წითელი იხვი

ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა

წითელი იხვი[2][3] (ლათ. Tadorna ferruginea) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა.

წითელი იხვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tadorna ferruginea (Pallas, 1764)
სინონიმები
  • Anas ferruginea (Pallas, 1764)[1]
  • Casarca ferruginea (Pallas)[2]
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680003

მისი სხეულის სიგრძეა 61–70 სმ, მასა 919–1640 ; მამალი მცირედ აღემატება დედალს. მცირე ზომის სწორი ცხვირით ბატს წააგავს. მამლის საქორწინო აღკაზმულობაში ჭარბობს ჟანგმიწოვან-წითური და წაბლისფერი ტონები; თავი უფრო ღიაა, გვერდებზე მოთეთრო; ყელზე ვიწრო შავი რგოლი აქვს. პირველი რიგის მომქნევი ბუმბული შავია, მეორე რიგისა — მომწვანო ლითონისებრი ბზინვარებით; დიდი მფარავი ბუმბული თეთრია; საჭის ბუმბული, ბოლოს ზედა მხარე, ნისკარტი და ფეხები — შავი. დედლებს თავის წინა მხარე თეთრი აქვთ; მთელი ტანი წაბლისფერია; ყელზე რგოლი არ აქვთ. მოზარდები დედალს ჰგვანან, მაგრამ თავსა და მფარავ ბუმბულზე მორუხო ელფერი დაჰკრავთ.

ბუდობს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, მაროკოდან ტუნისამდე, და ევრაზიაში, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან და ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან ზეა-ბურეის ვაკეებამდე და ცენტრალური ჩინეთის მთებამდე (ჩრდილოეთით ჩ. გ. 50–54°-მდე, სამხრეთით — ს. გ. 28–30°-მდე). ჩრდილოეთის პოპულაციები გადამფრენებია, იზამთრებენ ნილოსის ხეობაში, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, შრი-ლანკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობს სტეპებში, უდაბნოებსა და მთებში 5000 მეტრ სიმაღლემდე (ტიბეტში). სახლობს მტკნარ და მარილიან წყალსატევებთან ახლოს, მათ შორის ხელოვნურად შექმნილებთან, ზოგჯერ მათგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.

საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარია.[3] ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 200–300 წითელი იხვი იყენებს.[4] როგორც მოწყვლადი სახეობა, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[5]

იკვებება ხმელეთისა და წყლის მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებითა და თესლებით (სათესი მარცვლების ჩათვლით), მწერებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ჭიებით. დედალი ბუდეს მალავს ქვებს შორის არსებულ ნიშებში, კლდეთა და ფლატეთა ნაპრალებში, სოროებში (ქრცვინის, მელას, მაჩვის), ფუღუროებში ან მიტოვებულ ნაგებობებში. დებს 6–17 (ჩვეულებრივ 8–12) კვერცხს; ინკუბაცია 28—29 დღე გრძელდება. ბარტყებზე ორივე მშობელი ზრუნავს და იცავს მათ ხმელეთისა და ფრთოსანი მტაცებლებისგან. ისინი დაახლოებით 55 დღეში ფრენას იწყებენ. წითელი იხვი ადვილად შინაურდება და ტყვეობაში კარგად მრავლდება.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ტაქსონომია და გავრცელება. Rails, Gallinules and Coots (Rallidae). IBC.Lynxeds.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-23. ციტირების თარიღი: 2011-07-14.
  2. 2.0 2.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 87, 120, 199.
  3. 3.0 3.1 კუტუბიძე მ., მებუკე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.
  4. ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში
  5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2019.