სიტყვა „ტროპიკი“ მოდის ძველი ბერძნული სიტყვიდან τροπή (tropē), რაც მობრუნებას ან მიმართულების ცვლილებას ნიშნავს, რადგან ტროპიკების მიღმა მზე ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს[1].

დედამიწის რუკა მთავარი განედებით

ტროპიკები არის დედამიწის ზონა, რომელიც ეკვატორის გასწვრივაა განლაგებული. ტროპიკული ზონის საზღვარს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩრდილოეთის, ანუ კირჩხიბის ტროპიკი ეწოდება და ის 23°26′11.9″ ჩ.გ.-ზე მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში კი ტროპიკულ ზონას სამხრეთის, ანუ თხის რქის ტროპიკი შემოფარგლავს, რომელიც 23°26′11.9″ ს.გ-ზე მდებარეობს.[2] ტროპიკულ ზონად ითვლება ის ადგილები, სადაც წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც აღმოჩნდება მზე ზენიტში. მაგალითად, კირჩხიბის ტროპიკი ყველაზე ჩრდილოეთი განედია დედამიწაზე, რომლის გასწვრივაც მზე ივნისის ბუნიობის დროს ზენიტშია. ამ დროს ჩრდილოეთი ნახევარსფერო ყველაზე მეტადაა მზისკენ დახრილი. თხის რქის ტროპიკის გასწვრივ კი მზე დეკემბრის ბუნიობისას ხვდება ზენიტში. ამრიგად, კირჩხიბისა და თხის რქის ტროპიკების განედები ემთხვევა დედამიწის ღერძის მზის მიმართ დახრის კუთხეს.

ტროპიკებს დედამიწის მთელი ზედაპირის 40 % უკავიათ, ხოლო ხმელეთის - 36 %. 2014 წლის მონაცემების თანახმად, ამჟამად ტროპიკულ ზონებში დედამიწის მოსახლეობის 40 % ცხოვრობს[3], თუმცა 2050 წლამდე ამ ციფრის 50 % გაზრდაა მოსალოდნელი[4].

სეზონურობა და კლიმატი

რედაქტირება

სიტყვა „ტროპიკული“ ხშირად გარკვეული ტიპის კლიმატის აღსაწერად გამოიყენება. როგორც წესი, ტროპიკული კლიმატი ნიშნავს - თბილ (ან ცხელს) კლიმატს და მთელი წლის განმავლობაში ნალექით მდიდარს.

ბევრ ტროპიკულ რეგიონს მშრალი და ნალექიანი სეზონები ახასიათებს. წვიმების სეზონი წლის ის დროა, როდესაც რეგიონში ყველაზე მეტი წვიმა მოდის. ეს პერიოდი შეიძლება ერთ ან რამდენიმე თვეს გრძელდებოდეს[5]. კოპენის კლიმტის კლასიფიკაციის მიხედვით, წვიმიანი სეზონის თვე განისაზღვრება 60 მმ ან მეტი ნალექით თვის განმავლობაში. ტროპიკულ წვიმიან ტყეებში არ გვხვდება მშრალი და წვიმიანი სეზონები - აქ ნალექები მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული წლის განმავლობაში. ზოგი რეგიონი, რომელშიც გამოხატულია ნალექიანობის სეზონურობა, სეზონის შუაში ნალექის ნაკლებობას განიცდის, რადგან ამ დროს ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა პოლუსისკენ გადაიწევს. ამ რეგიონების ტიპური მცენარეულობა სეზონური წვიმიანი ტყეებიდან სავანებამდე ვრცელდება[2].

ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა ეწოდება წარმოსახვით სარტყელს ეკვატორის გარშემო, რომელიც ყველაზე უხვად იღებს მზის პირდაპირ სინათლეს. ამ სარტყელის გასწვრივ ძალიან მაღალია აორთქლების დონე და, შესაბამისად, ნალექიანობა. წლის განმავლობაში ეს სარტყელი მოძრაობს - ივლისში ის ეკვატორის ჩრდილოეთითაა, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მეტი მზე ეცემა, ხოლო იანვარში - ეკვატორის სამხრეთით გადაინაცვლებს. ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა დედამიწის კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია - ის უზრუნველყოფს სითბოს გავრცელებას ეკვატორიდან პოლუსებისაკენ. ამ პროცესში ჰედლის, ფერელისა და პოლარული უჯრედებია ჩართული[6].

ტროპიკული ზონის უდიდეს ნაწილში, კოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ეგრეთ წოდებული ტროპიკული კლიმატია, თუმცა ის მშრლ - არიდულ და ნახევრად-არიდულ კლიმატსაც მოიცავს, მაგალითად საჰარას უდაბნო, ატაკამას უდაბნო და სხვა. მსგავსი არიდული რეგიონებიც სწორედ ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონისა და ატმოსფერული ცირკულაციის მიერაა გამოწვეული - ეკვატორის გასწვრივ წარმოიქმნება ცხელი, ნოტიო ჰაერის აღმავალი ნაკადი. მუდმივი აღმავალი ნაკადის გამო ჰაერის მასები პოლუსების მიმართულებით გადაიტუმბება. დაახლოებით 30° განედამდე მიღწევისას, ჰაერის ეს მასები გრილდება და დედამიწის ზედაპირისაკენ ეშვება. ამ მომენტისთვის მათ უკვე დაკარგული აქვთ წყლის ორთქლის დიდი ნაწილი. შესაბამისად იმ ადგილებში, სადაც ეკვატორიდან გამოდევნილი გამომშრალი ჰაერი ცივდება და ზედაპირისკენ ეშვება - მშრალი კლიმატი გვხვდება. ცნობისთვის, დედამიწის უდიდესი უდაბნოები სწორედ ამ განედის გასწვრივაა განლაგებული.

ტროპიკულ ზონაში ასევე გვხვდება ალპური ტუნდრა და ნივალური მწვერვალები - მაუნა-კეა, კილიმანჯარო და ჩილესა და პერუს ანდები.

კოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ტროპიკული ზონა ძირითადად ორი ჯგუფის კლიმატს მოიცავს: ჯგუფი A - ტროპიკული კლიმატები და ჯგუფი B - მშრალი კლიმატები. ჯგუფი A იყოფა სამ კატეგორიად: Af - ტროპიკული წვიმიანი ტყე, Am - ტროპიკული მონსუნის კლიმატი და Aw/As - ტროპიკული სველი და მშრალი და სავანას კლიმატი[7].

ეკოსისტემები

რედაქტირება

ტროპიკული ეკოსისტემა შეიძლება მოიცავდეს ტროპიკულ წვიმიან ტყეს, სეზონურ წვიმიან ტყეს, მშრალ (ხშირად ფართოფოთლოვან) ტყეს, უდაბნოს და სხვა ჰაბიტატებს. ტროპიკულ ეკოსისტემები ხშირად ბიომრავალფეროვნების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და ენდემისზმის მაღალი დონით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით ტროპიკულ და სეზონურ წვიმიან ტყეებს ეხება. მნიშვნელოვანი მაგალითებია ელ იუნგუეს ეროვნული ტყე პუერტო რიკოში, კოსტა რიკასა და ნიკარაგუაში; ამაზონის წვიმიანი ტყე, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება; აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მადაგასკარის მშრალი ფართოფოთლოვანი ტყეები.

ხშირი წვიმის გამო ტროპიკული წვიმიანი ტყის ნიადაგი ხშირად გამოირეცხება და, შესაბამისად, საკვები მინერალებით ღარიბია. ამიტომ ის განსაკუთრებით მოწყვლადია ტყის ჩეხისა და დაწვის მიმართ. ამ ტექნიკას სოფლის მეურნეობაში იყენებენ სამეურნეო მიწების გასაფართოებლად.

 
მსოფლიოს ბიოგეოგრაფიული რეგიონები
 
კენიის წვიმიანი ტყე

ბიოგეოგრაფიაში ტროპიკებს ორად ყოფენ - პალეოტროპიკები (აფრიკა, აზია და ავსტრალია) და ნეოტროპიკები (კარიბის ზღვა, ცენტრალური ამერიკა და სამხრეთი ამერიკა). ერთად პალეოტროპიკებსა და ნეოტროპიკებს პანტროპიკის სახეოლითაც მოიხსენიებენ. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ზონების გამოყოფის ბიოგეოგრაფიული სისტემა განსხვავდება გეოგრაფიულისაგან. მაგალითად, ნეოტროპიკი მოიცავს როგორც ამერიკების ტროპიკულ ნაწილს, ასევე სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელს. პალეოტროპიკი კიდევ აფროტროპიკის, ინდომალაის, ოკეანიისა და ავსტრალია-აზიის ბიოგეოგრაფიულ რეგიონებს მოიცავს.

ტროპიკულ წვიმიან ტყეებში მცენარეების ყველა დიდი ჯგუფის წარმომადგენელი გვხვდება. უმაღლეს მცენარეთა შორის ყველაზე გავრცელებული ფარულთესლოვანი მცენარეებია. ტროპიკულ წვიმიან ტყეებში გვხდება მათი ზოგი ისეთი პრიმიტიული ფორმა და ოჯახი, რომელიც სხვა ეკოსისტემებისთვის დამახასიათებელი არაა.

