ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი (ასევე მოძველებული — ქაფანაქჩის ეკლესია) — წმინდა გიორგის სახელობის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა და მონასტერი[1]. მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში. მონასტერი ბოლნისის სიონისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.[1]

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი

წმინდა გიორგის ეკლესია 2004 წლის 2 მარტს, აღდგენამდე. ამჟამად ეკლესიის სახურავი აღდგენილია.

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი — საქართველო
ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°24′07″N 44°31′29″E / 41.401956° ჩ. გ. 44.524685° ა. გ. / 41.401956; 44.524685
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ქვემო ბოლნისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამეკლესიანი ბაზილიკა
თარიღდება VI საუკუნე
დეტალები

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ამ ტაძარში ინახებოდა ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.[2]

2019 წლის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3]

ტაძარი არის სამეკლესიანი ბაზილიკა, გეგმაში კვადრატს მიახლოვებული. აგებულია ნათალი სხვადასხვა ფერის ტუფისა და ქვიშაქვით. ტაძარს აღმოსავლეთით ნახევარწრიული განზიდული აფსიდა აქვს. კედლები დასრულებული იყო შეკბილული ლავგარდნით (ფრაგმენტები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში), რომელიც ტაძრის აღდგენისას შეიცვალა მარტივი თაროსებრი კარნიზით. [3]

ტაძარი კრამიტით იყო გადაურული. ეკლესიის ბოლო განახლებისას გადაიხურა თუნუქით. ცენტრალური ტაძარი განათებულია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის ორი ფართო სარკმლით, რომელთა ნახევაწრიული თავსართები განზე განზიდული ჰორიზონტალური მკლავებით სრულდებოდა (ამჟამად მხოლოდ კვალი იკითხება). ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ორია, ორივე არქიტრავული გადახურვით. შუაში მდებარე კარი უფრო ფართოა, ვიდრე დასავლეთისა. ნახევარწრიული აფსიდის კონქი იმპოსტებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზი სადაა და მარტივად გადაწყვეტილი. კედლები არაა დანაწევრებული.[3]

კამარას არ აქვს საბჯენი თაღები. გვერდითა ეკლესიები გაცილებით დაბალია ცენტრალურთან შედარებით. სამხრეთის ნავი სამი თაღით გახსნილი გალერეა იყო, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდებოდა. აფსიდას სარკმელი არ აქვს. თაღები მრგვალ სვეტებს ეყრდნობოდა. ამჟამად ნავიდან მხოლოდ აფსიდა და დასავლეთის კედლის ნაწილია დარჩენილი. ჩრდილოეთის ეკლესიაში გასასვლელი ცენტრალური ეკლესიიდანაა. ის ვიწრო დერეფნისებური ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთით ასევე ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდა აქაც სარკმლის გარეშეა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში, აფსიდის წინ კვადრატული ნიშია. [3]

აფსიდის კონქი აქაც იმპოსტებს ეყრდნობოდა. კამარა კი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შექმნილ თარსებრ შვერილზე იყო გადასული. ტაძრის ფასადები სადაა. დეკორი არსებობს სარკმელთა თავსართებისა და შესასვლელთა არქიტრავზე შესრულებულ რელიეფური ორი კომპოზიციის სახით. მარჯვენა კარის თავზე მოცემული იყო მედალიონში ჩასმული ქრისტე, რომელსაც ორი ანგელოზი აღამაღლებდა. ამჟამად მხოლოდ ანგელოზთა ფრთების ნაწილია შემორჩენილი. მარცხენა კარის თავზე წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლის ამაღლება ასევე ორი ანგელოზის მიერ. [3]

აფსიდის ღერძზე, ქვემოდან მესამე რიგში, ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული ანბანის ასო „რ“. 2012 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად ცენტრალურ ეკლესიას გაუკეთდა აგურის კამარა და სახურავი, ჩაისვა სარკმლები და კარები. აღდგა ტაძრის გარშემო არსებული გვიანი პერიოდის გალავანი. ტაძრისდან ჩრდილო-დასავლეთით 30 მეტრში აშენდა საღვდელმთსახურო დამხმარე ნაგებობა. ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია რელიეფები, რომელთაგან ქრისტეს ამაღლება აღარ იკითხება, ხოლო ღვთისმშობლის ამაღლების რელიეფი ფრაგმენტულია.[3]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ბერძენიშვილი დ., "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. კრ. IV, თბ., 2003
  • ჩუბინაშვილი გ., რამდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან, თბ., 1926
  • აბრამიშვილი გ. ზაქარაია პ., ციციშვილი ი., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974
  • ალადაშვილი ნ., ადრეფეოდალური ხანის ქართული რელიეფების ერთი ჯგუფი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია, 1978, N1, გვ.134-146
  • ზაქარაია პ., ბოლნისები და წუღრუღაშენი, თბ., 1953
  • მუსხელიშვილი ლ., ბოლნისი, ენიმკის მოამბე, 1938, III, გვ.311-376
  • სილაგაძე ნ., სამეკლესიანი ბაზილიკის გვერდით ეკლესიების ფუნქციური დატვირთვის საკითხისათვის, სამეც. შრ. კრ.: ხელოვნებათმცოდნეობა, 2001, N2, გვ.144-153

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება