წუნდა
წუნდა — ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მისი უძველესი ცენტრი. მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის რაიონის სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე).
ისტორია
რედაქტირებაქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ეთნარქმა — ჯავახოსმა. ლეონტის მროველის სიტყვებით: „ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტაანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლოაწ ჰქჳან ჰური“. ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა დააარსა წუნდის საერისთავო. ერისთავის გამგებლობაში შედიოდა ჯავახეთი, კოლა, არტაანი.
საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგ პირველად აგებულ ეკლესიათა შორის წუნდის ეკლესიაც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან კონსტანტინე ბერძენთა მეფის მოციქულმა „დაუტევნა წუნდას ხურონი და განძი და რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიას, წამოვიდა და მოვიდა მანგლისს“. ქართლის ცხოვრების მიხედვით მირდატის დროს შენდება ეკლესიები ერუშეთსა და წუნდაში „... და მატა შემკობა და შენება ერუშეთსა და წუნდის ეკლესიათა“. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შედეგად წუნდა ჯავახეთში წამყვანი საეკლესიო ცენტრია და „... დასუა ერთ ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტაანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას“. ვახტანგ გორგასლის ანდერძით სამეფო ტახტს იკავებს დაჩი. წუნდა ვახტანგისავე ანდერძით მისი მეუღლისა და ორი ვაჟის სამფლობელო ხდება. „წუნდა მტკვრის ზემო წელის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული პუნქტი იყო, ის თავისი უბნებით, გამაგრების სისტემით, ციხით ამ რაიონში თითქმის ერთადერთია, რომელიც ქალაქად ჩაითვლებოდა“[1]. ქალაქი რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა, ამას დღევანდელი მცირე ველის ტოპონიმიც გვიდასტურებს. წუნდა, ნაქალაქევი, ბერთა-ყანა, ჯიუტ-მალა სწორედ ამ ძველი უბნებიდან უნდა მომდინარეობდეს. დღეისათვის შემორჩენილი ირიგაციის სისტემის ნაწილი ქალაქის უძველეს ფენებს უნდა დავუკავშიროთ. ნაქალაქარი წუნდა არქეოლოგიურად დღემდე არაა შესწავლილი. მდიდარი ზედაპირული მასალა და წლების წინ ჩატარებული მცირე არქეოლოგიური დაზვერვა (ტ. ჩუბინაშვილი, ო. ღამბაშიძე), ადრებრინჯაოს ხანის და ძვ. წ. პირველი ათასწლლეულის ანაკრეფი კერამიკის ნაშთი საკმარისია აქ ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის კვლევისათვის. შემთხვევითი არაა, რომ ზოგი ცნობით აქ ქალაქი ადრე ანტიკური ხანიდანვე მოიხსენიება. მტკვრის ხეობის ზედა წელში მოულოდნელად გაშლილ, ადრევე დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შესაძლებელი იყო ქალაქის ჩამოყალიბება. „განვითარებული ფეოდალიზმის ხანის დასაწყისისათვის ჯავახეთის ცენტრი წუნდაში აღარ იყო. ჩანს, მის სანაცვლოდ აშენდა ძლიერი ციხე, თმოგვისა, რომელსაც თანდათან ქალაქიც გაუჩნდა. მაგრამ საქართველოს გაერთიანებამ, საგარეო-პოლიტიკური ვითარების შეცვლამ და მტკვრის მოყოლილი ძველი გზის სამხრეთით გადანაცვლებამ ყურადღების ცენტრში ისევ ზემო ჯავახეთი მოაქცია“[2] ეს პროცესი VIII-IX საუკუნეებში უნდა მომხდარიყო, ყოველ შემთხვევაში X საუკუნეში უკვე ჯავახეთის ახალქალაქია დაწინაურებული.
წუნდის გორა ხერთვისი-ვარძიის გზიდან აღმოსავლეთით, ორასი-ორასორმოცდაათი მეტრითაა მოშორებული. გორას დასავლეთიდან ხელოვნური ტერასების საგანგებო საფეხურიანი სისტემა ეკვრის, სამხრეთ-აღმოსავლეთით ხეხილის ბაღები და სათიბებია. ტერასების სიმაღლე ზოგ ადგილზე სამ მეტრს აღწევს. არქეოლოგიურად ეს ტერასები არაა შესწავლილი, სავარაუდოდ საკმაოდ ძველია, შესაძლოა აქ ადრე არსებული ქალაქის დროინდელიც იყოს.
წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი
რედაქტირებაწუნდის მატერიალური კულტურული ძეგლთაგან შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XII-XIII საუკუნეების დარბაზული ეკლესია. პატარა კლდეზე აღმართული ეს ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი სწორი კვადრებით, კარ-სარკმლების ჩარჩოები და კარნიზი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული. ეკლესია რესტავრირებულია 1938 წელს. შემორჩენილია სამრეკლო, აგრეთვე გელაზის ქვები და ქვაში ამოჭრილი საწნახლები.
ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდ. მტკვრის მარჯვნივ, XIX საუკუნეში ჯერ კიდევ იდგა ნაციხარი — ვერანყალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მარსაგიშვილი, „წუნდის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 474-480
- ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
- ბერძენიშვილი დ., გაბაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 351.