ყვავილოვანი მცენარეების დიდი ნაწილი უზარმაზარი ხეებითაა წარმოდგენილი. ტროპიკებში მათი უნიკალური მრავალფეროვნებაა გვხვდება. ასე მაგალითადდ, 23 ჰექტარ ფართობზე მალაიზიაში 375 სხვადასხვა სახეობის ხეა აღწერილი, რომელთა ტანის დიამეტრი 91 სმ-ს აღემატება. პანამაში კი 50 ჰექტარ ფართობზე 7614 ხეა აღწერილი, რომლებიც 186 სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან და რომელთა დიამეტრი 20 სმ-ზე მეტია.

შიშველთესლოვანი (წიწვოვნები და სხვა) მცენარეები წვიმიან ტყეებში უფრო იშვიათია. ისინი უფრო ტროპიკების შედარებით მშრალ და გრილ ნაწილებში გვხვდება. მაგალითად, პალმების ოჯახის (Arecaceae) მცენარეები თითქმის ყველა ტროპიკულ რეგიონშია წარმოდგენილი, თუმცა სხვადასხვა სახეობებით.

გვიმრები, ხავსესბი, ლიქენები და წყალმცენარეები ასევე მრავალფეროვანი და ფართოდ გავრცელებულია, თუმცა უმაღლეს მცენარეებთან შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი. ტროპიკულ წვიმიან ტყეებში გვხვდება მრავალი ეპიფიტური მცენარე - მვენარე, რომელიც სხვა, უფრო მოზრდილ მცენარეზე იზრდება. ესენი ყველაზე ხშირად გვხვდება განსაკუთრებულად ნალექიან ადგილებში - სხვა მცენარეზე ზრდა წარმოადგენს ადაპტაციას ნიადაგში მინერალების ნაკლებობის პირობებში. ტროპიკულ ეკოსისტემებში ასევე დიდ როლს ასრულებენ საპროფიტული სოკოები და მცენარეები - ისინი შლიან ორგანულ ნივთიერებებს, და ამით ეხმარებიან ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლებს მინერალები მიღებაში[8].

 
ვეფხვი

ასეთი მრავალფეროვანი ფლორა გარკვევულწილად განაპირობებს ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებასაც. მცენარეების მსგავსად, ცხოველთა ბევრი სახეობა მხოლოდ ერთი ტიპის ტროპიკულ წვიმიან ტყეზეა მორგებული. ამიტომ, ცხოველთა სახეობების ჯამური რიცხვი მთელ ტროპიკებში ბევრად მაღალია, ვიდრე ერთ კონკრეტულ ტყეში. ტროპიკებში გავრცელებული მოზრდილი ხერხემლიანი ცხოველები - ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები და ამფიბიები შედარებით კარგადაა შესწავლილი. უხერხემლო ცხოველების (განსაკუთრებით მწერების) მრავალფეროვნება კი კიდევ მრავალ დამატებით კვლევას მოითხოვს.

მცენარეების მსგავსად, ზოგი ცხოველი მხოლოდ კონკრეტული ტიპის ეკოსისტემებში გვხვდება, ზოგი კი უფრო ფართოდაა გავრცელებული. ტროპიკებში გავრცელებულ მცენარეებშიც და ცხოველებშიც გვხვდება უამრავი ტიპის შეგუებულობა. ამის ერთი მაგალითი ეპიფიტური ცენარეებია. ასევე კარგი მაგალითია მწერიჭამია მცენარეებიც, რომლებიც მინერალებს ნიადაგის ნაცვლად პირდაპირ მწერებიდან იღებენ[9].

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=40&t=3426
  2. 2.0 2.1 Schultz, Jürgen. The ecozones of the world. Berlin, Germany: Springer, 2005. იურგენ შულცი, მსოფლიოს ეკოზონები. ბერლინი, გერმანია: სპრინგერი, 2005
  3. "Expanding tropics will play greater global role, report predicts". Science Magazine. 29 June 2014.
  4. Glossary of Meteorology (2009). Rainy season. Archived 2009-02-15 at the Wayback Machine American Meteorological Society. Retrieved on 2008-12-27.
  5. Glossary of Meteorology (2009). Rainy season. Archived 2009-02-15 at the Wayback Machine American Meteorological Society. Retrieved on 2008-12-27.
  6. https://earthobservatory.nasa.gov/images/703/the-intertropical-convergence-zone
  7. "World Map of the Köppen-Geiger climate classification updated" , Kottek et al, Gebrüder Borntraeger, Berlin, Stuttgart 2006.
  8. https://www.britannica.com/science/tropical-rainforest/Relationships-between-the-flora-and-fauna
  9. Reece, Jane B., et al. Campbell biology. No. s 1309. Boston, MA: Pearson, 2014.