გიორგი IV ლაშა

(გადამისამართდა გვერდიდან ლაშა გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი IV.

გიორგი IV ლაშა (დ. 1192 ― გ. 18 იანვარი, 1223) — საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში. თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.

გიორგი IV ლაშა

ლაშა-გიორგის ფრესკა ბეთანიის მონასტერში
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 იანვარი, 1213
მმართ. დასასრული: 18 იანვარი, 1223
წინამორბედი: თამარ მეფე
მემკვიდრე: რუსუდანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1192
დაბ. ადგილი: ტაბახმელა
გარდ. თარიღი: 18 იანვარი, 1223 (31 წლის ასაკში)
გარდ. ადგილი: ბაგავანი
მეუღლე: ველისციხელი აზნაურის ქალი
შვილები: დავით VIl ულუ
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით სოსლანი
დედა: თამარ მეფე
ხელმოწერა:

1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. მისი საუფლისწულო დომენი ჯავახეთი იყო, რის გამოც იმ პერიოდის მონეტებზე „ჯავახთ უფლადაც“ მოიხსენიებოდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას.

XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.

ქართველები მონღოლების წინააღმდეგ, მინიატურა ჰაიტონ კოიკუსელის ნაშრომიდან. მეფე გიორგი გამოსახულია ლურჯ სამოსში თეთრ ცხენზე და ხელში მათრახი უჭირავს.

პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ. ლაშა თავის მხრივ, ნიშნავს „ქვეყნის მნათობს“) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებად და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით: ,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი“ ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, რომლისგანაც შეეძინა შვილი დავითი. შემდეგ ეს ქალი დააშორეს. გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს.

გარდაცვალება

რედაქტირება

1220 ან 1221 წელს გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.

 
„ქკსა: ჳმბ: დასაბამითგან: ხყკვ: აქა გ~ი ძე თამარისი მ~კდა და დაჲ მისი რუსუდან მეფედ დაჯდა.“
(აფხაზთა ქრონიკა)

ქართლის ცხოვრებით ლაშა-გიორგი მოკვდა 18 იანვარს, ოთხშაბათს, რომელიც უწევს 1223 წელს. „აფხაზთა ქრონიკით“, ქართული „ჳმბ“ (442) წელი დაიწყო 1222 და დასრულდა 1223 წლის 21 მარტს. აღნიშნული ორი წყარო მეტყველებს იმაზე რომ ლაშა-გიორგი გარდაიცვალა 1223 წლის 18 იანვარს, ხოლო ქართული კალენდრით 442 წელს.

ლიტერატურაში

რედაქტირება

გიორგი IV-ს ლაშას ეძღვნება ცნობილი ქართველი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი „ლაშარელა“, აგრეთვე ლაშა ნახსენებია გ.აბაშიძის სხვა ისტორიულ რომანში: „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხანთაძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 20.
  • ჯავახთ უფლის მონეტები-კომპლექსური ანალიზი / ირაკლი ფაღავა // საისტორიო კრებული : წელიწდეული. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-7285. - [ტ.]1. - გვ.291-343. - შენიშვნ.. - ბიბლიოგრ. გვ.336-340. - ილ. გვ.341-343
წინამორბედი:
თამარი
საქართველოს მეფე
1213 - 1223
შემდეგი:
რუსუდანი