კახეთის საერისთავო
კახეთის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული იბერიის სამეფოში, ასევე ქართლის საერისმთავროსა და ერთიანი საქართველოს სამეფოში. ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეული პირველად ძვ. წ. III საუკუნეში გამოჩნდა — ის ერთ-ერთი იყო ფარნავაზ I-ის მიერ დაწესებულ საერისთავოთა შორის.[1] ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, შემდეგნაირად იხსენიებს მეფის მიერ კახეთისა და კუხეთის მიწა-წყლის, ერთი ერისთავისათვის ბოძებას:
„...და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.“
|
ძვ. წ. II საუკუნეში, კახეთის საერისთავოში, ახლანდელი ნეკრესის ადგილას, მეფე ფარნაჯომის მიერ შენდება ქალაქი ნელქარი.[2]
IV საუკუნეში მირიან მეფის დროს კახეთის საერისთავო უქმდება და მის ნაცვლად საუფლისწლო დომენი იქმნება. ბაქარის მეფობისას საუფლისწლო დომენს გამოეყო კუხეთი, რომელიც ცალკე საერისთავოდ ჩამოყალიბდა.[3]
V საუკუნის მოვლენების ამსახველი, ჯუანშერის „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“, კახეთში, სხვადასხვა პერიოდში მოიხსენებს ორ ერისთავს: დემეტრეს და ადარნასეს. პირველი მათგანი მოღვაწეობდა უშუალოდ ვახტანგ გორგასლის ეპოქაში და მოხსენიებულია ვახტანგის სხვა ერისთავთა შორის. მეორე, ადარნასე, რომელიც ჯუანშერიანის მიხედვით ქართლის მეფე ბაკურის ძე იყო, ერისთავობდა კახეთში სტეფანოზ I-ის ეპოქაში. იგი შემდგომში, სტეფანოზის მოკვლის შემდეგ, ჰერაკლე კეისარმა დაადგინა ქართლის ერისმთავრად. ამის მიზეზი მისი პრო-ბიზანტიური კურსი იყო.[4]
ქართლში ფეოდალური დაქსაქსულობის გაღრმავების შედეგად, 787 წელს, კახეთის საერისთავოს ტერიტორიაზე, კახთა სამთავრო შეიქმნა,[5] რომელიც თავის მხრივ სამ ტერიტორიულ ერთეულად: კვეტერას, პანკისისს და კუხეთის (რუსთავის) საერისთავოებად იყო დაყოფილი.[6] იგი 1020-იან წლებში, ჰერეთთან ერთად, კახეთ-ჰერეთის სამეფოში გაერთიანდა.
1104 წელს მისი ანექსირება საბოლოოდ მოახდინა დავით აღმაშენებელმა და ოთხად დაყო კახეთ-ჰერეთი. ამ 4 საერისთავოთაგან ერთ-ერთი კახეთის საერისთავო იყო.[7] დავით აღმაშენებლის დროს გატარდა ადმინისტრაციული გარდაქმნები, მოწესრიგდა მმართველობის როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი სისტემა. სხვა საერისთავოთა მსაგსად ამ პროცესს ადგილი კახეთშიც უნდა ჰქონოდა. თამარ მეფის ეპოქაში, კახეთის ერისთავი იყო ბაკურ-ყმა ძაგანისძე,[8][9][10] რომელსაც „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ სხვა წარჩინებულთა შორის ასახელებს.
1465 წელს, კახეთის წარჩინებულებმა ისარგებლეს მესხეთის მთავრის, ყვარყვარე II-ის მიერ, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-ის დროებითი დატყვევებით და კახეთში ერისთავი დავითი გაამთავრეს. 1466-ში მეფე გიორგიმ, ქართლის დაკარგვის შემდეგ, დაამარცხა დავითი, გამეფდა მის ნაცვლად და სათავე დაუდო კახეთის ბაგრატიონთა დინასტიას. მის დროს გაუქმდა ახლადშექმნილი კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე არსებული საერისთავოები, მათ შორის კახეთის საერისთავოც, ერისთავების გამგებლობაში მყოფი სამფლობელოები კი მოურავებს გადაეცათ.[7]
კახეთის ერისთავები
რედაქტირებაწყარო
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გ. მამულია, სტ. „ფარნავაზი“, ქსე, ტ.10, გვ. 232
- ↑ სტ. „ფარნაჯომი“, ქსე, ტ. 10, გვ. 232
- ↑ ბახტაძე, მიხეილ (2004). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში (ძვ. წ. აღ-ის III - ახ. წ. აღ-ის X სს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, გვ. 52-53.
- ↑ ა. ბოგვერაზე, სტ. „ადარნასე (ერისმთავარი)“, ტ. 1, გვ. 85
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი
- ↑ მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი, საქართველოს ისტორია, ტ. 2
- ↑ 7.0 7.1 7.2 დ. მუსხელიშვილი, სტ. „კახეთის სამეფო“, ქსე, ტ. 5, გვ. 448
- ↑ 8.0 8.1 ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია[მკვდარი ბმული]
- ↑ ლ. სანიკიძე, უქარქაშო ხმლები, I, გვ. 531
- ↑ როგორ წარმოიშვა ქართული გავრ-სახელები. ძაგნიძე-ძაგანისძე