ჯავახეთი

გეოგრაფიული რეგიონი საქართველოში

ჯავახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ საქართველოში. მოიცავს ახლანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი (მდინარის მარცხენა შენაკადი ხევები მგელციხიდან ასპინძამდე ასევე ჯავახეთში შედიოდა), ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები.

ჯავახეთი

ბუღდაშენის ტბა
კუთხის ცენტრი წუნდა (XI საუკუნემდე) ახალქალაქი (XI საუკუნიდან)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 2
ფართობი 2588
მოსახლეობის რაოდენობა 69 561[1]
მოსახლეობის სიმჭიდროვე 26,88
ეროვნება სომხები 93,63 %, ქართველები 5,91 %[2]
რელიგია ქრისტიანები
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

სახელწოდება

რედაქტირება

ქართლის ცხოვრების მიხედვით, სახელწოდება ჯავახეთი მომდინარეობს ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის ჯავახოსისაგან. ლეონტი მროველი წერდა:

 
„ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტაანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქჳან ჰური.“

ტერმინი „ჯავახეთი“ მიღებულია ჯავახ- ფუძეზე -ეთ ბოლოსართის დართვით, შესაბამისად „ჯავახეთი“ ჯავახების საცხოვრებელს, სამყოფელს ნიშნავს (შეადარეთ: სპარსეთი – სპარსთა ქვეყანა, რუსეთი – რუსთა ქვეყანა).

პირველი ცნობა ჯავახეთის სახელწოდების შესახებ ურარტუულ წყაროებში, მეფე არგიშთი I-ის წარწერებში გვხვდება (ძვ. წ. 785). აქ ჯავახეთი ზააბახას სახელითაა ნახსენები. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით სიტყვა ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას – ტაოხ-ს უკავშირდება. ტაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთისა და სამხრეთ საქართველოს, მათ შორის ჯავახეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. პავლე ინგოროყვა თვლის, რომ ტაოხსა და ჯავახს შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხ-ი, ჭავახ-ი. [3]

დღევანდელი ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ჯავახეთს ჯავახქ-ს (სომხ. Ջավախք) ეძახის, რაც ქართული სახელის სომხური ინტერპრეტაციაა.

თბილისში არსებობს ჯავახეთის ქუჩა.

წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; იმხანად იგი მოიცავდა ჩილდირის ტბის დასავლეთ მხარეს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ჯავახეთი როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურქართულ კულტურულ-ისტორიულ სფეროში იყო მოქცეული (ჯავახეთის, ისე როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკაში, შეიმჩნევა ზანური ენის დანაშრევი ელემენტები). ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი).

ქართული წყაროების მიხედვით, წუნდის საერისთავოში გაერთიანებული ჯავახეთი უძველესი დროიდანვე ქართლის მეფეს ემორჩილებოდა, რომლის ცენტრი ქალაქი წუნდა იყო. პირველი ქართული ეკლესიები იქ IV-VI საუკუნეებში აშენდა, ხოლო ვახტანგ გორგასალმა ჯავახეთში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. ჯავახეთზე გადიოდა ბიზანტიისა და ქართლის დამაკავშირებელი გზა. არაბული და სომხური წყაროები (ბალაზორი, იოანე მამიკონიანი) ჯავახეთს ქართლის იმ მხარეთა შორის ასახელებენ, რომლებიც VII საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს. არაბთა სახალიფო ევროპაში, აზიაში და აფრიკაში იყო გადაჭიმული, იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება, რაც საქართველოშიც აშკარად აისახა. იწყება ცალკეული სამეფოების ჩამოყალიბება. ჯავახეთი ქართველთა სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა X საუკუნის 60-იან წლებში ეს მხარე აფხაზეთის სამეფოს მფლობელობაში მოექცა. აფხაზ მეფეებს საქართველოს გაერთიანება სურდათ, ამიტომაც ჯავახეთი, რომელზეც გადიოდა საქართველოს თითქმის ყველა მხარის დამაკავშირებელი გზები, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტი იყო. საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ბოლოს 1010 წელს ჯავახეთი მის შემადგენლობაში იყო.[4][5]

XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ IX-X საუკუნეებში აქ უკვე იყო ვრცელი ქალაქური ტიპის დასახლება, სადაც ნაპოვნია X-XI საუკუნეთა ბიზანტიური სპილენძის მონეტები. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ვარძია, ალასტანი). XII საუკუნიდან დომენს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ.

XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილმა იძულებით ისლამი მიიღეს.

XIX საუკუნის პირველ მესამედში, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ ამიერკავკასია დაიპყრო, მას კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა სპარსეთსა და ოსმალეთის იმპერიასთან. რუსეთის მთავარი ამოცანა იყო სამხრეთ საზღვრების საიმედო ჩაკეტვა. მთავრობის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყველაზე ერთგული ხალხის დასახლებით, რომლებიც შეძლებდნენ არა მარტო სამხრეთის საზღვრების საიმედო დაცვას, არამედ სახელმწიფოს გაათავისუფლებდნენ იმ კოლოსალური ხარჯებისაგან, რომლებსაც იგი ახმარდა საზღვრების დამცველი ჯარის შესანახად. ამიტომ რუსეთის იმპერია XIX საუკუნის I ნახევარში ხელს უწყობდა ჯავახეთში კომპაქტურად ოსმალეთის იმპერიიდან დევნილი სომხების და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსი დუხობორების დასახლებას.

1828 წელს თურქეთთან რუსეთის ჯარების წარმატებებმა მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი სამცხე-ჯავახეთში საიმედო ხალხის ჩამოსახლებაზე. გადაწყდა, თრიალეთსა და ჯავახეთში თურქეთიდან ქრისტიანი სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება. 1829 წლის 3 დეკემბერს გენერალმა ივანე პასკევიჩმა შეადგინა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სამოქალაქო გუბერნატორი ზავილეისკი თავჯდომარეობდა. კომიტეტმა შეიმუშავა გადმოსახლების დებულება. კომიტეტის წინასწარი ანგარიშით ყარსის, ერზურუმისა და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან საქართველოში გადმოსახლდებოდა 8000 ოჯახი. მაგრამ გადმოსახლების დაწყების შემდეგ ოჯახთა ეს რაოდენობა 14 000-მდე ავიდა.

ცარიზმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოში ეთნიკური სიჭრელის შექმნა. რუსეთისადმი ქართველი ხალხის ერთგულება მეფის მთავრობას არ სწამდა. ამიტომ იყო, რომ უარი უთხრა იმერეთში გახიზნულ მესხ მოსახლეობას განთავისუფლებულ ტერიტორიაზე დასახლებაზე. ახალციხის აღებისთანავე პასკევიჩთან გამოცხადდნენ XVI-XVII სს. მესხეთიდან გაქცეული ციციშვილების, ავალიშვილების, მუსხელიშვილების და სხვათა შთამომავლები. ქართველ მეფეთა გაცემული სიგელები წარუდგინეს და მამაპაპისეული მამულების დაბრუნება სთხოვეს. პასკევიჩმა მათი თხოვნა არ შეიწყნარა და გარკვეული გულისწყრომაც გამოთქვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 525.
  • თეთვაძე შ., თეთვაძე ო., სომხები საქართველოში, თბილისი, 1998.
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1—2, თბილისი, 1977-1980;
  • ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. georgia-ethnic-2014
  3. ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა
  4. ახალქალაქი ჯავახეთისაი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
  5. წუნდა — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი