ძველი გავაზის ეკლესია

ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიდამოებში, ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე, XIX საუკუნის რესტავრაციის გამო ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია[1]. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან ჩასმულ მოწითალო ქვაზე არსებული წარწერის თანახმად, 1852 წელს ძველი ეკლესია შეუკეთებია თავად ივანე ამილახვარს. XX საუკუნის დასაწყისში ძეგლი კვლავ გაურემონტებიათ, სხვადასხვა დროს გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ.

ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია გეგმით ტეტრაკონქია — ცენტრ. კვადრატს ოთხივე მხრიდან ეკვრის ნალისებრი ფორმის აფსიდებით დაბოლოებული კონქები, რომელთა გუმბათქვეშა თაღებიც აგრეთვე ნალისებრი ფორმისაა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან აქვს. რვაკუთხა გუმბათის ყელი, რომელიც უფრო გვიანდელ ხანას მიეკუთვენბა, საგრძნობლად წაგრძელებულია, აქვს სამი სარკმელი (აღმ., სამხრ. და დას.). კონსტრუქციულად ცენტრალური კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების მეშვეობით. ეკლესიას მოგვიანებით მიაშენეს გარშემოსასვლელი, რომელიც, როგორც ჩანს, მთელ ტეტრაკონქს ეკვროდა, მაგრამ შემდეგ დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა; ამჟამად იგი ჩრდ. კონქთან წყდება. ეკლესია და გარშემოსასვლელი რიყის ქვითაა აგებული.

1850 წელს, როდესაც ხელმეორედ დაასახლეს მიტოვებული სოფელი ძველი გავაზი და ახალსოფელი უწოდეს, აღადგინეს და საფუძვლიანად შეაკეთეს გავაზის ეკლესიაც. სამხრეთ ფასადზე, გარშემოსასვლელის კარების თავზე, მოთავსებულია წითელი ქვის ფილა წარწერით, რომელშიც ნათქვამია, რომ 1852 წ., თავადმა ივანე ამილახვარმა აღაშენა და დაასახლა ძველადვე განთქმული სოფელი გავაზი და განაახლა ტაძარი.

1985-1987 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ. ეკლესიის კედლებზე მოიხსნა გვიანდელი ნალესობა. თავდაპირველი სახით აღდგა საკურთხევლის და ჩრდილოეთ აფსიდების მოგვიანებით გაფართოებული სარკმლები, მოიხსნა XX საუკუნის დასაწყისში შიგნით აქა-იქ ჩაშენებული კედლები და თუნუქის სახურავი. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.

2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე ჩაატარა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოიხსნა კრამიტის სახურავი და მის ქვეშ არსებული ცემენტის ხსნარის ფენა; სახურავზე დაიგო ღარისებრი კრამიტი. შენობას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესაბამისი აფსიდების ღერძებზეა გაჭრილი და ნალისებრი თაღი ხურავს.

არქიტექტურა

რედაქტირება

საკურთხეველსა და დასავლეთ აფსიდებში კონქის ქუსლები ერთიანი შვერილი ლილვით იყო გამოყოფილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდებში აღმოსავლეთ მხრიდან გაჭრილია თითო კარი. სამხრეთის კარი ამჟამად გადის გარშემოსავლელის აღმოსავლეთ კიდეში მოწყობილ აფსიდიან სადგომში. ჩრდილოეთ აფსიდში მდებარე კარი კი მოგვიანებით ამოუშენებიათ და შიგნიდან ნიშა მოუწყვიათ.

ტაძრის რვაწახნაგა გუმბათის ყელში სამი სარკმელია გაჭრილი: აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. გარშემოსასვლელი შეკეთება-გადაკეთებებით მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. თავდაპირველად იგი გარეთკენ მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღედით იყო გახსნილი. გარშემოსასვლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი მცირე ზომის, აფსიდიანი სათავსია. აღმოსავლეთ სადგომში შესასვლელი ეკლესიის სამხრეთ აფსიდიდანაა. სამხრეთ სადგომში კი - დასავლეთიდან, გარშემოსასვლელიდან. აღმოსავლეთ სადგომს ნალისებრი აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე გაჭრილია მცირე სარკმელი.

გარშემოსასვლელის მხრიდან, სამხრეთ და დასავლეთ აფსიდთა შეერთების ადგილას აღმართულია სვეტი, რომელსაც კედლის მიმდებარე ორი თაღი ემყარება. მათ ზემოთ იწყება გარშემოსასვლელის კამარა, რომელსაც ელიფსური საფუძველი აქვს და გადადის ნახევარწრეში. გარედან კედლები და გუმბათის ყელი დასრულებულია თაროსებრი, ორსაფეხუროვანი ლავგარდნით.

ტაძრის ეზოში 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა 35 სამარხი, სადაც გამოვლინდა X-XVIII საუკუნეების არქეოლოგიური ნივთები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება