაშის დაბალი სერებით. დიდი შირაქის ვაკე აღმოსავლეთით უერთდება კასრისწყლის ვაკეს, რომელიც ეროზიული რელიეფით ხასიათდება. ივრის ზეგანი უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თანდათანობით გადადის ელდარის დაბლობში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის ნახევარუდაბნოთა უშუალო გაგრძელებას.

საქართველოს ფარგლებში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) ელდარის დაბლობს უჭირავს ივრის მარცხენა სანაპიროს ზოლი, რომლის მაქსიმალური სიგანე არის 6-7 კმ, ხოლო სიგრძე ივრის გასწვრივ 20-22 კმ. სიმაღლე 100-200 მ. ვაკე წარმოქმნილია მეოთხეული ალუვიური თიხნარებით და შეადგენს მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილს. ვაკეზე წლიურად მოდის 250-300 მმ ნალექი, ამის გამოა რომ აქ მდინარის ჩამონადენის მოდული ძალზე დაბალია 1-2 ლ/წმ კმ².

ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია სადაც ნახევარუდაბნოს ნამდვილი ლანდშაფტია განვითარებული. დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ცნობილია ბუღამოედნის სახელწოდებით.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია ვაკე ტაფობი ტარიბანა (ზომები 15X8,5 კმ). ფსკერის სიმაღლე 423-465 მ-ია. განვითარებულია სინკლინურ ნაოჭში. სამხრეთით უერთდება ნატბეურის ტაფობს.

ნატბეურის ვაკე სინკლინურ ნაოჭში განვითარებული, ახალგაზრდა ნაფენებით ამოვსებული ტაფობია. ვაკის დასავლეთ ნაწილში მიედინება პერიოდული მდინარე ქუშისხევი.

აღსანიშნავია, ასევე პატარა შირაქის ვაკე (სიგრძე 15 კმ), რომელიც ვრცელდება დიდი შირაქის ვაკის სამხრეთ-დასავლეთით და ახალგაზრდა ნალექებით დაფარულ სინკლინს წარმოადგენს. პატარა შირაქის ვაკე ჩაკეტილია შუანამთისა (ჩრდილოეთით) და ყალადარის ქედებით (სამხრეთით). პატარა შირაქის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს სინკლინური დეპრესია ნაგომრებისთავის ტაფობი. აღსანიშნავია ასევე ბორცვიანი ჭაჭუნის ვაკე.

მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოება, ასევე ალაზნის ვაკე სოფელ სამთაწყაროსა და მდინარე აგრიჩაის შესართავს შორის.

ანტიკლინური სერები წარმოდგენილია: ელდარის, ზილიჩის, კოწახურის, ნაზარლების, ჩობანდაღის, ყანლის, ყაჯირის და ყალადარის სერები, სტრუქტურულ-დენუდაციური და სტრუქტურულ-ეროზიული რელიეფის ფორმებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამაღლებული ფორმებიდან აღსანიშნავია ანტიკლინური სერი ქვაბები (581 მ), რომლის ნამარხი ფაუნა ენათესავება აფრიკის ფაუნას.

აქაურ მიწებზე აღმართულია მთები: ნიკორაციხე, ორიძმა, ბილენთა, ზილჩა, უზუნდარა და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელიას მთა, რომელიც თავისი ფორმით ქალის ფიგურას მოგვაგონებს. პანტიშარის ხეობაში, კოწახურის ქედსა და სხვაგან გვხვდება რელიეფის კუესტური ფორმები.

მდინარე ლეკისწყლის ხეობაში განვითარებულია ქანდაკებისებრი ფორმები.

შიგა წყლები

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ტრანზიტულ მდინარეებს მოკლებულია. ჰიდროლოგიური ქსელი ალაგ-ალაგ არის განვითარებული და ძირითადად მშრალი ხევ-ხეობების ქსელით არის წარმოდგენილი. აქაურ მიწებზე მხოლოდ პატარა მოკლე პერიოდული ხასიათის მდინარეებს ვხვდებით, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ვერც იორამდე და ვერც ალაზნამდე ვერ აღწევენ. აქაური მიწის ზედაპირი დასერილია შემდეგი მდინარეებით: ველიჯვრით, ლეკისწყლით, უზუნდარასხევით, ქუშისხევით, ღორისწყლისხევით, ყუმურისხევით, პანტიშარისხევითა და სხვა მცირე მდინარეებით. ამ მდინარეების საზრდოობაში მონაწილეობას იღებენ უფრო წვიმის წყლები, ალაგ-ალაგ მიწისქვეშა წყლები.

აღმოსავლეთით აზერბაიჯანის საზღვართან დიდ მანძილზე ჩამოედინება მდინარე ალაზანი, რომელიც მინგეჩაურის წყალსაცავს ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.

მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილს ჰკვეთს მდინარე იორი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის რამდენიმე ტბა, რომელთაგან გამოსარჩევია ორი: ქოჩების ტბა და პატარა ტბა. ქოჩების ტბა ზღვის დონიდან 775 მ-ზე მდებარეობს. ტბის აუზის ფართობია 1,3 კმ². ქოჩების ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა ტბა, რომლის სანაპირო ძალზე შეჭრილ-შემოჭრილია.

მდინარე ივრის სანაპიროსთან არის დალის მთის წყალსაცავი, რომელშიც მოშენებულია თევზი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ორი ტიპის ჰავა, სამხრეთით ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 38 °C. წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის, შირაქში 540 მმ, დედოფლისწყაროში 650 მმ. ნალექების მინიმუმი ფიქსირდება ელდარის დაბლობზე (250-300 მმ), აგრეთვე დიდი შირაქის ვაკეზე (490 მმ).

ქალაქ დედოფლისწყაროში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ნალექები 650 მმ წელიწადში.

ნიადაგები

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ვრცელი ფართობი უჭირავს ტყის ყავისფერ ნიადაგებს. დიდ ფართობზე ვრცელდება მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, რომლებიც გვხვდება მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ტაფობებსა და ვაკეებზე გაბატონებულია შავმიწები. ვრცელი ფართობი უჭირავს წაბლა ნიადაგებს, აგრეთვე ბიცობიან ნიადაგებს. ელდარის დაბლობზე და მიმდებარე სამხრეთ ზონაში განვითარებულია რუხი მურა ნიადაგები. დიდი შირაქის ვაკეზე გვხვდება შავმიწა და წაბლა ნიადაგები. ივრისპირას განვითარებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგი, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროს მახლობლად კორდიან კარბონატული ნიადაგია.

ლანდშაფტები

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უნიკალური ბუნებრივი პირობებით ხასიათდება, დედოფლისწყაროს ველური ბუნება და ლანდშაფტი მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. აქაური ბუნების ძეგლები ტოვებენ გასაოცარი სილამაზის კვალს. არაერთ ბუნების ძეგლს იცავს სახელმწიფო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. დაბლობი ვაკე აბზინდიან-ეფემერული მცენარეულობით, რუხ-მურა და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  2. წვრილმთიანეთი არიდული მეჩხერი ტყეებით და სტეპის ბალახეულობით, მურა და რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე;
  3. ვაკე-ტაფობები სტეპის მცენარეულობით, შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე;
  4. ჯაგეკლიან-სტეპური მცენარეულობა წაბლა და შავმიწა ნიადაგებით;
  5. ვაციწვერიან უროიანი და ავშნიან-ნაირბალახოვანი მცენარეულობა წაბლა ყავისფერ ნიადაგებით;
  6. ბორცვიანი ვაკე ჯაგეკლიანით, ტყის ყავისფერი ნიადაგით;
  7. ვაკე, ჯაგეკლიან-სტეპური ჰალოფილური მცენარეულობით, ალუვიურ-კარბონატულ, შავმიწისებრ და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  8. ჭალები ალუვიური ნიადაგებით.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

დედოფლისწყაროში გვხვდება ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, აგრეთვე უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი ტყეები და ჭალის ტყეები.

მუნიციპალიტეტში უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც განუმეორებელი ლანდშაფტებით ხასიათდება. გვხვდება გრაკლა, ბალღოჯი, აკაკი, შავჯაგა, ბროწეული და სხვ. ბალახოვანი საფრიდან გავრცელებულია ავშნიანი, უროიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. ივრის ზეგანზე შემორჩენილია არიდული მეჩხერი ტყე.

ვაკე-ტაფობებში არის უროიანი და ვაციწვერიანი სტეპის მცენარეები: შვრია, ვაციწვერა, ურო, კოფრჩხილა და სხვ. ივრისპირას გაბატონებულია ტუგაის ტყეები.

მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ფოცხვერი, ტურა, მელა, მგელი, ლელიანის კატა, დედოფალა, მაჩვი, მცირე რაოდენობით (რამდენიმე ერთეულად) გვხვდება ჯეირანი ანუ ქურციკი. რადგან მათი რაოდენობა თითქმის განულებულია, მათზე ნადირობა დიდი ხანია აიკრძალა. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“. იშვიათად გვხვდება ზოლებიანი აფთარი.

უხვადაა მღრღნელებიც მ.შ. აღსანიშნავია მექვიშია, მემინდვრია და ტყის თაგვი. ქვეწარმავლებიდან ბინადრობს გიურზა. ფრინველებიდან გავრცელებულია გნოლი, სავათი, კვირიონი, ტოროლა, ყვავი, მწყერი, მოლაღური, ჩხართვი, უფეხურა, კაკაბი და ა.შ. ალაზანსა და იორში არის მურწა, ხრამული, მტკვრის ტობი, თაღლითა და სხვ.

