თიანეთი
თიანეთი — დაბა საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, თემის (თიანეთი, თეთრახევა, მამადაანები, საჭურე, ჭურჭელაურები) ცენტრი.
დაბა | |||
---|---|---|---|
თიანეთი | |||
თიანეთის საერთო ხედი | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 42°06′30″ ჩ. გ. 44°57′55″ ა. გ. / 42.10833° ჩ. გ. 44.96528° ა. გ. | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1960 | ||
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 2479[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 348[2] | ||
საფოსტო ინდექსი | 2500[3] | ||
ოფიციალური საიტი | https://tianeti.gov.ge/ | ||
დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მირზა გელოვანის მუზეუმი. თიანეთი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია, რომელსაც აქვს პროფილაქტიკური პულმონოლოგიური პროფილი. თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის — ცხრაკარის სასახლის ნანგრევები.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 75 კილომეტრით.
თიანეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,5 °C, იანვრის 4,7 °C, აგვისტოს 18,5 °C, აბს. მინიმუმი -34 °C, აბს. მაქსიმუმი 36 °C. ნალექები 880 მმ წელიწადში, მაქსიმალური გაზაფხულზე, მინიმალური ზამთარში.
ისტორია
რედაქტირება1874-1930 წლებში იყო თიანეთის მაზრის ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. საბჭოთა პერიოდში თიანეთის სადაბო საბჭოში ასევე შედიოდა სოფლები ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, თეგერაანები, ლელოვანი, ჟებოტა, ჩეკურაანთგორი, ძებნიაურები, ძირხვნიანი. დაბაში მოქმედებდა ყველ-კარაქის, ასფალტის, ლიმონათის, ხე-ტყის ქარხნები, მეცხოველეობის მეურნეობა. თიანეთის დასახლება ძველი დროიდანვე წარმოადგენდა თიანეთის მხარის - „თიანეთის“ ცენტრს, რომელიც მნიშვნელოვან კონტროლს უწევდა ქართლიდან სომხეთ-ალბანეთისკენ და ჩრდილო კავკასიაში მიმავალ გზებს. მოგვიანებით თიანეთის მხარე მეზობელ ერწოს მხარესთან უფრო დიდ ტერიტორიულ ერწო-თიანეთის ერთობას ქმნიდა, რომლის ცენტრი კვლავ თიანეთი იყო. X-XI საუკუნეებში, კახეთის სამთავროს მომძლავრების ჟამს, თიანეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ დროს იგი კახეთის მთავართა (ქორეპირკოპოსთა) მიერ წარმოებული ექსპანსიური პოლიტიკისათვის ძალზე მოსახერხებელი სტრატეგიული პუნქტია, რის გამოც კახეთის სამთავროს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ბოჭორმის შემდეგ დროებით თიანეთი ხდება. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო თიანეთი ხშირად გამხდარა მეფეთა და მთავართა დაპირისპირების მიზეზი. ასე იყო, მაგალითად, ბაგრატ III-ისა და ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, როდესაც ამ უკანასკნელმა აიღო თიანეთი და გადაწვა კახეთის მეფე კვირიკე III-ის (1010-1032 წლები) დიდებული სასახლე - „დარბაზი ბოდოჯისა“, რის შემდეგ კახეთის სამთავროს ცენტრი თიანეთიდან თელავში გადადის. XII-XV საუკუნეებში თიანეთი მთელ ერწო-თიანეთთან ერთად ცენტრალური სამეფო კარის ხელდებულ ტერიტორიად განიხილებოდა. საქართველოს მეფემ, ლაშა გიორგიმ თიანეთი დატოვა თავისი სატრფო სუსნა - გლეხი „დედოფალი“ ველისციხიდან. მასზე ქორწინების უფლება დიდებულებმა მეფეს არ მისცეს. იოანე ბატონიშვილის ცნობით, სუსნას ფშავში სოფელი ჰქონდა ბოძებული და როდესაც იგი გარდაიცვალა (1207 წლის 20 აგვისტო), ლაშა გიორგიმ თიანეთს მიაშურა და „ბრძანა დამარხვა მისი ნოკორნის ეკლესიასა შინა“. თამარის მეფობის დროს თიანეთი სამეფო ხელისუფლების მტკიცე საყრდენია აჯანყებულ ფხოველთა წინააღმდეგ ბრძოლებში. XV-XVI საუკუნიდან, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, თიანეთს, ერწო-თიანეთთან ერთად, კახთა მეფეები კვლავ ისაკუთრებდნენ. