სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოლა (მრავალმნიშვნელოვანი).

კოლა — ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა.

კოლა, ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე
თანამედროვე ქალაქი გოლე (კოლა)

გეოგრაფია

რედაქტირება

კოლა ანუ კოლას ხევი არის მდინარე მტკვარის სათავე. თურქები მას უწოდებენ „გელ“-ს რაც ტბას ნიშნავს. ტერიტორია მოიცავს 1.696 კმ². ესაა უზარმაზარი ჩაღრმავება ანუ ქვაბული, რომელსაც ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა აქვს. მისი განიერი ფუძე ჩრდილოეთისაკენ მდებარეობს, ხოლო მწვერვალი სამხრეთისაკენ. ზედაპირი მისი წარმოადგენს ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. შუაში პატარა მაღლობი ახლავს, რომელზედაც გაშენებულია სოფელი ოკამი, მეფის რუსეთის დროს ის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს ის ადგილი უნდა იყოს. რომლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი სწერს. „ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკვრის კიდის დასავლით არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლის, და უწოდებენ კოლის ფაშას“. მთებიდან, რომლებითაც შემოზღუდულია კოლას ქვაბური, მრავალი წყარო გამოდის. რომლებიც სხვა და სხვა ადგილას ერთდებიან და ბოლოს შეადგენენ მდინარე მტკვარს. გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს, ქვაბული იქცევა უზარმაზარ ჭაობად, რომელიც ტბის სახეს იღებს, და ალბათ ამიტომ დაარქვეს თურქებმა გელ, რაც ნიშნაეს ტბას. მართლაც, გადმოცემით და გეოლოგიურადაც, ეს ქვაბური ერთხელ უნდა ყოფილიყო ტბა, რომლის ჩრდილოეთის ნაპირები გაირღვა და გაიკაფა გზა არტაანის ველზე მტკვრის საშუალებით. მაისის შუა რიცხვებში უმეტესი ნაწილი კოლასი შრება და ივლისში იმოსება მშვენიერი ბალახით, მაგრამ ზოგ ადგილას რჩება ჭაობები, რომელნიც სასტიკ სიცხიან ზაფხულშიც არ შრება. მომაღლო ადგილებზე და მთის კალთებზე არის სახნავი მიწები, მაგრამ პური და ქერი ყოველთვის არ მწიფდება. მთელი დანარჩენი ნაწილი ვაკესი წარმოადგენს მორწყულ მინდვრებს, ამიტომ აქ საუკეთესო საძოვრები და სათიბებია და მცხოვრებნი უმეტეს შემთხვევაში მისდევენ მესაქონლეობას, თუმცა ხვნა-თესვასაც არ აკლებენ ხელს.

ამ რიგად, კოლას რაიონი, როგორც მოვიხსენიეთ, არის მტკვრის დასაწყისი, მაგრამ ვინაიდან ამ დასაწყისს შეადგენს უამრავი წყაროები, ძნელია გადაჭრით თქმა, რომელია მათში სათავე მტკვრისა, მაგრამ სათავედ მიჩნეულია საზოგადოთ, ერთი დიდი წყარო, რომელიც ნაკადულად გამოჰქუხს მთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში ქვაბურისა და რომელსაც ახლა მაჰმადიანები ეძახიან კურიუხ-ბაჩაი, ხოლო ქრისტიანები აიაზმას უწოდებენ, ესე იგი ნაკურთხ ანუ წმიდა წყალს. ეს სახელი ძველთაგან უნდა მომდინარეობდეს. ამ წყაროზე აშენებული ყოფილა ძველი ქვის ეკლესია. რომლის ნანგრევები დღესაც ჩანს; ალბათ ეს ის ადგილია, სადაც ჯერ მოინათლენ წყალში ღამე, ფარულად თავიანთ წარმართ მშობლებისაგან და შემდეგ ამისათვის ეწამენ მათგან ამავე ადგილას „ცხრა ყრმა, სულიერი ძმანი, კოლაელნი“. შეუძლებელია ეს ადგილი არ აღენიშნათ ეკლესიის აშენებით. ეს წყარო, მტკვრის სათავედ მიჩნეული. ერთის კილომეტრის დინების შემდეგ, თანდათან იკარგება მიწაში და მისი დენა აღნიშნულია მხოლოდ ჭაობებით. რომელნიც მცხინვარე ზაფხულშიაც არ შრება, და ბოლოს გამოდის მდინარედ სოფელ არპაშენთან და შემდეგ დის სოფელ ვარგინისამდის, სადაც მას ერთვის კიურდკეი-სუ, ანუ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი უწოდებენ, პასარდჟიკ-ჩაი. აქედან უკვე მტკვარი თვალსაჩინო მდინარეა და მისი სიგრძე კასპიის ზღვაში შერთვამდის უდრის 1100 კილომეტრს.

