დმანისი

ქალაქი საქართველოში
ტერმინს „დმანისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დმანისი (მრავალმნიშვნელოვანი).

დმანისი[4][5] (1947 წლის 18 მარტამდე„ბაშკიჩეთი“[6]) — ქალაქი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დმანისში არის დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. მოსახლეობა 2661 ადამიანი (2014). დმანისი იყო შუა საუკუნეების საქართველოს მსხვილი სტრატეგიული და ეკონომიკური ცენტრი.

ქალაქი
დმანისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისი
კოორდინატები 41°19′56″ ჩ. გ. 44°12′16″ ა. გ. / 41.33222° ჩ. გ. 44.20444° ა. გ. / 41.33222; 44.20444
პირველი ხსენება IX საუკუნე
ადრეული სახელები ბაშკიჩეთი (1898-1947)
ამჟამინდელი სტატუსი 1981
ცენტრის სიმაღლე 1171 მეტრი
მოსახლეობა 3 012 (2023)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 81 %
აზერბაიჯანელები 14,5 %
სომხები 2 %
რუსები 1,5 %
ბერძნები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 360[2]
საფოსტო ინდექსი 1700[3]
ოფიციალური საიტი https://dmanisi.gov.ge/
დმანისი — საქართველო
დმანისი
დმანისი — ქვემო ქართლი
დმანისი
დმანისი — დმანისის მუნიციპალიტეტი
დმანისი
Map
დმანისი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1250 მ. სიმაღლეზე, თბილისიდან 102 კმ., კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა არის 7,8 °C, იანვრისა -2,7 °C, ივლისის 18,2 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 800 მმ.

დმანისის ტერიტორია დასახლებული იყო ადრე ბრინჯაოს ხანიდან. VI-VIII საუკუნეებში დმანისი მცირე დასახლება იყო, სადაც დმანისის საეპისკოპოსოს კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა, შემდგომ მცირე ხნით კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დმანისი აიღო დემეტრე I-მა, რის შემდეგაც უშუალოდ მეფის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში, გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა, ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა. XIV საუკუნის ბოლოს დმანისი დაარბიეს თემურ-ლენგის, ხოლო 1486 წელს იაკუბ-ყაენის ჯარებმა. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზე იყო, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება. XVI საუკუნის ბოლოს დმანისი მცირე ხნით დაიკავა ოსმალეთის იმპერიამ, ხოლო XVII საუკუნის დასაწყისში სპარსეთმა. XVIII საუკუნეში საბოლოოდ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გაჩნდა სოფლის დასახელება ბაშკიჩეთი (Башкичетъ), რომელიც დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის იმპერიის ერთვერსიან რუკაზე. 1933 წლიდან გახდა რაიონული ცენტრი. 1947 წელს კვლავ ეწოდა დმანისი. დმანისის სადაბო საბჭოში შედიოდა სოფლები დალარი, იაყუბლო, კამარლო, ქარიანი, შახმარლო. მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, ყველ-კარაქის ქარხანა, სამკერვალო ფაბრიკა, სხვადასხვა წვრილი საწარმოები. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 3427
2014   2661

არქეოლოგიური გათხრები

რედაქტირება

გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს (ხელმძღვანელები ლ. მუსხელიშვილი, ვ. ჯაფარიძე). გათხრების შედეგად გამოვლინდა ქალაქის ჭიშკარი, მოკირწყლული ქუჩები, მდინარეზე გადასასვლელი გვირაბი, ნასახლარები, სამეთუნეო, ზეთსახდელი და სხვა სახელოსნოები, ბეღელი, მარნები, აბანოები, მინარეთიანი მეჩეთისა და მედრესეს ნაშთები. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი IX-XI, განსაკუთრებით კი XI-XIII საუკუნეების ადგილობრივი კერამიკა, XI-XIII საუკუნის მონეტები (უმეტესად ქართული), შრომისა და საბრძოლო იარაღი, XII-XIII საუკუნის ოქროს და ვერცხლის სამკაულის განძი.

შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი „Dicerorhinus etruscus etruscus“ 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო ადრეული პლეისტოცენური ეპოქისთვის. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები „რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან“. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება და რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან დმანისის არქეოლოგიური ძეგლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[7]

ნაქალაქარი

რედაქტირება

ისტორიულ ქალაქს ეჭირა დაახლოებით 13 ჰექტარი ფართობი. აღმოსავლეთით ოდნავ დამუშავებული ბაზალტის ქვით ნაგები და ნახევარწრიული ბურჯებით (კონტრფორსებით) გამაგრებული მაღალი გალავანი ერტყა. ჩრდილოეთიდან დაცული იყო მაშავერის ხეობით, რომლის სირღრმე ამ ადგილას 90 მეტრს აღწევს. ქალაქს ერთადერთი ჭიშკარი სამხრეთ-დასავლეთით ჰქონდა. 2,5 მეტრი სიგანის ქუჩები ქვის დიდი ფილებით იყო მოფენილი. ქალაქში კოშკებიანი გალავნით გამაგრებული შიდა ციხის ქვემოთ დგას სამკლესიანი ბაზილიკა, ე.წ. დმანისის სიონი (VI ს.), რომლისთვისაც XIII საუკუნის I მეოთხედში მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. აქვეა გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია და სამრეკლო. დმანისის ყველა საცხოვრებელი შენობა აგებულია ცუდად დამუშავებული ბაზალტის ქვით. შენობები შიგნით შელესილი იყო. შეძლებულთა სახლებში კედლები მწვანე ფერის შორენკეცებით იყო შემოსილი. სამოქალაქო დანიშნულების შენობათაგან აღსანიშნავია შეისრულ ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათით გადახურული ციხის აბანო.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

თბილისში არსებობს დმანისის ქუჩა.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯაფარიძე ვ. ლომთათიძე გ. ჯაოშვილი ვ. ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 593.
  • მუსხელიშვილი ლ. „დმანისი“ — კრებული „შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა“, თბილისი 1938
  • // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 8 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. ჯაფარიძე ვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.geostat.ge/en/modules/categories/41/population
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://georgianpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/zipcodes/&group=3&letter=%E1%83%93
  4. „საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, გვ. 37, თბ. 1987
  5. „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, გვ. 59, თბ. 2009
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  7. http://whc.unesco.org/en/tentativelists/5225/