ადაპტაცია
ადაპტაცია (ლათ. adaptatio — შეგუება, მორგება) — ორგანიზმების (ინდივიდების, პოპულაციების, სახეობების) და მათი ორგანოების აგებულებისა და ფუნქციის გარემო პირობებისადმი შეგუების პროცესი. ამასთან ყოველი ადაპტაცია არის შედეგიც და ე. ი. კონკრეტული ისტორიული ეტაპი შეგუებითი პროცესის — ადაპტაციოგენეზისა, რომელიც მიმდინარეობს გარკვეულ ადგილსამყოფელში მობინადრე ცხოველებისა და მცენარეების ბიოცენოზში.
XVIII საუკუნის დეისტურად მოაზროვნე ბიოლოგების აზრით, ადაპტაცია მოასწავებს ცოცხალ ბუნებაში ერთგვარი საწყისი მიზანშეწონილობის არსებობას, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმების იმანენტურ თვისებად მიიჩნევდნენ. ეს კი ადაპტაციის მოვლენების მატერიალისტურ, მიზეზობრივ, დეტერმინანტულ ახსნას უარყოფდა. მოძღვრება საწყისი მიზანშეწონილობის შესახებ უარყო დარვინის ევოლუციურმა თეორიამ. 1859 წელს ჩ. დარვინმა დაადგინა, რომ სახეობების ევოლუცია ხორციელდება გარემოსადმი მათი შეგუებით. ამ დროიდან განმტკიცდა დებულება, რომლის მიხედვითაც ადაპტაცია ყოველთვის წარმოიქმნება და ვითარდება ორგანული ევოლუციის სამი ძირითადი ფაქტორის — ცვალებადობის, მემკვიდრეობითობისა და ბუნებრივი გადარჩევის (აგრეთვე ხელოვნური გადარჩევის) შედეგად. ევოლუციურ-ისტორიულ პროცესში ადაპტაციის ცნებას უახლოვდება ორგანიზმის არამემკვიდრული ადაპტიური რეაქციები (მოდიფიკაციები), რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების ცვალებადობით. ორგანიზმის ადაპტიურობა უზრუნველყოფს ყოველი ორგანიზმის გადარჩენას. როგორც ყოველ ორგანოში, ისე მთლიან ორგანიზმში მათი ფორმა და ფუნქცია ყოველთვის კორელირებული და კოადაპტირებულია, ე. ი. ერთიმეორეს შეესაბამება ადაპტაცია მაგალითად, ხშირ შემთხვევაში მწერის მფარველობითი შეფერილობა ეხამება ტიპობრივ „მოსვენების პოზას“, როდესაც იგი ჯდება მის დასამალავ ზედაპირზე. საყურადღებოა ორგანიზმის ფორმისა და ფუნქციის გარემო პირობებისადმი შესაბამისობა ადაპტაცია. მაგალითად, დელფინს აქვს საკმაოდ სრულყოფილი შეგუებანი; ტორპედოსებრი ფორმა, კანის განსაკუთრებული აგებულება, რაც ხელს უწყობს წყალში სწრაფად სრიალს. ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმების გამოკვლევა ნაირგვარ ტექნიკური კონსტრუქციის შესაქმნელად — ბიონიკის ძირითადი მიზანია.
ორგანიზმების ყოველ ჯგუფში შესაძლებელია ადაპტაციების ზუსტად შესწავლა და მათი კლასიფიკაცია. მაგალითად, ძუძუმწოვრების ადაპტაციები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად: ადგილსამყოფელის ტიპების (ხმელეთის ფორმები, ანუ ქთონობიონტები, წყლის ფორმები, ანუ ჰიდრობიონტები და ადაპტაცია შ.); კვების ხერხების (ბალახჭამიები, მტაცებლები და ა. შ.); მოძრაობის ხერხების (ხტუნიები, მორბენალნი და ა. შ.) მიხედვით და სხვ.
ადაპტაცია დამახასიათებელია მცენარეებისათვისაც. ფესვთა სისტემის, ღეროს, ფოთლების, განსაკუთრებით კი გამრავლების ორგანოების აგებულებას და ფორმას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ადაპტაცია.
