სამოელ დონაური
სამოელ დონაური (გ. 861) — კახეთის მთავარი, ქორეპისკოპოსი (839-861 წწ.), გარდაბნელ დიდებულთა, დონაურთა გვარის დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მის დროს კახეთი კვლავ აგრძელებს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას, რამაც არაბთა ახალი შემოსევები გამოიწვია.
სამოელ | |
---|---|
კახეთის ქორეპისკოპოსი | |
მმართ. დასაწყისი: | 839 |
მმართ. დასასრული: | 861 |
წინამორბედი: | ვაჩე (დაჩი) |
მემკვიდრე: | გაბრიელ დონაური |
გარდ. თარიღი: | 861 |
დინასტია: | დონაურები |
840–842 წლებში ხალიდ იბნ-იაზიდი ორჯერ შემოესია საქართველოს. არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების კოალიცია, რომელშიც შევიდნენ: კახეთის ქორეპისკოპოსი სამოელი, თბილისის ამირა, გუარამ მამფალი და არმენიის სპარაპეტი სმბატ აშოტის ძე ბაგრატუნი.
პირველად არაბებმა ჰერეთის გავლით შეაღწიეს კახეთში, მაგრამ სასტიკი მარცხი განიცადეს კახეთის ლაშქართან ბრძოლაში, რომელიც სოფ. გავაზთან გაიმართა. შემდეგ ხალიდ იბნ-იაზიდმა ჯავახეთში ილაშქრა, სადაც დაიღუპა კიდეც.
ბაღდადის ხალიფამ, რომელსაც არ სურდა მარცხთან შერიგება, ამიერკავკასიის ურჩი პოლიტიკური ერთეულების დასჯის მიზნით ახალი ლაშქრობა მოაწყო. 853 წელს საქართველოში შემოიჭრა უზარმაზარი არმია ბუღა თურქის ხელმძღვანელობით.
არაბებმა პირველი დარტყმა თბილისის საამიროს წინააღმდეგ მიმართეს. ბუღა თურქმა სასტიკად დაარბია თბილისი — მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 50 ათასი თბილისელი დაიღუპა.
854 წელს ბუღა თურქმა ორჯერ სცადა კახეთში შეჭრა, პირველად გარდაბნის მხრიდან, მეორედ კი, ამ უკანასკნელის სასტიკად აოხრების შემდეგ, დასავლეთიდან, არაგვის ხეობით. კახელებმა ორჯერვე მოიგერიეს არაბების არმია და კახეთის სამთავრო აოხრებას გადარჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 2000
- მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა. სინ., ტ. 2, თბ., 1973
- მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, №31, 1954
- თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982
- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 20.
წინამორბედი: ვაჩე |
კახეთის ქორეპისკოპოსი 839 - 861 |
შემდეგი: გაბრიელ დონაური |