წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ყოფილი საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი.

წუნდის ეკლესია. დასავლეთ ფასადი

ეკლესია ტერასებით გარშემორტყმულ ადგილზე კლდეზეა ამოზიდული, რომელიც ქვის წყობითაა ამაღლებული. წყობის ქვედა ნაწილი უხეშად ნათალი ქვისაა. საგანგებოდ მოწყობილი ტერასის ჩრდილოეთის ნაწილი მთლიანად ეკლესიას უკავია, ტერასის სამხრეთი ნაწილი გალავანშემორტყმული ღია ბაქანია. მოგვიანებით ტაძარზე ამ მხრიდან კარიბჭე მიაშენეს, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მცირე სათავსოები დაამატეს. ეკლესია, კარიბჭე და სხვა მცირე სათავსოები ერთდროულად ნაგები არაა.

დარბაზული ეკლესია კარგად დამუშავებული ქვიშაქვითაა ამოყვანილი (გარე ზომებია: 13,6 X 6,8 მ.). მისი გეგმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განიერდება (სამხრეთი ფასადის სიგრძე ძრდილოეთის ფასადზე ორი მეტრით მეტია). ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ხოლო დასავლეთის კარი საგულდაგულოდაა ამოშენებული, საფიქრებელია ეს კარი გალავნის აგების შემდეგ გააუქმეს. სამხრეთიდან თავდაპირველად ერთმანეთის მიყოლებით ორი, დაახლოებით ერთი ზომი კარი იყო გაჭრილი. კარიბჭის მიშენების შემდეგ ერთი კარი გააუქმეს. დარბაზის შიდა კედლები შედარებით უხეშად ნატალი ქვითაა ნაგები, კონსტრუქციული დეტალებისათვის, პილასტრებისათვის და საბჯენი თაღებისათვის გათლილი ქვიშაქვაა გამოყენებული. შემორჩენილია ძველი, დროთა განმავლობაში გაშავებული ნალესობის საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტები. ფერადოვანი ლაქების ან მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა.

დარბაზი კედლის ორსაფეხურიანი სვეტებით და საბჯენი თაღით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა (დასავლეთის მონაკვეთი, რომელსაც დასავლეთის კედლის გამო ტრაპეციული გეგმა აქვს, აჭარბებს აღმოსავლეთის ნაწილს). ტაძრის გრძივი კედლები არაა თანაბარი ზომის. უზუსტობის შესამსუბუქებლად ტაძრის დასავლეთ ნაწილში, ამოქოლილი კარის ასწვრივ კრონშტეინზე გადაყვანილი საბჯენი თაღი ჩნდება. გრძივ კედლებზე აფსიდის მხარეს პილასტრსა და დასავლეთის კედელს შორის კედელი ერთი საფეხურით ღრმავდება, რომელიც ზემოდან თაღით მთავრდება. ნახევარწრიულ, ღრმა საკურთხეველში სარკმლში სარკმლის გვერდებზე სიმეტრიულად განთავსებული ორი საკმაოდ მაღალი ნახევარწრიული გეგმის კონქით გადახურული ნიშია. დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება. საკურთხევლისა და დასავლეთის სარკმლები საკმაოდ მაღალი პროპორციებისაა. დარბაზი ძირითადად აქედან ნათდება, რადგან სამხრეთის ორი სარკმელი წრიულია და საკმაოდ მაღლაა გაჭრილი.

სამხრეთიდან ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს ოთხ სვეტზე აღმართული ღია თაღებიანი კარიბჭე. თაღებს შორის აფრების მეშვეობით გადახურვის წრიული საფუძველია მიღებული, რომელიც სფერული კამარით იყო გადახურული (დღევანდელი გადახურვა გვინა აღდგენილი). კარიბჭე აღმოსავლეთით სწორკუთხა მოცულობითაა გამდიდრებული. გალავნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები ეკლესიის კედლების ხაზს აგრძელებს, სამხრეთის კედლის გეგმა საყრდენი კედლის კუნტურს მიუყვება. კედლის სისქე ერთ მეტრს აჭარბებს.

1942 წელს წუნდა შეისწავლა ვარძიის მუზეუმის თანამშრომელმა თინა ქურუმიძემ. იმ დროს გაიწმინდა და გაიხსნა სათავსო ეკლესიის ქვეშ, რომელსაც ორი შესასვლელი ჰქონდა: გარედან — აღმოსავლეთიდან და ჩასასვლელი თავად ტაძრის საკურთხევლიდან. „... გათხრების შედეგებმა უდავოდ დაამტკიცეს მისი ხნოვანება ეკლესიასთან შედარებით. იყო ეს საძვალე, ეკლესია თუ საერო ნაგებობა, ცალკე შენობა თუ კომპლექსის ნაწილი, სრეულიად გაუგებარია“[1]. გამორიცხული არაა რომ XII საუკუნეში ახალი ტაძარი რომელიმე ძველი ნაგებობის ნაშთებზე აღმართულიყო და მის ქვეშ სიცარიელე კრიპტა-სამარხად გამოეყენებინათ.

ტაძრის ფასადები სუფთად ნათალი ქვითაა ამოყვანილი. ფასადთა მორთვის პრინციპი ჩვეულია XII-XIII საუკუნეთა მიჯნისათვის. დეკორი უმთავრესად კარისა და სარკმლების გარშემოა კენცენტრირებული (სამხრეთის კარი საპირისა და დეკორის გარეშეა, სავარაუდოდ კარიბჭის მიშენებას აქ თავიდანვე ვარაუდობდნენ).