ევოლუციური-ისტორიის ადაპტაციის წყაროა გენეტიკური ცვალებადობანი — მუტაციები, რომლებიც ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, როგორც მემკვიდრულობის მატერიალური საფუძვლის — დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) განუსაზდვრელად მრავალგვარი ცვალებადობანი. რადგან ყოველი სახეობის ცხოველის ან მცენარის ინდივიდების ურთიერთშეჯვარების შედეგად წარმოიქმნება გენეტიკური კომბინაციები, გადარჩევა მიმდინარეობს არა მუტანტური ნიშნებით, არამედ კომბინაციური ფორმებით. პოპულაციებში წარმოიქმნება ბუნებრივი ჰეტეროზიგოტურობა, რის პირობებში ადაპტაური მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიური ორგანიზაცია „ემყარება“ არა მუტაციებს, არამედ კომბინაციებს. მუტაციებსა და ადაპტაციას შორის არსებული თანაფარდობის პრინციპი გამოყენებული იყო სოფლის მეურნეობაშიც: ჯიში მით უფრო მყარია, რაც უფრო ჰეტეროზიგოტურია. ამგვარად, მუტაციებსა და ადაპტაციას (როგორც ისტორიულ პროცესს) შორის წარმოიქმნება დიალექტიკური წინააღმდეგობა, რის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ გადარჩევის შედეგად, რომელიც მუტაციურ ძვრებსა და ცვლილებებს ადაპტაციად გარდაქმნის. მუტაციები და მათი კომბინირება გადარჩევის კონტროლით ადაპტაციის წყარო ხდება, მაშინ როდესაც გადარჩევას ცოცხალი ფორმების ადაპტაური ორგანიზაციის წამყვანი, შემოქმედებითი ფაქტორის მნიშვნელობა ენიჭება.
ადაპტაცია გამოხატავს შეგუებულობას როგორც გარემოს ბიოტიკური (გენოტიპის, პოპულაციის ან ბიოცენოზის შიგნით), ისე აბიოტიკური ფაქტორებისადმი (ტემპრის, განათების, მარილიანობის, ტენიანობის პირობებისადმი და სხვ.). ზოგი ადაპტაცია განაპირობებს ორგანიზმისა და მისი ნაწილების მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიურ გართულებას, ზოგს კი თან ახლავს მისი აგებულებისა და ფუნქციების მეტნაკლები გამარტივება. ზოგი ადაპტაცია დაკავშირებულია ლოკალურ საარსებო პირობებთან, ვლინდება ცალკეული სახეობის ან სახეობათა პატარა ჯგუფის ფარგლებში და მეტნაკლებად ღრმა სპეციალიზაციას გამოხატავს. მეორე მხრით, ცნობილია საარსებო პირობების დიდ მრავალგვარობასთან დაკავშირებული ადაპტაცია; ასეთი ადაპტაცია ახასიათებს ორგანიზმთა დიდ ჯგუფებს (ოჯახებს, რიგებს, კლასებს, ტიპებს). ფართო მნიშვნელობის ადაპტაცია ევოლუციურ პროცესში ჩნდება კერძო ადაპტაციის სახით და მხოლოდ შემდეგ იძენს უნივერსალურ მნიშვნელობას. სწრაფად ცვალებადი პირობებისადმი შეგუების შედეგად სწრაფადვე ფორმირებული შესაბამისი მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიური ადაპტაციები ფართო ევოლუციურ მნიშვნელობას ვერ იძენენ.
ადაპტაცია ფარდობითია, რადგანაც იგი შეზღუდულია შესაბამისი სახეობის არსებობის დროით. სახეობათა ისტორიული ჩამოყალიბება ამავე დროს მათი დამახასიათებელი ადაპტაციების მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების პროცესია. ადაპტაცია ჩნდება სახეობის არსებობის განსაზღვრულ საფეხურზე და შემდგომ ევოლუციურ პროცესში ვითარდება და სრულყოფილი ხდება. ადაპტაცია მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც არსებობს გარკვეული ონტოგენეზური წანამძღვრები, რომლებიც სათანადო პირობების შექმნისას ევოლუციურ პროცესში გარკვეულ ადაპტაციებად განხორციელდება.
ევოლუციურ ადაპტაციას გარკვეული საზღვრები აქვს, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ორგანიზმთა ყოველი ჯგუფის ონტოგენეზური პოტენციური შესაძლებლობა ყოველთვის შეზდუდულია. პირობების ისტორიული შეცელისას ადაპტაციის დიდი ნაწილი კარგავს მნიშვნელობას და იქცევა ინდიფერენტულ ნიშნად, რომელიც ან სულ ქრება, ან ახალ დანიშნულებას იძენს. ადაპტაცია გარდაუვალად განიცდის ევოლ. ცელილებებს შესაბამისი ორგანიზმების გარემოსთან მიმართების შეცელის გამო ახალი აების გაჩენასთან დაკავშირებით. ისტორიულად ჩამოყალიბებული ადაპტაციების ერთობლიობა შეადგენს ე. წ. ორგანულ მიზანშეწონილობას, რომელიც, ისე როგორც ცალკეული ადაპტაცია, ფარდობითია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 83-84.