სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბანო.

აბანო — ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა.

აბანოებში ცხელი წყლის გარდა ზოგჯერ იყენებენ ცხელ ჰაერს (თურქული, ფინური აბანო) ან ორთქლს (რუსული აბანო). ზოგიერთ თანამედროვე აბანოში არის საცურაო აუზი, ფიზიოთერაპიული პროცედურების ოთახი, სადეზინფექციო კამერები. აბანოს ცხელი ტენიანი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა, ტანის დაბანა და დაზელა ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის ფუნქციას.

ძველ ეგვიპტესა და შუამდინარეთში აბანო საცხოვრებლი სახლის შემადგენელი ნაწილი იყო. ძველ რომში ჯერ პრიმიტიული აბანოები ჰქონდათ, შემდეგ თერმები გავრცელდა. საქართველოში აბანო ძველთაგანვე სცოდნიათ, უმთავრესად მცირეაზიულ (მ. შ. ქართული), რომაული და აღმოსავლური (სპარსულ-თურქული) აბანოები. გვიანდელი ანტიკურ ხანის აბანოები აღმოჩენილია არმაზისხევში, ბაგინეთში, ძალისში, ბიჭვინთაში, შუხუთში, გეგუთში, ციხისძირსა და ურბნისში. ფეოდალური ხანის აბანოები ან მათი ნანგრევები შემონახულია დმანისის ციხეში, ქვემო ჭალაში, ახალციხეში, თელავში, გრემში, ალავერდში, სამშვილდეში, ხერთვისში, გორში, თბილისში. სხვადასხვა ტეპერატურის და ქიმიური შემადგენლობის მინერალური წყლის აბანოებს საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. ბუნებრივ ცხელ წყალს აგრილებდნენ, ცივს კი ათბობდნენ სპეციალური დახურულ შენობაში ან გარეთ მოწყობილ ღია აუზებში. სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ იყენებდნენ ე. წ. „აბანო-სასუნებელს“: საგანგებო მილით შეისუნთქავდნენ ცხელი მინერალური წყლის ორთქლს. იმთავითვე ცნობილი ყოფილა ნაქალაქევის, წყალტუბოს, უწერის, ოცხის, ცაიშის, ზეკარის, ნუნისის, ციხისჯვრის, დვალიშვილებისა და სხვა ცხელი, თბილი და ცივი მინერალური წყლის აბანოები. სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა ოცხის აბანო.

ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ოძრხის „სამჴრით არს მთის კალთას წყაროდ გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მგზავსი, რომელსა უწოდებენ ოცხეს. მას ზედა არს შენი აბანო, და ბანაობენ მრავალნი, რამეთუ კურნებს ქარით დახუთვილსა ძლიერსა, მუწუკსა და ბუგრსა, ძნიად სამკურნებელსა მკურნალთაგან“.

მთელს ახლოაღმოსავლეთში განთქმული იყო თბილისის ცხელი მინერალური წყლის აბანოები. ამ წყლის აღმოჩენას ლეგენდა ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს „ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVII საუკუნის რუსი ვაჭარი ვასილი გაგარა. იმავე აბანოებს აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი. XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ე.წ. გრილი, ორბელიანის, ერეკლეს, მეიტარის, ბებუთას, და სხვა აბანოები. აბანოს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო და ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდა, აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს. ამჟამად ძველ სამკურნალო აბანოების ბაზაზე ბალნოლოგიური კურორტებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ციციშვილი ი., რეხვიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 13.