სამცხე-საათაბაგო

(გადამისამართდა გვერდიდან მესხეთის სამთავრო)

სამცხე-საათაბაგო — ფეოდალური სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XIV საუკუნის I ნახევრიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე.

სამცხე-საათაბაგო
სამცხის სამთავრო
მესხეთის სამთავრო

1266–1625
მესხეთის (სამცხის) სამთავროს ალამი მესხეთის (სამცხის) სამთავროს გერბი ვახუშტის მიხედვით
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
სამცხე-საათაბაგო XIII საუკუნის II სახევარსა და XIV საუკუნის I მეოთხედში
დედაქალაქი ქარციხე (ახალციხე)
ენები ქართული,
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
მთავრები
 -  1260-1285 სარგის I (პირველი)
 -  1451-1498 ყვარყვარე II
 -  1607-1628 მანუჩარ III (ბოლო)
ისტორია
 -  შეიქმნა 1266
 -  მონღოლეთის იმპერიის ვასალი 1266-1334
 -  საქართველოს სამეფოს ნაწილი 1334-1535
 -  ანექსირება ოსმალეთის მიერ 1555
 -  გაუქმდა 1625
დღეს ამ ტერიტორიაზე თურქეთის დროშა თურქეთი
საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
სამცხე–საათაბაგოს (მწვანედ) რუკა

წარმოიქმნა ადრინდელი სამცხის სამთავროს გაზრდისა და გაფართოების საფუძველზე. (სამცხის გამგებლებს ერისთავობასთან ერთად მინიჭებული ჰქონდათ სპასალარობაც). მონღოლებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ აღნიშნული მხარე ერთ დუმანში მოაქციეს და ჯაყელთა გვარის ძველ ერისთავებს დაუმორჩილეს. 1266 წელს სამცხის სამთავრომ სამეფო კარისაგან შეუვალობა მოიპოვა, იგი ყაენის სახასო მამულად ანუ „ხასინჯუდ“ აღირიცხა — ულუსიანი გახდა. სამცხის სამთავრომ მოახერხა განვითარების მაღალი დონის შენარჩუნება და ტერიტორიის შემდგომი გაზრდაც. მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობა და საზოგადოებრივი ურთიერთობა ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო.

XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის სამთავროს ფარგლებში შედიოდა: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, კარნიფორი, აჭარა, „კარული ქვეყანა“, (ყარსის რეგიონი) და სპერი. სამთავროს საზღვრები ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე ვრცელდებოდა. ძირითადი რეზიდენცია იყო ქ. ახალციხე. „ხასინჯუდ“ ყოფნის დროს სამცხის მთავრები ფორმალურად საქართველოს სამეფოს სამოხელეო ტიტულებსაც ატარებდნენ (მანდატურთუხუცესობა და სხვა). საქართველოდან ფაქტობრივად გათიშული სამთავრო შემოიერთა მეფე გიორგი V-მ, რომელიც სამცხის მთავარ ბექას (1285-1306) შვილიშვილი და მისივე აღზრდილი იყო. გიორგიმ სარგის ბექას ძეს (1306-1334) სპასალარობა დაუბრუნა, ათაბაგობის პატივიც უწყალობა და ამგვარად შემოიმტკიცა. 1334 წელს, სარგისის სიკვდილის შემდეგ, როდესაც სამცხის სამთავროს ტახტზე გიორგი მეფემ ყვარყვარე I დაამტკიცა, ათაბაგობაც მასვე უბოძა. სამცხე-საათაბაგო საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა. ჯავახეთის შემოერთების შემდეგ (XV საუკუნე) იგი მთელი მესხეთის ტერიტორიაზე გაიშალა. თუ ადრე სამცხის ერისთავები თავიანთ უფლებას „სრულიად სამცხე-კლარჯეთზე“ სპასალარობით ახორციელებდნენ, ახლა „ყოველთა მესხთა“ ათაბაგობით ფლობდნენ. ტერმინი „ათაბაგმა“ შინაარსი იცვალა. იგი ამ მხარის თავადი გახდა, სამცხე-საათაბაგო კი — მთელი მესხეთის სინონიმი.

თემურლენგის ურდოებმა ივანე ათაბაგის (1391-1444) დროს სამცხე-საათაბაგო რამდენიმეჯერ აიკლეს. შემდეგ თანდათან ივანემაც გამოამჟღავნა სეპარატული ტენდენციები. თურქების მხრივ საფრთხის მომიზეზებით მესხეთის ლაშქარი არ მიაშველა მეფე ალექსანდრე I-ს, რომელიც 1415 წელს დასავლეთ საქართველოში სალაშქროდ მიდიოდა. ურჩი ათაბაგი მეფემ დაატყვევა, მაგრამ შემდეგ ფიცი დაადებინა და შეიწყალა. სამთავროს გამოყოფისათვის ენერგიულად იბრძოდა ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498). მეფემ 1465 წელს ურჩი ქვეშევრდომის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ სამცხეში გიორგი VIII დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ასევე დამარცხდა 1483 წელს არადეთს ყვარყვარე II-თან ბრძოლაში მეფე კონსტანტინე II. სეპარატისტ ათაბაგთა მიერ წამოწყებული ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. XV საუკუნის დასასრულს სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.

ათაბაგ მზეჭაბუკ ყვარყვარეს ძემ (1500-1515) არ იკმარა პოლიტიკური სეპარატიზმი და ეროვნულ-კულტურულ ერთიანობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მისი წყალობით მესხეთი თანდათან თურქთა ფოროპოსტად იქცა. 1510 წელს სამცხის გზით თურქებმა იმერეთი დალაშქრეს. 1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლუარსაბ I-თან შეთანხმებით ილაშქრა მესხეთში. ქვეყნის ერთიანობის მომხრე ძალების მხარდაჭერით ბაგრატმა ათაბაგი ყვარყვარე III სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხა, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო გააუქმა. სამთავროს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა, ჯავახეთი ლუარსაბ I-ს დაუთმო. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ტახტის ახალგაზრდა პრეტენდენტი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლში გააპარა. ოსმალებმა ისარგებლეს გართულებული მდგომარეობით და საათაბაგოს სამხრეთ პროვინციების დაპყრობას შეუდგნენ. აქეთკენ გამოემართა ირანის შაჰი თამაზიც 1543 წელს. სულთანმა სულეიმანმა სამცხე-საათაბაგოს დასაპყრობად 22 000 მეომარი გაგზავნა. ქართველებმა მტერი ქარაღაქთან დაამარცხეს. 1545 წელს სულთანის დიდმა ლაშქარმა სოფ. სოხოისტთან (ბასიანში) დაამარცხა ქართველთა ჯარი და ქაიხოსრო II (1545-1573) ათაბაგი გახდა. ამის შემდეგ (1547) ქაიხოსრო II-მ ოსმალებს ზურგი შეაქცია. ირანში ჩავიდა და ლუარსაბ I-ის მიერ დაკავებული ჯავახეთის დაბრუნება ითხოვა. ამ საბაბით შაჰმა თამაზმა ჯავახეთში ილაშქრა. ლაშქრობებმა სამცხე-საათაბაგოს დიდი ზიანი მიაყენა (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გაძარცვეს ვარძიის მდიდარი მონასტერი). საპასუხოდ 1549 წელს საათაბაგოში ოსმალი დამპყრობლები შეიჭრნენ, ციხესიმაგრეები აიღეს და ქვეყანა აიკლეს. ათაბაგთა სპარსული ორიენტაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ირანი მაშინ მესხეთის ვასალობას მეხარკეობის საფუძველზე სჯერდებოდა, ოსმალეთი კი საათაბაგოს შეერთებისათვის იბრძოდა.

1555 წელს ამასიის ზავის საფუძველზე ირანმა და ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. მისი დასავლეთი ნაწილი — ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი) ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე-ჯავახეთი, არტაანი (მტკვრის აუზი) — ირანს. ზავის მიუხედავად, ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვას. 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე ომი. საქართველოსკენ დაიძრა ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა. ჩილდირთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ. მალე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ქართლის მეფე სიმონ I. ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს, მერე კი მთელი კავკასიაც დაიმორჩილეს. 1590 წლის ზავით ირანმა ცნო ოსმალთა უფლება ამიერკავკასიაზე. 1595 წელს ოსმალებმა დაპყრობილი მხარე აღწერეს და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი შეადგინეს მიწის მფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეცვალეს. მიწის დროებით მფლობელად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა. სამხედრო ვალდებული კი მუსლიმი უნდა ყოფილიყო. ქართველ ფეოდალს, რომელსაც მიწის შენარჩუნება სურდა, ისლამი უნდა მიეღო. ფეოდალების ნაწილმა ისლამი მიიღო, ნაწილმა კი საათაბაგო დატოვა. გლეხური მოსახლეობის ნაწილი სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ნაწილი კი კათოლიციზმს შეუერთდა.

1609 წელს ქართლის სამეფო შეეცადა სამცხის გათავისუფლებას. ქართლელებმა აიღეს აახალციხე. საპასუხოდ ოსმალეთის იმპერიამ მოაწყო ლაშქრობა ქართლში. ტაშისკარის ბრძოლაში ოსმალები დამარცხდნენ, მაგრამ ახალციხე შეინარჩუნეს. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. სამცხის დაპყრობილ ტერიტორიაზე ახალციხის საფაშო შექმნეს და ის სანჯაყებად დაყვეს. გამაჰმადიანებულ მანუჩარ ქაიხოსროს ძეს ფაშობა მისცეს.

