სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი.

დმანისის სიონი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისა, სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით უახლოვდება ბოლნისის სიონსა და ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკას. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშვებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან — სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა — საკურთხეველში შემორჩენილის წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213–1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგის მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავდება სტილითა და მორთულობის ხასიათით. კარიბჭეს სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით; გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღბზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.

დმანისის სიონი

დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული. ჩრდილო-აღმოსავლეთით წმ. მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ წყობაში ჩასმულ მოზრდილ ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად, განახლებულია 1702 წელს ბატონიშვილი მარიამის გამდელის – ისახარის მიერ.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • მუსხელიშვილი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორის და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938