დემოგრაფია

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მდგომარეობით 21 221 კაცია. მუნიციპალიტეტში 16 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი და 15 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა 5940 კაცია, ხოლო სოფლად 15 281 კაცი ცხოვრობს ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 72 % სოფლად ცხოვრობს.

განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 500-800 მ-ის ფარგლებში. უმეტესად ცხოვრობენ ქართველები, მცირე რაოდენობით – სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და სხვ. უდიდეს ნაწილს შეადგენს სოფლის მოსახლეობა.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 37 299
2002 30 911  
2014 21 221  
2021[10] 20 700  

ეკონომიკა

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 45 700 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთებს უკავია, ხოლო 68 000 ჰა საძოვრებს. მუნიციპალიტეტში თესავენ საშემოდგომო თავთავიან კულტურებს - ხორბალსა და ქერს. დედოფლისწყაროში ითესება საგაზაფხულო კულტურებიც. ძირითადად, მზესუმზირა და სიმინდი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალწლიანი ნარგავები 1 700 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც ვენახებს 1450-1500 ჰექტარი უკავია, დანარჩენი კი ზეთისხილს, ნუშსა და კაკალს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა ძირითადად წარმოდგენილია მეცხვარეობით და რქოსანი პირუტყვით.[11]

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მევენახეობა, მეცხოველეობა და სხვ. გაბატონებულია სახნავ-სათესი მიწები, ვენახები, ბაღები და სხვა სავარგულები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ნავთობისა (მირზაანი, შირაქი) და კირქვის („არწივის ხეობა“) საბადოები.

განათლება

რედაქტირება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 17 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.[12] მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ინკლუზიურ სწავლებას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 15 ფუნქციონირებს საჯარო და 1 კერძო სკოლა.[13]

მუნიციპალიტეტში არის სამხატვრო სკოლები, მუზეუმები (დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი, ხორნაბუჯის ხალხთა მეგობრობის მუზეუმი) და სხვა.

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები

რედაქტირება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
„ფიროსმანობა“ ოქტომბრის მესამე შაბათი დღე სახალხო დღესასწაული „ფიროსმანობა“ ტრადიციულად, ოქტომბრის მესამე შაბათ დღეს იმართება.ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ეზოში კულტურული ღონისძიებებისა და გამოფენების პარალელურად, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებება იმართება. ასევე შესაძლებელია, ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნება.[14]
ელიაობა 2 აგვისტო 2 აგვისტოს ამინდის განმგებელის - ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრში სპორტის სხვადასხვა სახეობებში არსებობს უფასო სექციები. სპორტსმენები, რომლებიც ცენტრში ვარჯიშობენ, ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში.[15]

ღირსშესანიშნაობანი[16]

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაერთი არქეოლოგიური, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი მდებარეობს.

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ქალაქ დედოფლისწყაროსთან მდებარე ადრინდელი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, რომელიც წარმოადგენდა ისტორიული მხარის კამბეჩოვანის ცენტრს. სოფელ ოზაანში დგას IX საუკუნის ხუროთმოძღრული ძეგლი ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია აგურით. აქვეა შუა საუკუნეების სამების ეკლესია.

მუნიციპალიტეტი მდიდრადაა წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლებითაც. სოფლებისგან განყენებულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია:

დიდი შირაქის ველი
ზილჩის ველი
მიჯნის ყურე
პატარა შირაქის ველი
სამუხის (ელდარის) ველი
ტარიბნის ტაფობი
ჩამთის ტაფობი
ჭაჭუნის ვაკე

გამოჩენილი ადამიანები

რედაქტირება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
  ნიკო ფიროსმანი 1862-1918 ქართველი მხატვარი. ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი.
  დიმიტრი ბენაშვილი 1910-1982 ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე.
  ლაშა ბექაური 2000- ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

დედოფლისწყაროსთან დამეგობრებული ქალაქია კვიძინი (პოლ. Kwidzyn), რომელიც პოლონეთში, კერძოდ კი პომერანიის სავოევოდოში მდებარეობს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დაძმობილებულია აგრეთვე, უკრაინის ლუგანსკის ოლქის ორ რაიონთან - კრემენთან და სტანიჩნა-ლუგანსკისთან.[17]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უკლება დ., დორეული ნ., ვაშაკიძე ც., პაპუაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 351-354.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. ისტორია - მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 2, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
  5. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  6. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
  7. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
  8. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დადგენილება №35 თავი IV, მუხლი 13
  9. პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2014-07-05.
  10. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  11. სოფლის მეურნეობა
  12. საბავშვო ბაღები
  13. საჯარო სკოლები
  14. ვიდეო იუთუბზე
  15. სპორტი
  16. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 257-325.
  17. დაძმობილებული ქალაქები