მონღოლთა იმპერია

(გადამისამართდა გვერდიდან მონღოლეთის იმპერია)

მონღოლთა იმპერია (ძველმონღ. Yeke Mongγol ulus — მონღოლთა უდიდესი სახელმწიფო, მონღ. Их Монгол улс, Монголын эзэнт гүрэн ) – სახელმწიფო, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარში (1206 წელს) შეიქმნა ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დამპყრობლური ომების შედეგად.[1][2][3][4][5][6]

  ოქროს ურდო
  ჩაღატაის სახანო
  ჰულაგუიანები
  იუანის იმპერია

იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო იმპერიის დაშლა, ულუსებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ ჩინგიზიდები. იმპერიის ყველაზე მსხვილი წარმონაქმნები იყვნენ ოქროს ურდო, ჰულაგუიანთა სახელმწიფო, იუანის იმპერია და ჩაღათაის სახანო. ყუბილაიმ (1260-1294 წწ.) 1271 წელს, მთელი ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მიიღო იუანის იმპერატორის ტიტული და დედაქალაქი გადაიტანა ხანბალკში. XIV საუკუნის დასაწყისში ფორმალურად აღდგა იმპერიის ერთიანობა და წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფედერაციას. ამავე საუკუნის დამლევს მონღოლეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალტაის მთებამდე. 1206 წელს მდინარე ონონის სათავესთან ახლოს გაიმართა ყურულთაი, რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო ჩინგიზ-ხანის ტიტული. გამოცხადდა დიდი მონღოლეთის იმპერიის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით, დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკვიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ2 (მსოფლიო მიწის 22%), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.

ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის მუნქეს მმართველობაში (1251-1259 წწ.) მონღოლეთის იმპერია თავის ფარგლებში აერთიანებდა მონღოლეთს, ჩრდილოეთ ჩინეთს, კორეას, ტანგუტის სამეფოს, ცენტრალურ და შუა აზიას, ამიერკავკასიას, ირანს, ავღანეთსა და რუსეთის მიწების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ეს უზარმაზარი იმპერია მოკლებული იყო შინაგან ერთიანობას და წარმოადგენდა სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხების იძულებით გაერთიანებას, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეული დონით დამპყრობლებზე მაღლა იდგა.

მუნქეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო მონღოლეთის იმპერიის დაშლა. პირველად მას ჩამოშორდა ბათო-ყაენისა (მართავდა 1236-1255 წწ.) და ჰულაგუ ყაენის (მართავდა 1256-1265 წწ.) სამფლობელოები. მათ შექმნეს დამოუკიდებელი ოქროს ურდო და ჰულაგუიანთა სახელმწიფო, რომელთაც სათავეში ედგნენ ჩიგიზ-ყაენის შთამომავლები.

მუნქეს მემკვიდრე იყო ყუბილაი (მართავდა 1260-1294 წწ.), რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა იუანი.

1368 წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს.

1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Diamond. Guns, Germs, and Steel. p. 367.
  2. The Mongols and Russia, by George Vernadsky
  3. The Mongol World Empire, 1206–1370, by John Andrew Boyle
  4. The History of China, by David Curtis Wright. p. 84.
  5. The Early Civilization of China, by Yong Yap Cotterell, Arthur Cotterell. p. 223.
  6. Mongols and Mamluks: The Mamluk-Ilkhanid War, 1260–1281 by Reuven Amitai-Preiss