მატიანე ქართლისა

(გადამისამართდა გვერდიდან მატიანე ქართლისაჲ)

მატიანე ქართლისა — XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რომელშიც გადმოცემულია VIII—XI საუკუნეების საქართველოს ისტორია. შესულია „ქართლის ცხოვრებაში“. „მატიანე ქართლისა“ პირობით უწოდა ივანე ჯავახიშვილმა. თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1072—1073. შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან (საქართველოს ისტორია VIII საუკუნის დასასრულიდან X საუკუნის დასასრულამდე, ბაგრატ III-ის გამეფებამდე, და ერთიანი საქართველოს ისტორია გიორგი II-ის მეფობის პირველი წლების ჩათვლით, 1072 წლამდე). პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე — შედარებით ვრცელია. ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII საუკუნე საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, მის სათავეში იდგა მეფე არჩილი, რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...

ნაწარმოების მთავარი იდეაა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის და გარეშე მტრის წინააღმდეგ. ავტორს გამოუყენებია ქართული და უცხოური წყაროები. იგი კარგად იცნობდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მათ ზრახვებს საქართველოს მიმართ და თანამედროვე მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვითარებას. ნაწარმოები გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, დაწერილია სადა ენით, დახვეწილი სტილით. ცნობები ძირითადად სანდოა. ავტორი ცდილობს ისტორიული მოვლენები მათი მიზეზ-შედეგობრივი თანამიმდევრობით ახსნას. დათარიღება მოცემულია ქართული ქორონიკონით. თხზულება თარგმნილია ძვ. სომხურ ენაზე (XII ს.), ფრანგულად, რუსულად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V — XVIII სს.), თხზულებანი, ტ. 6, თბ., 1977
  • ლორთქიფანიძე მ., ქსე, ტ. 6, გვ. 494, თბ., 1983