დუხობორები (რუს. духоборы — „სულისათვის მებრძოლნი“) — პროტესტანტული მიმდინარეობა რუსეთში, რომელიც 1750 წელს გამოეყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩამოყალიბდა როგორც არამხოლოდ რელიგიური მიმდინარეობა, არამედ რუსი ხალხის ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი.

დუხობორების სამლოცველო სოფელ გორელოვკაში

დუხობორები უარს ამბობდენ საღვთო წერილსა და საღვთისმსახურო წიგნებზე, მოძღვრებას და წესებს გადასცემდნენ ზეპირად, სწამთ რეინკარნაციის, არ აღიარებენ პირველი ცოდვის მემკვიდრეობით გადაცემას და მათ თეოლოგიურ სისტემაში ჭარბობს სიმობობლები. დუხობორების რაოდენობა დაახლოებით 40-45 ათასია. ისინი ცხოვრობენ რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, საქართველოში და კანადაში.

დუხობორების მოძრაობა დაიწყო 1666 წლის საეკლესიო სქიზმით. ამ დროს რუსეთში გაჩაღებული იყო დავა, თუ ბიბლიის რომელი რედაქცია უნდა დასტამბულიყო, ძველი თუ პატრიარქ ნიკონის რედაქტირებული? მორწმუნეთა ნაწილმაუარი თქვა ბიბლიის ტექსტზე და ეს თავისი რწმენის ქვაკუთხედად აქცია. მოძრაობის მიზეზად მეცნიერთა ნაწილი XVII-XVIII საუკუნეებში რუსეთშ არსებულ კლასობრივ ჩაგვრას მიიჩნევს, ნაწილი კი დასავლეთიდან პროტესტანტიზმის იდეების გავრცელებას.

უძველესი დოკუმენტი, რომელიც „სულიერ ქრისტიანს“ იხსენიებს 1750 წლით თაიღდება. დუხობორთა პირველი თემი შექმნეს გლეხმა სილუან კოლესნკოვმა და ვაჭარმა ილარიონ პობიროხინმა, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ხარკოვის გუბერნიაში მცხოვრებ კვაკერთან. მოძღვრება გავრცელდა ხარკოვის ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დუხობორებმა კავშირი გაწყვიტეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. პობიროხინმა თავი მესიად გამოაცხადა, შეკრიბა 12 მოციქული და 1775 წელს საზეიმო მარშით შევიდა ტამბოვში, სადაც ის დაიჭირეს და გააციმბირეს. 1775 წელს ეკატერინოსლავის ეპიკოპოსმა ამბროსიმ მათ ნეგატიურ კონტექსტში უწოდა სიტყვა „დუხობორები“ სულის წინააღმდეგ მებრძოლის აზრით, თუმცა სამხრეთ რუსეთის გლხობასა და დონის კაზაკებში ამ ტერმინმა თავი დაიმკვიდრა „სულით მებრძოლის“ აზრით.

1804 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა 3985 სული დუხობორი ტავრიის გუბერნიის მელიტოპოლის მაზრაში, მდინარე მოლოჩნიე ვოდის აუთვისებელ სანაპირო ზოლში გადაასახლა. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, როსტოვის მხარეში რამდენიმე ათასი დუხობორი დარჩა. მოლოჩნაია ვოდას კოლონიას სათავეში ჩაუდგა საველი კაპუსტინი, რომელმაც დიდი რეფორმატურული სამუშაო ჩაატარა, შეიმუშავა წესდება, უარყო ბიბლიის კითხვის ტრადიცია და ღვთისმსახურების დროს ტექსტის გამოყენება, დამკვიდრდა კაპუსტინების გვარის მემკვიდრეობითი უფლებები დუხობორების მმართველობაში, რაც თითქმის საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა.

1826 წლის მონაცემებით რუსეთის იმპერიაში 27000 დუხობორი ცხოვრობდა. დუხობორებს ერთობლივად სდევნიდა სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია. 1835-1839 წლებში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დუხობორების საქმიანობა და მათ მიერ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა საშიშ მოვლენად მიიჩნია. დუხობორებს მოსთხოვეს რწმენის შეცვლა, ხოლო ვინც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა 1841 წელს ისინი ამიერკავკასიაში გადაასახლეს. დიდი ნაწილი დასახლდა ახალქალაქის მაზრაში, მცირე ნაწილი დმანისში, ქედაბეკში და ყარსში. დუხობორებს აკლიმატიზაცია გაუჭირდათ, შიმშილის, ეპიდემიების და ყაჩაღობის გამო ათასობით მათგანი დაიღუპა.

დუხობორების დასაცავად გამოდიოდა ლევ ტოლსტოი, რომელმაც 1899 წელს „აღდგომის“ ჰონორარი დუხობორების დასახმარებლად გადარიცხა. 1898-1900 წლებში დუხობორების ნაწილი გაასახლეს კანადაში, სადაც დღემდე არსებობს მათი თემები. 1910-იან წლებში რუსეთის იმპერიაში დუხობორების რაოდენობა 20000 იყო.

1966 წელს დუხობორებმა აღნიშნეს მათი მოძღვრების 300 წლის იუბილე.

მოძღვრება

რედაქტირება

დუხობორები უარყოფენ სეკლესიო საიდუმლოებებს, გარდა ქორწინებისა, მარხვას, რიტუალებს, სამღვდელო იერარქიას, ჯვარს და რელიგიის გარეგან ატრიბუტებს. მათი მოძღვრება დაფუძნებულია ზეპირ გადმოცემაზე. XX საუკუნის დასაწყისში ვ. ბონჩბრუევიჩმა გამოსცა დუხობორების მოძღვრება წიგნად და მას უწოდა „ცხოვრების წიგნი“. მასში შესულია ფსალმუნები და კითხვა-პასუხი დუხობორების სარწმუნოების შესახებ, ასევე გრიგორი სკოვოროდას მიერ შედგენილი კატეხიზმო.

დუხობორებს სწამთ, რომ ეკლესია გაყოფილია აბელის და კაენის შთამომავლებად. დუხობორების აზრით, ისინი არიან აბელის შთამომავლები, ხოლო კაენის შთამომავლები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, უსამართლო მსაჯულები, მდიდრები, რომლებიც ჩაგრავენ დუხობორებს. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას.

დუხობორების რწმენით ადამიანში ღვთის სულია დავანებული, ამიტომ მათ არ სჭირდებათ შუამავალი მღვდლის სახით. თავდაპირველად დუხობორებს სწამდათ, რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ ახალ სხეულში გადადიოდა, ახლა სწამთ, რომ ადამიანის სული შეერწყმის კოსმოსს. მიცვალებულს ასაფალვებენ გარდაცცვალებიდან მეორე დღეს. ისინი პირველ ცოდვას არ მიიჩნევენ მემკვიდრეობითად.

დუხობორებს აქვთ სპეციალური ფსალმუნები. რელიგიური თემის ბირთვია საწესო სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფი. ისნი ყოველ კვირას და დღესასწაულზე იკრიბებნიან და ასრულებენ ფსალმუნებს და საკრალურ სიმღერებს. დუხობორები ასრულებენ არა დავითის ფალმუნებს, არამედ საკუთარს. დუხობორების რელიგიური თემი ამავდროულად სამეურნეო მიწისმფლობელი თემია. მიღებული ახალი წევრი ხდება თემის საკუთებაში არსებული მიწის თანამფლობელი. ეკონომიკური საფუძვლის გამო დუხობორები არ არიან დაინტერესებული მათი თემის წევრების რაოდენობა გაიზარდოს, ამიტომ დუხობორად ითვლება მხოლოდ დაბადებით დუხობორი. დუხობორთა თემში ყველა თანასწორუფლებიანია. დუხობორებში ქალი პატივისცემით სარგებლობს და ოჯახისა და თემში მამაკაცთან თანასწორუფლებიანია. ქალს აქვს სრული თავისუფლება ქორწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.

დუხობორები საქართველოში

რედაქტირება

დუხობორები საქართველოში 1840-იან წლებში დასახლდნენ. მათ ჯავახეთში გააშენეს რვა სოფელი, რომლებსაც სამშობლოდან წამოღებული სახელები დაარქვეს: ტამბოვკა, ბოგდანოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცოვკა, როდიონოვკა. ჯავახეთში მათ დასახლებას ჰქონდა მკაფიო საზღვრები, ამ ტერიტორიას თავად და მათი მეზობელი სოფლებიც დუხობორიას უწოდებდნენ. დუხობორებმა თავიანთ სოფლებში ჩამოაყალიბეს კომუნური სათემო მეურნეობა, შექმნეს სახელოსნო და მიწის დამუშავების არტელები, გაანადგურეს ყოველგვარი სამხედრო იარაღი, არ იხდიდნენ სამხედრო ბეგარას, დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. დუხობორების ხელმძღვანელი იყო ილარიონ კალმიკოვი, შემდეგ კი მისი რძალი ლუკერია კალმიკოვა. მათი რეზიდენცია იყო გორელოვკაში, ობოლთა სახლში.

1895 წელს დუხობორთა ერთ-ერთა ჯგუფმა, მემარხულეებმა, უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე, გადაყარა რუსეთის იმპერატორის სურათები და პროტესტის ნიშნად დაწვა იარაღი. ამას მოჰყვა ხელისუფლების რეპრესიები, მეამბოხე სოფლების დარბევა და ათასამდე დუხობორის სიკვდილი. 1899 წელს 7400 დუხობორი ინგლისელი და ამერიკელი კვაკერების დახმარებით კანადაში გადასახლდა. 1989 წელს საქართველოში მცხოვრებმა დუხობორებმა დაიწყეს რუსეთში ემიგრაცია. 2008 წლის მონაცემებით საქართველოში 500-მდე დუხობორი ცხოვრობდა, ძირითადად გორელოვკაში, ხოლო 50-მდე დუხობორი დმანისში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება