კვირიკე I
კვირიკე I (გ. 918) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 892-918 წლებში. მისი მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ახალ მოვლენებს. ეს ის დროა, როცა აზერბაიჯანში იქმნება საჯიდების ძლიერი სახელმწიფო. 907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა და ააოხრა საქართველოს მთელი რიგი პროვინციები. კახეთმა შეძლო ამ შემოსევის თავიდან აცილება: არაბთა მიერ უჯარმისა და ბოჭორმის ციხეების დაკავების შემდეგ კვირიკე I-მა აბულ კასიმს მორჩილება აღუთქვა და სამთავრო აოხრებას გადაარჩინა.
კვირიკე I | |
---|---|
კახეთის ქორეპისკოპოსი | |
მმართ. დასაწყისი: | 893 |
მმართ. დასასრული: | 918 |
წინამორბედი: | ფადლა I |
მემკვიდრე: | ფადლა II |
გარდ. თარიღი: | 918 |
საჯთა ახალმა შემოსევამ დიდად დააზარალა და დაასუსტა კახეთის მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. კახეთი სარგებლობს ამ მდგომარეობით და თავისი ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნვას იწყებს. დაახლოებით 915 წელს კვირიკე I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის პუნქტები არიში (ახლანდელი მთისძირი), გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. კვირიკე I-ს ერგო ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერეთის მეფემ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო-პოლიტიკური ვითარების გართულებით და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 499.
- მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.
წინამორბედი: ფადლა I |
კახეთის ქორეპისკოპოსი 893 - 918 |
შემდეგი: ფადლა II |