სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გავაზი.

გავაზი, ძველი გავაზი — ისტორიული სოფელი კახეთში. მდებარეობდა თანამედროვე ახალსოფლის (ყვარლის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის ავანისხევის (გავაზისწყლის) ორივე ნაპირზე. გავაზის დაწინაურებას ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ კავკასიონისა და ალაზნის ველის მიჯნაზე. VI საუკუნეში გავაზაში აიგო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი — ძველი გავაზის სახელით ცნობილი ეკლესია.

ძველი გავაზი

ქართული წერილობით წყაროებში გავაზი პირველად იხსენიება IX საუკუნეში, როდესაც ქორეპისკოპოსმა სამოელ დონაურმა იქ დაამარცხა არაბები. X საუკუნეში კვირიკე ქორეპისკოპოსისა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობის შედეგად გავაზი და არიში კონსტანტინეს ერგო წილად. გავაზში აღმოჩენილი 1025 წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, რომ აქ საყურადღებო მშენებლობა მიმდინარეობდა. გავაზის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV-XVI საუკუნეებში.

იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქ გრემიდან ირანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. გამომწვარი თიხის ფილებით მოგებული, სამეთვალყურეო კოშკებით დაცული გზის თითო დღის სავალზე ქარვასლები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ქარვასლა გავაზშიც იდგა. შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ გავაზის მნიშვნელობა დაკნინდა. ლეკიანობამ იგი გააპარტახა. XVIII საუკუნეში გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. 1969-1972 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი) გაირკვა, რომ გავაზის ტერიტორიაზე დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. გაითხარა IX-XVI საუკუნეების გავაზის ძირითადი უბნები: ბაზარი (თანამედროვე „ნაბაზრალი“), დარბაზოვანი (ციხის, ეკლესიისა და სასახლის კომპლექსები), სამება (ეკლესია, ქარვასლა, სახელოსნო უბანი) და აგრარული ზონა — „კოპალე“ (ქვის ყორეებით შემოზღუდული მამულები, სარწყავი სისტემა).

ლიტერატურა

რედაქტირება