სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანუჩარ.

მანუჩარ II ჯაყელი, მუსტაფა-ფაშა (გ. 1614) — სამცხის ათაბაგი 1581-1614 წლებში, ქაიხოსრო II-ის ძე. 1576-1578 ყვარყვარე IV-ის ავადმყოფობის გამო განაგებდა საათაბაგოს საქმეებს. 1578 წლის აგვისტოში ოსმალთა მიერ სპარსელთა დამარცხების (ჩილდირის ველზე) შემდეგ მანუჩარ II ოსმალებს დამორჩილდა. ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ ყვარყვარე და მანუჩარ II სტამბოლში გაგზავნა. აქ მანუჩარ II გაამაჰმადიანეს, მუსტაფა უწოდეს და 1579 ახალშექმნილი ახალციხის (ჩილდირის) საფაშო უბოძეს. მას ქართლის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მანუჩარ II-მ ოსმალთა გეგმები ქართლის მეფეს სიმონ I-ს გაანდო. ოსმალები მუხრანის ველზე დამარცხდნენ. სულთნის ხელისუფლებამ მანუჩარ II-ის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მან თავი დააღწია მტერს და აჯანყება დაიწყო. 1581 მანუჩარ II-მ უარყო მაჰმადიანობა, ცოლად სიმონ I-ის ქალიშვილი ელენე შეირთო და ათაბაგი გახდა (ყვარყვარეს ნაცვლად). ოსმალებმა ჩილდირის ბეგლარბეგად იუსუფ-ფაშა დასვეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ოსმალები კომპრომისზე წავიდნენ — 1583 ბეგლარბეგად მანუჩარ II აღადგინეს. იგი სულთნისაგან ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობის აღდგენას მოითხოვდა. ოსმალებს მესხეთის ინკორპორაცია ჰქონდა გადაწყვეტილი და 1587 წელს მანუჩარ II-ის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნეს. მანუჩარ II ირანის ორიენტაციის გზას დაადგა და თვითონაც ირანში გადავიდა.

მანუჩარ II
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1581
მმართ. დასასრული: 1614
წინამორბედი: ყვარყვარე IV
მემკვიდრე: მანუჩარ III
გარდ. თარიღი: 1614
შვილები: მანუჩარ III
დინასტია: ჯაყელები
მამა: ქაიხოსრო II

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ყვარყვარე IV
სამცხის ათაბაგი
1581 - 1614
შემდეგი:
მანუჩარ III