ტელეოლოგია
ტელეოლოგია (ბერძ. τέλος — „მიზანი“ და λόγος — „მოძღვრება“) — იდეალისტური მოძღვრება მიზნობრიობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელებას წარმოადგენს. გამოიხატება ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების იდეალისტურ ანთროპომორფიზაციაში, უკავშირებს მათ მთავარი საწყისების მოქმედებას წინასწარდადგენილი მიზნების განსახორციელებლად. ეს თეზისი გულისხმობს ზეგონებრივი შემოქმედის არსებობას, საფუძვლად უდევს ღმერთის ტელეოლოგიურ დასაბუთებას. ტრანსცენდენტურ-ანთროპოცენტრული ტელეოლოგიის თანახმად, მიზნის დამდგენი საწყისი, ანუ ღმერთი, იმყოფება სამყაროს გარეთ და შეაქვს მიზანი ადამიანისათვის შექმნილ ბუნებაში (ქრისტიან ვოლფი); იმანენტური ტელეოლოგიის თანახმად, ბუნების ყოველ საგანს აქვს შინაგანი აქტუალური მიზანი, მიზნობრივი მიზანი, რომელიც არის მოძრაობის წყარო დაბალი ფორმებიდან მაღლისაკენ (არისტოტელე). ტელეოლოგია ხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი სტოიციზმში, ნეოპლატონიზმში, ლაიბნიცის წინასწარდადგენილი ჰარმონიის კონცეფციაში, შელინგის მოძღვრებაში „მსოფლიო სულის“ შესახებ, ჰეგელის ობიექტურ იდეალიზმში, ნეოკანტიანელობაში, ნეოთომიზმში, პერსონალიზმში და ა.შ. ტელეოლოგიის მოდერნიზაციისათვის იყენებენ გენეტიკის, კიბერნეტიკის, ფსიქოლოგიის იდეალისტურად ინტერპრეტირებულ მონაცემებს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტელეოლოგია // ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987. — გვ. 565.