ნასრა (გ. 888) — ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა წარმომადგენელი IX საუკუნის 70-80-იან წლებში, გვარამ მამფალის ძე. აფხაზთა მეფესთან ერთად იბრძოდა შიდა ქართლის დასაპყრობად, სომეხთა მეფისა და მისი მოკავშირის დავით I კურაპალატის წინააღმდეგ. 881 ნასრამ ვერაგულად მოკლა დავით კურაპალატი, რის გამოც ის სამშობლოდან განდევნეს. ნასრა 7 წელი ბიზანტიაში ცხოვრობდა.

ნასრა
სამცხე-ჯავახეთის პატრონი
მმართ. დასაწყისი: 881
მმართ. დასასრული: 888
წინამორბედი: გვარამ მამფალი
მემკვიდრე: ადარნასე II
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გვარამ მამფალი

როცა დასავლეთ საქართველოში ბაგრატ დემეტრეს ძე გამეფდა, მან ნასრა (რომელიც მისი ცოლისძმა იყო) ბიზანტიიდან წამოიყვანა და დიდი ლაშქარი მიაშველა ტაო-კლარჯეთის სხვა მფლობელების წინააღმდეგ. ნასრამ შეძლო ოძრხის, ჯუარისციხისა და ლომსიანთას ციხეების აღება, მაგრამ შემდეგ დამარცხდა ადარნასესა (დავით კურაპალატის ძე) და მის მოკავშირეებთან ბრძოლაში. ნასრა მოკლეს ასპინძასთან, მისი მემკვიდრეობა გამარჯვებულებმა გაინაწილეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;