მართალია კოლას ოლთისის აუზიდან მაღალი წყალთგამყოფი ქედი ჰყოფს, მაგრამ გადასასვლები კარგია; მათ შორის საუკეთესოდ ითვლება ორი ზეკარი, პანჯურეთისა და აგუნდირისა. აგუნდირი უკანასკნელი სოფელია კოლასი, სადაც თავდება ახალქალაქ-არტაან-კოლას გზატკეცილი და აქედან ეშვება ქალაქ ოლთისში.

ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფიის აღწერის“ მიხედვით, კოლა, რომელიც მდებარეობდა მდინარე მტკვრის სათავეში ერთის მხრივ საზღვრავდა არსიანის ქედის ნაწილი ცნობილი ყალნუს მთის სახელით, მეორე მხრივ ყარსის ქედი, ხოლო ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე არტაანი. ვახუშტის რუკაზე ამ უკანასკნელთან საზღვარი იწყება ყალნუს ქედის იმ მონაკვეთზე რომელსაც ებჯინება ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე არტანუჯი. ასევე ვახუშტი დასძენს რომ საზღვარი არტაანსა და ოლას შორის მათ შორის არსებულ მთებზე გადის, რომელიც ჯინჭრობის ზემოთ მდებარეობდა.

 
„ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკურის კიდის დასავლეთით, არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლას, და უწოდებენ კოლის ფაშას. ამ კოლას ზეით, მტკურის კიდეზედ, დადეშს, არს ეკლესიადიდ-შუენიერ გუმბათიან-შენი, და აწ უჴმობენ დორთქილისიას. იჯდა ეპისკოპოზი სრულიად კოლისა, და აწ უქმი არს. ხოლო მტკურის სათავეს ზეით, ყალნუს მთის ძირზე, არს ციხე შენი ქუმურლუსი, მაგარი და შეუალი (ვგონებ ბეჭის ციხედ). აწ ცალიერ არს. ამას ზედა გარდავალს გზა ბანას და ფანასკერტს. არამედ კოლის ადგილებთა შინა მოერთვიან მტკუარს მდინარენი ყარსისა და ყალნუს მთიდამ, და მათ ზედა შენ არიან დაბნები. და მზღვრის კოლას: აღმოსავლით მთა ყარსისა, რომელი მდებარეობს ყალნუს მთიდამ ნიალის ყურის მთამდე, დასავლეთს-სამჴრეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის. და არს მთა ესე მცირეტყიანი, და არს ბალახ-შამბ-ყუავილოვანი, წყაროიანნადირიანი, გარდავლენან მას ზედა გზანი ყარსის ადგილებთა შინა; დასავლით მზღვრის კოლას არსიანის მთა, და აწ ყალნუდ წოდებული, რომელსა ზედა გარდავლენან გზანი ბანას, არტანუჯსა შინა; და არს მთა ესე მაღალი და მცირეტყიანი, წყაროიან-ბალახ-შამბშროშნიანი და ზაფხულის ფრიად შუენიერი; ჩდილოთ მზღვრის კოლას არტან-კოლას შორისი მცირე მთა.
და არს ადგილნი კოლისანი მოსავლით, პირუტყჳთ და ჰავით, ვ{ითარც}ა ჯავახეთი, და კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე, არამედ აწ უმეტესნი მოჰმადიანნი. ხოლო იყო პირველ ჯავახეთი, არტანი და კოლა ერთი საერისთო და შემდგომად იქმნა ორ საერისთოდ ბაგრატიონობასა შინა - წუნისად და არტანისად. და აწ ზის ჯავახეთს ნიჯგორს მჯდომი ფაშა და კოლას ფაშავე, გარნა მორჩილებასა შინა ახალციხის ფაშისასა, და ესენი არიან აღწერანი მტკურის შემდინარის მდინარეთა და ქუეყანათა, რომელთაცა ძუელად ეწოდებოდა ზემო ქართლად, ამისთჳს მტკუარი ვინაჲთგან ქართლს მიმდინარე არს, შესავალ-გამოსავალი ამ ორთა ქუეყანათა დაუბრკოლებელი აქუსთ.“

არტაანის აღწერისას ვახუშტი კოლასა და არტაანს შორის საზღვარზე დამატებით საუბრობს და დასძენს რომ არტაანის მხარეში მდებარეობს არსიანის ქედზე არტანუჯში გადამავალი გზაო. ამ გზაზევეა ასევე განთავსებული ქინძოტამალის ციხე.

კოლა ქართლის სამეფოს წარმოქმნისთანავე მასში შედიოდა. ძვ. წ. IV საუკუნეში შედიოდა წუნდის საერისთავოში, ძვ. წ. II-I საუკუნეებში სომხეთის სამეფოს მფლობელობაშია, ახ. წ.-ის I-II საუკუნეებში — იბერიაში. შემდეგ V საუკუნემდე კვლავ სომხეთს ეკუთვნის. კოლაში შეიქმნა ქართული აგიოგრაფიის ძეგლი „კოლაელ ყრმათა წამება“, რომელშიც ქართლში ქრისტიანობის გავრცელების გარიჟრაჟზე ქრისტიანობასა და წარმართობას შორის ბრძოლაა აღწერილი. IX-XI საუკუნეებში ქართველთა სამეფოშია, XVI საუკუნიდან ოსმალეთის მიერაა მიტაცებული. XIX საუკუნეში კოლას მოსახლეობა გამაჰმადიანებული იყო, დავიწყებული ჰქონდათ ქართული ენა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან ყარსის ხელშეკრულებით ისევ თურქეთის საზღვრებშია.

მოსახლეობა

რედაქტირება

1900 წელს კოლას მოსახლეობა აჭრელებული იყო; ნაწილს შეადგენდენ გამაჰმადიანებული ქართველები, მესხები, ნაწილს ქურთები, ბერძნები და სომხები. ბერძნები და სომხები გადმოსახლებულნი იყვნენ აქ რუს-ოსმალთა 1877-1878 წლების ომის შემდეგ ოსმალეთიდან და დასახლებულნი იმ ადგილებში, რომელნიც დასტოვა გამაჰმადიანებულმა ქართველობამ და ირჩია ოსმალეთში გადასახლება. ოფიციალური ცნობებით, არტაანის ოკრუგიდან სულ გადასახლდა ოსმალეთში 1407 კომლი ანუ 22.843 სული.

დღეს კოლა ძირითადად ეთნიკურად ქურთების მიერაა დასახლებული.

მატერიალურ-კულტურული ძეგლები

რედაქტირება

სიძველეთა ძეგლები ეტყობა კოლაში ბევრი ყოფილა. არ არის სოფელი ამ ნასოფლარი. სადაც არ იყოს ნანგრევები ან ნაშთები ეკლესიებისა, კოშკებისა თუ ციხეებისა, მაგრამ ახლა ყველა ეს უმეტეს შემთხვევაში განადგურებულია. ჩვენამდე მოღწეული ძეგლები სხვა სამუსულმანო საქართველოს რაიონებთან შედარებით, ცოტაა. ეკლესიები უმეტეს შემთხვევაში ერთნავიანი ბაზილიკებია, ნაშენი გათლილის პატარა ოთხკუთხედი ქვებით. გუმბათიანი ეკლესიები ბევრი არ ყოფილა. ბერძნებს და სომხებს ძველი ქართული ეკლესიები ზოგი გადაუკეთებიათ, ზოგი დაუშლიათ და მათ ადგილას იმავე ქვებით ახალი აუშენებიათ. მაჰმადიანებს კიდევ თავის მხრით დაუშლიათ ეკლესიები და მათი ქვები გამოუყენებიათ თავიანთ სახლების და ჯამეების ასაშენებლად.

კოლას ძეგლების არასრული ჩამონათვალი:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 576.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 149 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  • ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“, პარიზი, 1938
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კოლა&oldid=4497221“-დან