სამცხე-საათაბაგო თავისი ტერიტორიით საქართველოს ერთ მესამედ ნაწილს შეადგენდა. კულტურული თვალსაყრისით მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თემურლენგის შემოსევების შემდეგაც კი კულტურულ-აღმშენებლობითი მუშაობა არ შექყვეტილა. XIII-XIV საუკუნეებში საათაბაგოში შეიქმნა ქართული ფეოდალური სამართლის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლი „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“, რომელიც დაიწყო ბექა მანდატურთუხუცესმა და დაამთავრა მისმა შვილიშვილმა აღბუღამ. ძეგლს შემოკლებით ბექა-აღბუღას სამართალსაც უწოდებენ. მასში აისახა ეპოქისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი მოვლენა. ამ ძეგლს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

საყურადღებო ძეგლია „მესხური დავითნის ქრონიკა“. ისეთ დიდ საკათედრალო მონასტრებში, როგორიც იყო: იშხანი, ბანა, ოპიზა, ტბეთი, საფარა, კუმურდო, წყაროსთავი და სხვა. XVII საუკუნის II ნახევრამდე (ზოგან შემდეგაც) არ შეწყვეტილა ტრადიციული მწიგნობრული საქმიანობა. აქ შეიქმნა მნიშვნელოვანი ძეგლები. საფარის მონასტრის ანსამბლებში აგებული წმ. საბას ეკლესია და სამრეკლო (XIII ს.) აღსანიშნავია სახელგანთქმული ანჩისხატის კარედის მოჭედულობა (XIV ს.). სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე გამოირჩეოდნენ ქალაქები: ახალციხე, ართვინი, ოლთისი (Oltu), ახალქალაქი, არტანუჯი, არდანი, ერეშეთი და სხვა. ესენი იყვნენ ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრები ხელოსანთა სპეციალობის მიხედვით არსებობდა ცალკეული გაერთიანებები, რომელთა სათავეში „უხუცესები“ იდგნენ (კალატოზთუხუცესი, მკერავთუხუცესი და სხვა). ხელოსნური დარგებიდან განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მეთუნეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხმალეობა, ოქრომჭედლობა და სხვა. მესხ ვაჭრებს ურთიერთობა ჰქონდათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთი ბაზრებთან (სტამბოლი, თავრიზი, თეირანი, ინდოეთი, ასტრახანი და სხვა), მსხვილი ვაჭრები ბექას და აღბუღას სამართლის ძალით გათანაბრებული იყვნენ აზნაურებთან.

სამცხე საათაბაგოს მმართველები

რედაქტირება
მმართველობის წლები სახელი
1268-1279 სარგის I
1285-1306 ბექა I
1306-1334 სარგის II
1334-1361 ყვარყვარე I
1372 - 1389 შალვა
1389 - 1395 აღბუღა I
1391-1444 ივანე II
1444-1451 აღბუღა II
1451-1498 ყვარყვარე II
1498-1500 ქაიხოსრო I
1500-1515 მზეჭაბუკი
1515-1518 მანუჩარ I
1518-1535 ყვარყვარე III
1545-1573 ქაიხოსრო II
1573-1581 ყვარყვარე IV
1581-1607 მანუჩარ II
1607-1628 მანუჩარ III
1628 წელს ოსმალეთმა საბოლოოდ შეიერთა სამცხე-საათაბაგო და იმპერიის რიგით საფაშოდ აქცია. 1795 წლამდე მას გამაჰმადიანებული ჯაყელი ფაშები განაგებდნენ.
1628-1635 საფარ ფაშა (ბექა III)
1635-1647 იუსუფ ფაშა I
1647-1659 როსტომ ფაშა
1659-1680 ასლან I ფაშა
1680-1690 იუსუფ ფაშა II
1690-1701 სალიმ ფაშა
1701-1741 ისაყ ფაშა
1741-1747 იუსუფ ფაშა III
1747-1758 აჰმედ ფაშა
1758-1759 და 1761-1767 ჰასან ფაშა
1759-1761 იბრაჰიმ ფაშა
1767-1795 სულეიმან ფაშა
სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია ნაწილობრივ 1828 წელს დაუბრუნდა საქართველოს და შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.3, თბ., 1979; ტ. 4, თბ., 1973
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3-4, თბ., 1966-1967

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Peacock, Andrew. „Between Georgia and the Islamic World: The Atabegs of Samc'xe and the Turks“ (ინგლისური). დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)