კვეტერის საერისთავო
კვეტერის საერისთავო — ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში. სავარაუდოდ, მოიცავდა მდინარე ილტოს ხეობას. ცენტრს წარმოადგენდა კვეტერის ციხე-ქალაქი (საერისთავოს სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს). საერისთავო შეიქმნა 1014 წლის შემდეგ, როდესაც კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III დიდმა ადმინისტრაციული რეფორმა განახორციელა და სამეფო დაყო შვიდ საერისთავოდ. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ კვეტერის საერისთავო იყო. ერისთავთა ვინაობა უცნობია. საერისთავოს უნდა ეარსება XII საუკუნის დასაწყისამდე, სანამ დავით IV აღმაშენებელმა კვლავ არ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და არსებული საერისთავოების ნაცვლად აღადგინა კახეთისა და ჰერეთის საერისთავოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 666.
- ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003