გვარამ მამფალი

(გადამისამართდა გვერდიდან გუარამ მამფალი)

გვარამ (გუარამ) მამფალი (გ. 882) — IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. აშოტ I დიდის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი.

გვარამი
ჯავახეთის ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 830
მმართ. დასასრული: 881
წინამორბედი: აშოტ I დიდი
მემკვიდრე: ნასრა
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: აშოტ I დიდი

ცვალებადი წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლებისა და თბილისის ამირების წინააღმდეგ. 853 წელს გვარამმა სომხეთის მთავარ აბულაბაზად წოდებულ სმბატთან ერთად ებრძოდა ბუღა თურქს. მათი მოწოდებით მთიულები გადაეღობნენ ცხავატამდის შესულ არაბთა ლაშქარს და სძლიეს მას. გვარამმა შეიპყრო თბილისის ამირა გაბულოცი და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული, დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას „მამფალის“ ტიტული).

მოგვიანებით გვარამ მამფალმა დაიპყრო სამცხეც, სადაც ააგო ციხე ლომსიანთა („ქართლის ცხოვრების“ ჭალაშვილისეული ნუსხით მასვე მიეწერება ოძრხისა და ჯვრის ციხის აშენება სამცხეში). მხარს უჭერდა იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ჯავახეთის კრებაზე არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერებას არ ცნობდნენ, რადგან გიორგი მერჩულეს ცნობით, გვარამს იმ ხანებში მტრული პოზიცია ეჭირა ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სამცხის მთავრის, არსენ I-ის მამის, მირეანის მიმართ.

მოღვაწეობის ბოლო წლებში გვარამ მამფალმა დაპყრობილი ქვეყნები თავის ძმებს ბაგრატ I კურაპალატსა და ადარნასე I-ს, ხოლო აბოცი თავის ცოლისძმას — სომეხთა მეფეს სმბატ I-ს გაუნაწილა, თავად კი ბერად აღიკვეცა და მალე გარდაიცვალა კიდეც. სუმბატ დავითს ძის ცნობით, გვარამი გარეული არ ყოფილა თავისი ძმის ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მკვლელობის საქმეში. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. გიორგი მერჩულე გვარამ მამფალს „დიდ მამფალსა“ და „დიდ ხელმწიფეს“ უწოდებს. მისივე სიტყვით გვარამ (გუარამ) მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

წყარო რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება