ჭარბტენიანი ტერიტორიები
ჭარბტენიანი ტერიტორიები[1] ან წყალ-ჭაობიანი ადგილი[2] — მუდმივად ან სეზონურად დატბორილი ადგილი, რომელიც წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებელი ეკოსისტემა. ჭარბტენიანი ტერიტორიები ქმნიან თბილ წყალსატევებს თევზსაშენებისათვის, უხვბალახიან საძოვრებს მსხვილი რქოსანი საქონელისათვის და ხელსაყრელ ჰაბიტატებს გარეული ცხოველებისათვის. ჭარბტენიანი ტერიტორიები მთელი ხმელეთის 6% მოიცავს და თითქმის ყველგან გვხვდება, ტუნდრიდან დაწყებული ტროპიკებამდე დამთავრებული. ჭარბტენიანი ტერიტორიები აერთიენებს კონტინენტსშიდა, სანაპიროებისა და ზღვის ჰაბიტატების ფართო სპექტრს, სადაც მიწა და წყალი ერთმანეთს ხვდება. ისინი ესტუარებს, დატბორილ დაბლობებს, მტკნარწყლიან ჭაობებს, მანგროს ტყეებს, ტორფიან მიწებს მოიცავს.
ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე, გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას; ჭაობი არის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცლების საშუალება, წყლის „ბუნებრივი ფილტრი“, გადამფრენი ფრინველების დროებით საბინადრო, დასვენების და გამრავლების ადგილი, ეკოტურიზმის განვითარების პოტენციური ტერიტორია და სხვა.[3]
საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები გვხვდება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.[4] მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღედ გამოცხადებულია 2 თებერვალი. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჭარბტენიანი ტერიტორიები — საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი
- ↑ წყალ-ჭაობიანი ადგილი — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი
- ↑ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე
- ↑ დღეს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-22. ციტირების თარიღი: 2021-01-24.
- ↑ ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13. ციტირების თარიღი: 2018-02-21.