ბოჭორმის ციხე
ბოჭორმის ციხე — ციხესიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. სიონის სამხრეთ–აღმოსავლეთით 14 კმ–ში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე.
ბოჭორმის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ბოჭორმის ციხე ვიკისაწყობში |
ისტორია
რედაქტირებაბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში. 914 წელს, არაბების მიერ უჯარმის აღების შემდეგ, ბოჭორმელებმა ციხე უბრძოლველად დატოვეს და იგი დროებით არაბებმა დაიკავეს.
X საუკუნეში აფხაზთა მეფეები ცდილობდნენ კახეთის ხელში ჩაგდებას. კახეთის მთავარს კვირიკე ქორეპისკოპოსს (939–976 წწ.) ძმამ (შტორამ) უღალატა. მისი დახმარებით აფხაზთა მეფემ გიორგიმ ხელთ იგდო უჯარმა და სხვა მნიშვნელოვანი ციხეები. კვირიკე ბედს შეურიგდა და კახეთი გიორგის დაულოცა, მხოლოდ ითხოვა ბოჭორმის ციხე გაზაფხულამდე მისთვის დაეტოვებინათ. ქართლის აზნაურების დახმარებით კვირიკე მალე კვლავ დაეუფლა კახეთს. 1010 წელს, კახეთ–ჰერეთის დაპყრობის შემდეგ, ბაგრატ III–მ (975–1014 წწ.) ბოჭორმის ციხეც აიღო და შიგ გამაგრებული კახეთის მთავარი კვირიკე დაატყვევა. გარკვეული დროის მანძილზე ამ ციხეს, კახეთის სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად, ბაგრატ IV (1027–1072 წწ.) ფლობდა, მაგრამ მალე იძულებული გახდა იგი უჯარმასთან ერთად განძის ამირა ფადლონის საფასურად კახეთ–ჰერეთის მეფე აღსართანისათვის (1058–1084 წწ.) დაეთმო.
XVIII საუკუნეში ერეკლე II–მ ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი აღადგინა და ზარბაზნები ჩააყენა. 1747 წელს ერეკლე II–სა და ტახტის მაძიებელ აბდულ–ბეგს შორის ბრძოლა გამწვავდა. მეფე ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. 1749 წელს მემატიანე პაპუნა ორბელიანი წერს
ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო.
არქიტექტურა
რედაქტირებაბოჭორმის ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ციხის ჩრდილოეთ კუთხეში, თითქმის არასწორ ზედაპირზე, გამოყოფილია შიდა ციხე. იგი შემოსაზღვრული იყო მაღალი გალავნით, რომელშიც რამდენიმე კოშკი იყო ჩართული. ამჟამად გალავნის კედლებიდან მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. შიდა ციხის ფარგლებში მოქცეულია წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, პატარა დარბაზული ეკლესია, ცილინდრული კოშკი და გვიანდელი შუა საუკუნეების (ერეკლე II ეპოქის) რამდენიმე ნაგებობა.
- შიდა ციხის სამხრეთ–დასავლეთის კოშკი გეგმით კვადრატული (8X8 მ) სამსართულიანი შენობაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვების შერეული წყობით. დაზიანებულია. ჩამოშლილია ხის სართულშუა გადახურვა, მონგრეულია III სართულის კედლების დიდი ნაწილი. კოშკის I სართულის შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილშია. II სართულს სამხრეთით ორი ფართო შესასვლელი აქვს. მათ წინ, სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე, დაახლოებით, 1.5–1.8 მ სიგანის ბაქანია, რომელსაც აღმოსავლეთიდან კიბე აქვს. III სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია. დასავლეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში კი II სართულთან დამაკავშირებელი კიბის შესასვლელის წირთხლების ნაწილებია შემორჩენილი.
- შიდა ციხის ჩრდილო–დასავლეთის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (7X6,7 მ), შემორჩენილია მხოლოდ სამი სართულის სიმაღლეზე. კოშკის I სართული ამოვსებულია ნანგრევებით. კოშკის II სართულს ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდან, გალავნის ჩრდილოეთ კედლის საბრძოლო ბილიკიდან აქვს. III სართულის კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილო ნაწილში წრიული გეგმის საპირფარეშო იყო.
- შიდა ციხის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე კუთხეებმომრგვალებული კოშკი (7,3X6,1). იგი ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. I სართულის სამხრეთ კედელში აგურის ნახევარწრიული თაღით გადახურული შესასვლელია. ამჟამად კოშკის II სართულის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია.
- სწორკუთხა კოშკი – „მეფის დარბაზი“, დგას ციხის ყველაზე მაღალ ადგილას, ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში. კოშკი სწორკუთხაა (9,3X4,8 მ), შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კოშკის ერთადერთი შესასვლელი I სართულის სამხრეთ კედელშია.
- სასახლე, დგას შიდა ციხის სამხრეთ კედლის ხაზზე, წმ. გიორგის ეკლესიიდან სამხრეთ–დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზე. იგი გეგმით სწორკუთხაა (23X8 მ) და ნაწილობრივ ფერდობშია შეჭრილი. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ერთი (როგორც ჩანს, ერთადერთი) სართული. იგი შედგება სხვადასხვა ფართობის ორი ოთახახისაგან, რომლებიც ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. მათგან აღმოსავლეთით მდებარე ოთახი ფართობით დასავლეთისას თითქმის ორნახევარჯერ აღემატება. სამხრეთიდან მას ორი ფართო შსასვლელი აქვს.
- ცილინდრული კოშკი, დგას გუმბათოვანი ეკლესიიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით (დაახლოებით 20 მ მანძილზე), პატარა გორაკზე. თარიღდება X საუკუნით. ნაგებია რიყისა და კლდის ნატეხი ქვებით. კოშკი წრიულია (გარე დიამეტრი 8 მ), სამსართულიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.
- საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ. 2008 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2020-01-30.