ჯავახეთის ზეგანი
ჯავახეთის ზეგანი — ვულკანური ზეგანი სამხრეთ საქართველოში.
ჯავახეთის ზეგანი | |
---|---|
![]() ჯავახეთის ზეგნის ლანდშაფტი | |
კოორდინატები: 41°30′ ჩ. გ. 43°30′ ა. გ. / 41.500° ჩ. გ. 43.500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | დიდი აბული |
სიმაღლე | 3305 მ |
![]() |
აგებულია ეფუზივებით. ზედაპირზე გავრცელებულია ზედაპლიოცენური დოლერიტული განფენები , რომლის საძირკველში ნეოგენური გოდერძის ვულკანოგენური წყებაა. ადგილ-ადგილ გავრცელებულია ტბიური ნალექები. რელიეფში გაბატონებულია 1500-2200 მ სიმაღლეზე აზიდული ვაკეები, რომლებიც გართულებულია ტბიანი და ჭაობიანი ტაფობ-ქვაბულებითა და მდინარეთა კანიონისებრი ხეობებით. ზეგნის ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განვითარებულია სერებიან-ხეობებიანი რელიეფი დანაოჭებული ლავების საფუძველზე (აზმანიას, მურაკვალის, ტაბისყურის სერები, კოდალის, ზემო ქციის ხეობები, ტაბისყურის ქვაბული).
ჰავა გარდამავალია ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე. ზამთარი მცირეთოვლიანი და ცივი იცის. საშუალო წლიური ტემპერატურა 4-6 °C, იანვარი -5, -10 °C, ივლისი 15-16 °C; აბსოლუტური მინიმალური -34 °C, -41 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 30-35 °C. ნალექები 600-750 მმ წელიწადში.
ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნიან მდინარეები (მტკვარი, ფარავანი, ქცია, ბარალეთისწყალი და სხვა) და ლავური ვოკლუზები. მდინარეებს ზემო დინებაში მცირე ვარდნა აქვთ, ქვემოთში — დიდი. ტბების უმრავლესობა გამდინარეა და მტკნარი, მხოლოდ კარწახის ტბაშია მომლაშო წყალი. წყაროებს ახასიათებს დიდი დებიტი, დაბალი ტემპერატურა და მტკნარი წყალი.
გავრცელებულია მთის სტეპური მცენარეულობა და მდელოს ბალახეული. აქა-იქ ხელოვნური ტყეებია. ფლორა და ფაუნა მდიდარია ბორეალური ელემენტებით.
ცხოველებიდან გავრცელებულია: ტურა, მელა. არის გნოლი, კავკასიური როჭო, კაკაბი, მწყერი, კასპიური შურთხი, გარეული იხვი, მტრედი და სხვა. ტბებსა და მდინარეებში ბევრია თევზი (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა).
-
ჯავახეთის მტკვარი ფარავნის ტბასთან
-
ლანდშაფტი ფარავნის ტბასთან
-
ჯავახეთი. ლანდშაფტი
-
ჯავახეთის მტკვარი ნაისასთან
-
ლანდშაფტი სოფელ ბარალეთთან
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 525.
- კუკური მეტრეველი, ჯავახეთი[მკვდარი ბმული], თბ. 2010, ISBN 978-9941-0-3008-6