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა თიანეთის სამოურავო, რომელიც ჩოლოყაშვილთა რეზიდენცია გახდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში კახეთის სამეფოს სამხრეთ ტერიტორიის დაყოფით, თიანეთი და თიანეთის სამოურავო რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, რომლის განწესებაში ნათქვამია: „თიანელნი, ფშავნი და ხევსურნი, ერწონი, ჟალელნი, ესე რუსთველის დროშის ქვეშ დგებოდნენო“. ასეთ დაქვემდებარებას მეფეები ერწო-თიანეთში საკმაოდ მომძლავრებულ ჩოლოყაშვილთა ინტერესების შესასღუდავადაც იყენებდნენ, რასაც სამეფო კარისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. XVII საუკუნიდან თიანეთში, ისე როგორც მთლიანად ერწო-თიანეთის მხარეში, მკვიდრი მოსახლეობის შეთხელების გამო, იწყება ქართველ მთიელთა მიგრაციის პროცესი. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დროს თიანეთი ლეკ მოთარაშეთა წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. მეფე სწორედ თიანეთში კრებდა ხოლმე კახეთის ჯარს სხვადასხვა მიმართულებით გასალაშქრებლად. XIX საუკუნის დასაწყისში თიანეთი რუსი დამყრობლებისგან ქართველი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. 1806 წელს და განსაკუთრებით 1812 წელს, თიანეთი აჯანყებული კახელების მტკიცე საყრდენი და ნამდვილი სამხედრო ბანაკი იყო. აქ ხდებოდა აჯანყებულთა შეკრება, მომზადება და შემდგომ გარკვეული მიმართულებით გადასროლა. 1874 წლიდან თიანეთი ამავე სახელწოდების მაზრის ადმინისტრაციული ცენტრია. მაზრა იყოფოდა 3 უბნად: თუშეთ-კახეთის, ფშავ-ხევსურეთის და ერწოსი. გაუქმდა 1930 წელს. 1980-იან წლებში თიანეთში იყო რამდენიმე ქარხანა და საწარმოო კომბინატი, 2 საშუალო სკოლა, პროფტექნიკური სასწავლებელი, მუსიკალური და სპორტული სკოლები, 4 ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურული და დასვენების პარკი, საავადმყოფო და სხვა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1978 | 3800 | -- | -- |
1989[4] | 4179 | -- | -- |
2002[4] | 3598 | -- | -- |
2014[1] | 2479 | 1238 | 1241 |
ცხრაკარა
რედაქტირებათიანეთის ჩრდილო-დასავლეთით 1 კილომეტრზე შემორჩენილია XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის — ცხრაკარის სასახლის ნანგრევები. ორსართულიანი სასახლე აშენებული იყო ქვის თხელი ფილების სწორი რიგებით. სათავსოები ერთმანეთს უკავშირდებოდა აგურით ამოყვანილი თაღოვანი გასასვლელებით. ქვედა სართული 4-4,5 მ. სიმაღლისაა, ზედა კი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. შენობას ჰქონდა ღია აივანი, რომელიც ეზოში გადიოდა. შენობა გამორჩეულია ფეოდალური ხანის სხვა ცნობილი საერო თუ სასულიერო დანიშნულების შენობებიდან სათავსოთა რაოდენობითა და ფუნქციონალურ მოთხოვნათა სისრულით. ცხრაკარას ნანგრევები უნდა იყოს ნაშთი კახეთის მეფე კვირიკე III-ის (1010-1032) „დარბაზი ბოდოჯისა“, რომელიც ბაგრატ IV-მ გადაწვა XI საუკუნეში. 1969 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურიმა ექსპედიციამ დაადასტურა, რომ ცხრაკარას სასახლე ერთფენიანი ძეგლია და აღნიშნულმა სასახლემ მცირე ხანს იარსება.
გალერეა
რედაქტირება-
თიანეთის ცენტრალური ქუჩა -
თიანეთის კულტურის ცენტრი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
თიანეთის პოლიციის სადგური -
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია თიანეთის ცენტრში
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ვაჟა-ფშაველას ძეგლი კუჟ-ბაღში
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
სტალინის ძეგლი
ლიტერატურა
რედაქტირება- ზარდალიშვილი გ. საღარაძე შ. ჯორბენაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 678-679.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 363.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2016.