ტაძარს მისასვლელი დასავლეთიდან აქვს და პირველ რიგში დასავლეთის ფასადი ხვდება თვალს. მაღალი, მწყობრი პროპორციების ფასადზე კარი გადახურულია მწვანე ფერის ქვიშაქვის არქიტრავით, რომელმაც ტაძრის სამშენებლო წარწერა შემოგვინახა. კარს და არქიტრავს ინტერვალით შეწყვილებლლილვიანი სადა მოჩარჩოება უვლის, რომელშიც ჯვრებითა და ვარდულებით შემკული კვადრატული კაპიტელებია ჩასმული. არქიტრავის თავზე მცირე ზომის ჯვარია ყურძნის მტევნებით. კარის თავზე სარკმლის საპირე შემოკავებულია ორმაგი წნული ლილვითა და კუთხეებში ჩასმული კვადრატული ფილებით, ორნამენტისათვის ადრე შემკულია ერთმანეთში გადამჯდარი წრეების ჯაჭვის და რომბების დეკორით. ფასადზე ცარიელი სიბრტყის შეავსებად კიდეებთან მცირე ზომის თაღიანი დეკორატიული ჯვრებია ამოკვეთილი.

აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიული აქცენტი საკურთხევლის სარკმელია. წყვილი გლუვი ლილვით შემოკავებული საპირის დეკორი შედგენილია კიდეებთან გადაკვანძული რგოლების ერთმანეთში გადამჰდარი ორი უწყვეტი ჯაჭვის ერთობლიობით. ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი ყრუა.

სამხრეთის ფასადი ქვედა ტერასიდან მხოლოდ ძლიერი რაკურსით მოჩანს. თვალში გვხვდება კარიბჭის ფართოდ გახსნილი თაღი, რომელსაც წინა პლანზე ლილვების წყვილით შემოკავებული დეკორატიული საპირე უვლის. მიუხედავად ოსტატის დიდი მონდომებისა ქვაზე კვეთა, ტაძრის დეკორთან შედარებით, სუსტია, საგრძნობია ოსტატის დაცემის ტენდენცია. აქ ორნამენტის ერთი სახეა გამოყენებული — ორთაღიანი კალთისებური წნული.

ტაძრის ფასადებს ლილვითა და ზემოდან ქვემოთ დაქანებული სიბრტყით შედგენილი კარნიზი ასრულებს, რომელიც შემკულია მცენარეული ორნამენტით. მოყვითალო ფერის ქვაზე კვეთა შესრულებულია მაღალი ოსტატობით. გამოყენებულია მცენარეული ორნამენტი, რომელიც გეომეტრიულ ნახატითაა გაერთიანებული. სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე ხერხისმაგვარი დიაგონალური ხაზია, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე წრიულ ორნამენტის უწყვეტი ჯაჭვია. სახურავი შემოსილია ლორფინით.

დასავლეთსი კარის არქიტრავზე განთავსბულ სამშენებლო წარწერას არაერთმა მეცნიერმა მიაქცია ყურადღება: მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ივ. როსტომაშვილი, გ. ბოჭორიძე, კ. მელითაური, ვ. ცისკარიშვილი. მკაფიო სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა კარგადაა შენახული. მის წაკითხვას ართულებს ზედმეტი დაქარაგმებები, აქ თითქმის ყველა სიტყვა დაქარაგმებულია. ტექსტი კოტე მელითაურმა ძველ გამოცემებს შეადარა და ადგილზე ჩასწორების შედეგად შემდეგნაირად წაიკითხა: „ქ. სახელი ღმრთისაითა მე იჩქითმან გურგენის ძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მამული ჩუენი სახელსა ზედა წმიდისა ნათლისმცემლისასა სალოცველად ჩემთვის და მშობელთა ჩემთათვის“.

იჩქით გურგენისძე ისტორიულ წყაროებში რამდენიმეჯერ გვხვდება. ნახსენებია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის 76-ე აღაპში, ვანის ქვაბების კლდეში გამოკვეთილი გუმბათიანი ეკლესიის ორ წარწერაში. ეს წარწერები აღმოაჩინა და პირველად გამოაქვეყნა გ. გაფრინდაშვილმა. მისი კვლევით იჩქით გურგენის ძე თამარის დროის ძლიერი ფეოდალია. წარწერის პალეოგრაფიაც თამარის ეპოქაზე მიგვანიშნებს.

ტაძრის ხუროთმოძღვრება, დეკორატიული გაფორმება, ორნამენტაციის რეპერტუარი, ქვაზე კვეთის ოსტატობა და წარწერის პალეოგრაფია XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზეა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ წუნდის ტაძარი თამარის ეპოქის ნაგებობაა. კარიბჭე მიშენებულია გვიან. დეკორის ხასიატი და შესრულება XIV საუკუნის ორნამენტაციასთან პარალელს პოულობს.

წუნდის რესტავრაცის 1938 წელს სიძველეთა დაცვის კომიტეტმა ჩაატარა (ამ დროს გაიწმინდა და ნაწილობრივ გამაგრდა ეკლესია). სრული რესტავრაცია ტაძარს 1982 წელს ჩაუტარდა (არქიტექტორ-რესტავრატორი ტ. მჭედლიშვილი).

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მარსაგიშვილი, „წუნდის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ., 2013, გვ. 480-483
  • დ. ბერძენიშვილი, „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“, თბ., 1985
  • გ. გაფრინდაშვილი, „არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძიებანი ვანის ქვაბებში 1967 და 1968 წლებში“, // „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები“, II, 1971
  • „გ. გაფრინდაშვილი, „ვანის ქვაბთა განძი““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 6 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 3-9
  • ლ. ჭილაშვილი, „ქალაქები ფეოდალურ საქართველოში“, ტ. I, თბ., 1968
  • ვ. ცისკარიშვილი, „ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტროიო წყარო“, თბ., 1959
  1. თ. ქურუმიძე, წუნდის ეკლესია, ნარკვევები, ტ. VI, თბ., 2000