სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზავა.

ილია სოლომონის ძე აფხაზავა (დ. 15 ოქტომბერი, 1922, სოფ. ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 22 მარტი, 1994) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1964), დოცენტი.

ილია აფხაზავა
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1922(1922-10-15)
დაბ. ადგილი ნიგვზიანი
გარდ. თარიღი 22 მარტი, 1994(1994-03-22) (71 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ილია აფხაზავა 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1941–1947 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1950 წელს დაამთავრა თსუ. 1950–1953 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე.[1]

1953–1956 წლებში მუშაობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1954–1957 წლებში კი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; 1957 წლიდან მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცა დაიცვა 1964 წელს თემაზე: „მდინარე არაგვის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, სადაც მოცემულია მდინარე არაგვის აუზის გეოლოგიური აგებულების, რელიეფის, ჰავის, ჰიდროლოგიური ობიექტების, მცენარეული საფარის, ცხოველთა სამყაროს, ნიადაგების საკმაოდ დეტალური დახასიათება. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 66 გამოქვეყნებულია. ნაშრომებში გაშუქებულია ჰიდროლოგიური, ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეომორფოლოგიური საკითხები. აგრეთვე, პალიასტომის ტბის ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ღონისძიებები, კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის ჰიდროგრაფიული თავისებურებანი, საქართველოს ტბების სამეურნეო მნიშვნელობისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე. ჩაატარა ჩრდილო კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები.[1]

ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ილია აფხაზავას დროს ფართოდ გაიშალა გამოკვლევები ლიმნოლოგიაში.[2] 1975 წელს, რუსულ ენაზე გამოიცა ილია აფხაზავას მონოგრაფია „საქართველოს ტბები“ („Озера Грузии“), რომელიც შეიქმნა ავტორის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1960–74 წლები) ჩატარებული გამოკვლევების ხარჯზე. საველე კვლევები ტარდებოდა ძირითადად თბილ ნახევარწელში, მიზნათ ისახავდა ტბიური ქაბულების გენეზისის შესწავლას, მათი მორფოლოგიისა და მორფომეტრიის დადგენას, საზრდოობის, ტბების თერმიკისა და თერმული თავისებურებების დონებრივი რეჟიმის შესწავლას; შეძლებისდაგვარად დაგროვდა მასალები ფლორასა და ფაუნაზე, აგრეთვე ტბიური წყლების ქიმიზმზე.[3]

ილია აფხაზავა აქტიურად მუშაობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, მრავალი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს მდინარეებისა და ტბების შესახებ. მონაწილეობდა აგრეთვე „დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების“ ცნობარის შედგენაში (1972, 1974).[4] იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომების ერთ-ერთი ავტორი.[1]

ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს ფიზიკურ გეოგრაფიასა და ზოგად ჰიდროლოგიაში.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ტბები-ჩვენი ბუნების მშვენება. თბილისი, 1969;
  • Озера Грузии. „Мецниереба“, 1975;
  • საქართველოს ტბები, თბილისი, 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი // ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის განყოფილება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-23. ციტირების თარიღი: 2020-11-22.
  3. Озера Грузии / И. Апхазава ; [Ред. Ф. Давитая] ; Ин-т географии. Тбилиси : „Мецниереба“, 1975.
  4. ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი : [50 წლისთავი]. მეცნიერება, 1984.