ჰერეთის სამეფო — ქართული ფეოდალური სახელმწიფო (IX საუკუნის დასასრული — XI საუკუნის დასაწყისი). მისი დამაარსებელია გრიგოლ ჰამამი, რომელმაც, მოსე კალანკატუელის ცნობით, 893 მეფის ტიტული მიიღო.

ჰერეთის სამეფო

 

8931010
 


ჰერეთის სამეფოს რუკა, X საუკუნის მეორე ნახევარი.
დედაქალაქი შაქი
ენა ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა, მონოფიზიტობა
ფულის ერთეული სხვადასხვა სპარსულ-არაბული მონეტები.
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია „არანშაჰი“
მეფე
 - 893–897 გრიგოლ ჰამამი (პირველი)
 - 990-იანი–1010 დინარა (ბოლო)

სახელმწიფოს სახელწოდება

რედაქტირება

IX-X საუკუნეებში კახეთის სამთავროს მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის აგრეთვე მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“, „ალბანეთი“. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ-ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც იწოდებოდნენ, ამიტომაც „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია. ქართულ წყაროებში ეს სახელმწიფო ხან „ჰერეთად“ იწოდება და ხანაც „რანად“, ამასთანავე ქართული „ჰერეთის სამეფო“ არაბული წყაროების „შაქის სამეფოსა“ და სომხური და ბიზანტიური წყაროების „ალვანთა სამეფოს“ იდენტურიცაა. ამ სამეფოს სახელწოდება ქართველებმა თავიანთი უახლოესი მეზობლის, ძველი ალბანეთის ერთ-ერთი ტომის, ჰერებისაგან აწარმოეს, არაბებმა სახელმწიფოს დედაქალაქის — შაქისაგან, სომხები და ბიზანტიელები მას ალბანეთს უწოდებდნენ, რადგან ის ყოფილი ალბანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ქართულში ტერმინი „ალბანეთი“ ვერ დამკვიდრდა. ის რამდენიმეჯერ გვხვდება სომხურიდან ნათარგმნ წერილობით წყაროებში, სადაც, როგორც ჩანს, ის სომხურიდან მექანიკურადაა გადმოღებული. ალვანეთის შესატყვისად IX-XI საუკუნეების ქართულ (როგორც ორიგინალურ, ისე სომხურიდან ნათარგმნ) წყაროებში გვხვდება „ჰერეთი“. IX-X საუკუნეებში ჰერეთი და ალვანეთი რეალურადაც ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ალვანეთი, რომელიც I-V საუკუნეებში ვრცელდებოდა იბერიიდან კასპიის ზღვამდე, სასანიანთა და არაბთა ბატონობის შედეგად, ტერიტორიულად შემცირდა და თავისი არსებობის ამ ბოლო ხანაში ჰერეთის ფარგლებში მოექცა. ამდენად ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, ფაქტობრივად, ალვანეთის აღსანიშნავად სხვა ტერმინი არ იციან გარდა ჰერეთისა, რაც გვაძლევს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ „ჰერეთს“ არა მარტო IX-X სს-ში, არამედ თავიდანვე ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: ვიწრო — საკუთრივ ჰერეთისა და ფართო — მთლიანად ალვანეთისა.

შიდაპოლიტიკური ვითარება

რედაქტირება

ჰამამის გარდაცვალების შემდეგ ჰერეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი ადარნასე. ქართული წყაროების მიხედვით („მატიანე ქართლისაჲ“, ვახუშტი ბატონიშვილი) ადარნასე პატრიკი. მის დროს დაახლოებით 915, კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I-მა (892—918) აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: არიში (ახლანდელი მთისძირი), გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული ტერიტორიათა დაიბრუნა. ადარნასე პატრიკის შემდეგ ჰერეთის მეფე იყო მისი ძე იშხანიკი (დაახლოებით 943—X საუკუნის 60-იანი წლები). მასთან ერთად ჰერეთს მართავდა დედამისი — დინარ დედოფალი (ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი, ადარნასე II-ის ასული და ცნობილი გურგენ IV დიდის, ერისთავთერისთავის, მაგისტროსის და).

იბნ ჰაუკალის თხზულების მიხედვით, იშხანიკის მეფობის დროს ჰერეთი დეილამის მთავრობის — სალარიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. X საუკუნის 50-იან წლებში იშხანიკმა ისარგებლა სალარიდების სახელმწიფოში შინაფეოდალური ომებით და ხარკის მიცემა შეწყვიტა. ქართული წყაროების მიხედვით, იშხანიკისა და დინარ დედოფლის მმართველოს ხანაში ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა და აღიარა ქალკედონული მრწამსი. ამ დიდმნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული აქტით განხორციელდა ჰერთა საბოლოო გაერთიანება ერთიან ქართულ (მცხეთის) ეკლესიასთან.

იშხანიკის შემდეგ მეფობდა იოანე სენექერიმი (დაახლოებით X საუკუნის დასასრული). ალბანეთისა და კახეთის სამეფოს ხარჯზე, რის გამოც წინართა მეფის ტიტულიც მიიღო. XI საუკუნის დასაწყისიდან საისტორიო წყაროებში ჰერეთის მეფე აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, ამ დროს არსებობა შეწყვიტა ჰერეთის მფლობელთა დინასტიამ.

XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III და კახთა ქორეპისკოპოსი დავითი (976—1010) იბრძვიან ჰერეთის დასაპყრობად. XI საუკუნის ოციან წლებში კახეთის მეფე კვირიკე III (1010—1037) დიდმა დაიპყრო ჰერეთი სამეფო რითაც დასრულდა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის პროცესი. ამიერიდან ჰერეთის სამეფომ შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და მოექცა ახლად შექმნილი პოლიტიკური ერთეულის — „რანთა და კახთა“ სამეფოს შემადგენლობაში.

XII საუკუნის დასაწყისში ჰერეთი კახეთის სამეფოსთან ერთად გახდა გაერთიანებული საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. IX-X საუკუნეებში ჰერეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიური ძლიერება და მაღალი კულტურა დასტურდება ისტორიულ ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით. შემონახულია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლები: ყუმის ბაზილიკა (VIII ს.), ლექეთის ტეტრანკონქი (VIII-IX სს.), გურჯაანის (კახთუბნის) „ყველაწმინდა“ (VIII-IX სს.), ხირსის „სტეფანწმინდა“ (IX ს.), ოზანიანის „ამაღლება“ (IX ს.) და მრავალი სხვა.

ეკონომიკური მდგომარეობა

რედაქტირება
 
დინარა დედოფალი

ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, არაბთა და ბიზანტიელთა ბატონობის პირობებში, ჰერეთის ეკონომიკა შეფერხებით, მაგრამ მაინც წინსვლის გზით ვითარდებოდა. დამპყრობლებმა, განსაკუთრებით არაბებმა, მართალია შეაფერხეს, მაგრამ ვერ შეაჩერეს ქვეყნის სამეურნეო განვითარება. შუა საუკუნეებში ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებას, რასაც თან ახლდა მიწის ახალი ფართობების ათვისება, ხელს უწობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების, ბარში — მებაღეობა-მევენახეობის, სახნავი მიწათმოქმედების, მთის ზოლში — ძირითადად, მესაქონლეობის განვითარებას. იორ-ალაზნის აუზის ბარი საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთი რაიონი იყო. მეურნეობის ინტენსიური დარგების, განსაკუთრებით მევენახეობა-მებაღეობის განვითარებისათვის, საქალაქო ცხოვრების აღმავლობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სარწყავი სისტემის არსებობას, რომელთა ნაშთებიც მრავლადაა შემორჩენილი ჰერეთში. მთის ზონა მდიდარი იყო ალპური საძოვრებით, რაც ხელს უწყობდა მეცხვარეობის, მეცხენეობის, მსხვილფეხა რქოსანი მესაქონლეობის განვითარებას. ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, ერთ-ერთი რეგიონის, კამბეჩოვანის (ქიზიყის) სახელწოდება, კამეჩიდან წარმოდგა. თუ ეს ვარაუდი სწორია, ის მიუთითებს ამ რეგიონში კამეჩის გავრცელებაზე უძველესი დროიდან, რადგან უკვე სტრაბონი (ძვ. და ახალი წელთაღრიცხვათა მიჯნა) ამ მხარეს კამბისენეს უწოდებს. სოფლის მეურნეობის დარგების აღმავლობა ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხელოსნობის დარგების განვითარებას. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ადასტურებს კერამიკული და მინის საწარმოების არსებობას, მექვევრეობას, სახნავ-სათიბი, სამკალი იარაღის მჭედლობის არსებობას, მოპოვებულია ვაზის სასხლავი დანა და რკინის სხვა იარაღები.

ჰერეთზე გადიოდა საქართველოს ამიერკავკასიაში უზენაესი არაბი მოხელის რეზიდენციასთან დამაკავშირებელი გზა, რაც ხელს უწყობდა ამ მხარის განვითარებას. ჰერეთის სამეფოს საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სახალიფოსთან, რასაც ჰერეთში აღმოჩენილი იმდროინდელი მრავალრიცხოვანი არაბული მონეტები მოწმობენ. ჰერეთის სამეფო არაბთა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში მონაწილეობდა და საკუთარი სახელოსნო თუ სასოფლო-სამეურნეო საქონელიც გაჰქონდა.

ჰერეთის („რანთა“) მეფეები

რედაქტირება
ჰერეთის მეფეები[1]
სახელი მეფობის წლები ტიტული
მეფე
სუმბატი 787?–815? წწ. შაქი-ჰერეთის მთავარი
საჰლ იბნ სუნბატ ალ-არმანი 815–854; 822-დან. შაქი-ჰერეთის მთავარი;

რანის ერისმთავარი

ადარნერსე I 856–865 წწ. ზემო ხაჩენის მთავარი
გრიგოლ ჰამამი 865–897; 893-დან ზემო ხაჩენის მთავარი; „რანის მეფე“
ადარნასე II 897–943 წწ. ჰერეთის მეფე
იშხანიკი 943–960-იანი წწ. ჰერეთის მეფე
იოანე სენექერიმი 960-იანი–990-იანი; 958-დან. ჰერეთის მეფე; „რანის მეფე“
დინარა 990-იანი–1010 წწ. ჰერეთის მეფე
კვირიკე III 1014–1037 წწ. კახეთ-ჰერეთის მეფე

XI საუკუნის დასაწყისში ჰერეთი უკვე სუსტ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომლის დაუფლებისათვის ერთმანეთს ებრძვიან მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. 1008 წელს ჰერეთს იკავებს ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. 1010 წლიდან ჰერეთის მთავრად ინიშნება კვირიკე III. 1020 წლიდან კი ჰერეთი გამოეყო ერთიანი საქართველოს სამეფოს და კახეთთან ერთად შექმნა კახეთ-ჰერეთის სამეფო (რანთა და კახთა სამეფო).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ჰერეთის მეფეების გენეალოგია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 629.
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
  • მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VII-XI სს.), თბ., 1982;
  • მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი., საქართველოს ისტორია, ტ. 2 — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, 2012 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კახეთის სამთავრო - hereti.org | hereti.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-02. ციტირების თარიღი: 2017-12-26.