სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იშხანი.

იშხანიკიჰერეთის მეფე დაახლოებით 943 — X საუკუნის 50-იან წლებში, ადარნასე პატრიკის ძე. იშხანიკის თანამმართველი იყო დედამისი, დინარ დედოფალი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი. იბნ ჰაუკალის თხზულების მიხედვით, იშხანიკის მეფობის დროს ჰერეთი დეილამის მთავრების — სალარიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. X საუკუნის 50-იან წლებში იშხანიკმა ისარგებლა სალარიდების სახელმწიფოში შინაფეოდალური ომებით და ხარკის მიცემა შეწყვიტა.

ქართული წყაროების მიხედვით, იშხანიკმა დედის დახმარებით განახორციელა რელიგიური რეფორმა. ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა, აღიარა მართლმადიდებლობა და ეკლესიურად დაექვემდებარა მცხეთის საკათალიკოსო ტახტს. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავდა სომხური პოლიტიკური ორიენტაციის ქართულით შეცვლას. საგარეო პოლიტიკაში იშხანიკი ცდილობდა ადრე დაკარგული ჰერეთის მიწების ხელახლა შემომტკიცებას. მან ისარგებლა საჯთა მეორე შემოსევის (X საუკუნის 20-იანი წლები) შემდეგ კახეთის სამთავროს დასუსტებით და დაიბრუნა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკე I-სა და აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-ის მიერ ადარნასე პატრიკისათვის წართმეული ციხეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
  • პაპუაშვილი თ., ქსე, ტ. 5, გვ. 288, თბ., 1980
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.