ბუღდაშენის ტბა
ბუღდაშენის ტბა — ვულკანური წარმოშობის ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.[1] მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 0,39 კმ², აუზის ფართობი 69,3 კმ².[3] ტბა უკიდურესად მეჩხერია, საშუალო სიღრმე 0,42 მ, მაქსიმალური სიღრმე 0,85 მ, წყლის მოცულობა 164 600 მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.[3]
ბუღდაშენის ტბა | |
---|---|
ბუღდაშენის ტბა | |
კოორდინატები: 41°12′05″ ჩ. გ. 43°41′09″ ა. გ. / 41.2015917° ჩ. გ. 43.6858472° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2040 მ |
სიგრძე | 1,3 კმ |
სიგანე | 0,8 კმ |
ფართობი | 0,39 კმ² |
მოცულობა | 0,0001646 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 0,42 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 0,85 მ |
აუზის ფართობი | 69,3 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | საზღვარგარეთულა |
გამომდინარე მდინარე | ბუღდაშენი |
ბუღდაშენის ტბის წყლის ყველაზე მაღალი დონე მაისში, თოვლის დნობის დროს და ძლიერი წვიმების პერიოდში აღინიშნება. წყლის დონე ყველაზე დაბალია თებერვალში. ბუღდაშენის ტბას აქვს შედარებით მაღალი მიწისქვეშა-შედენა. ტბის ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან გამოედინება მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი ბუღდაშენი.[4]
წყლის დონის მერყეობა/ცვალებადობა შეადგენს 80 სმ-ს. ზამთარში ტბა იყინება, რაც ხუთ თვეს გრძელდება. ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წყლის მცენარეულობით. სამხრეთ ნაწილში გაბატონებულია ჭარბტენიანი ტერიტორიები. ფსკერი დაფარულია ჰიდროფილური მცენარეებითა და მათი ინტენსიური ზრდის და კვდომის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანული მასალით. ბუღდაშენის ტბა ჭაობისაკენ გარდამავალ სტადიაში იმყოფება.[4]
ბუღდაშენის ტბაში გვხვდება თევზი, მათ შორის აღმოსავლური ფრიტა და კარჩხანა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პატარა კლდოვანი კუნძული მდებარეობს, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს ფრინველების გამრავლებისა და ბუდობის თვალსაზრისით, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ველის პრანწიასთვის (Vanellus gregarius) და ეროვნულ დონეზე მოწყვლადი ვარდისფერი ვარხვისთვის (Pelecanus onocrotalus). ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოწყვლადი წითელი იხვისთვის (Tadorna ferruginea), რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავლდება.[5]
დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია, რაც განაპირობებს ჭაობების წარმოქმნას. ბუღდაშენის ტბაზე გავრცელებულია ენდემურ მცენარეთა 19-მდე სახეობა. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შემავალ ტბებს შორის ბუღდაშენის ტბა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ტბად ითვლება ფრინველთა მდიდარი ფაუნის და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობების მხრივ, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფრინველთა მიგრაციის დროს.[4]
ტბა ბუღდაშენის ტბის აღკვეთილის ნაწილია. მოსაზღვრე ჩილდირის მთის სამხრეთ ფერდობები ინტენსიურად გამოიყენება საძოვრებად. 2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ ბუღდაშენის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 40.
- ↑ ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 511.
- ↑ 3.0 3.1 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-15. ციტირების თარიღი: 2020-12-16.
- ↑ მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შევიდა
- ↑ Bugdasheni Lake. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2020.